"ნოვიჩოკით" მოწამვლის კიდევ ერთი შემთხვევა - საიდან ვრცელდება საშიში ნივთიერება ბრიტანეთში? | Allnews.Ge

"ნოვიჩოკით" მოწამვლის კიდევ ერთი შემთხვევა - საიდან ვრცელდება საშიში ნივთიერება ბრიტანეთში?

"ნოვიჩოკით" მოწამვლის კიდევ ერთი შემთხვევა გაერთიანებულ სამეფოში. ინგლისის ქალაქ ეიმსბერიში მცხოვრები წყვილი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს. ქალაქი ეიმსბერი სოლსბერიდან 11 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, სადაც რუსეთის დაზვრევის ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია 4 თვის წინ, მიმდინარე წლის 4 მარტს მოწამლეს.

გამოძიება საკუთარ თავზე ბრიტანეთის პოლიციის კონტრტერორისტულმა განყოფილებამ აიღო.

45 წლის ჩარლი როული და 44 წლის დონ სტერჯესი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში შაბათს, 30 ივნისს საკუთარი სახლიდან გადაიყვანეს. თავდაპირველად მედიკოსები ფიქრობდნენ, რომ წყვილს ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ან ჰეროინი ჰქონდა მიღებული.

დაზარალებულებისგან აღებული სინჯებითა და შემდგომი ქიმიური ანალიზით დადგინდა, რომ ისინი ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ არ იყვნენ, არამედ ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით იყვნენ მოწამლულები. ინგლისის მთავარმა ექიმმა, სალი დევისმა განაცხადა, რომ სკრიპალზე თავდასხმის შემდეგ მედიკოსებმა ამ შემთხვევასთან გამკლავების ტექნიკა გამოიმუშავეს.

ინგლისის შინაგან საქმეთა მინისტრმა მედიკოსებს მადლობა გადაუხადა და აქვე აღნიშნა, რომ მისი ფიქრები დაზარალებულებთან არის.

მინისტრის განმარტებით, აღნიშნული ინციდენტი სკრიპალებზე განხორციელებული ბარბაროსული თავდასხმის გაგრძელებაა.

როული და სტერდჯესი ბრიტანეთის მოქალაქეები არიან და ეიმსბერიში ცხოვრობენ. დონ სტერჯესის ოჯახის წევრებმა მომხდარის შესახებ მედიიდან შეიტყვეს და ახლა მასთან ერთად საავადმყოფოში არიან.

ორივე დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. სად მუშაობდნენ დაშავებულები, ამ დრომდე ცნობილი არ არის, თუმცა პოლიციის წარმომადგენელმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მათ ბიოგრაფიაში არ არის არაფერი ისეთი, რაც იმის ფიქრის საშუალებას მისცემდათ, რომ წყვილი რაიმე კავშირშია სპეცსამსახურებთან. პოლიციაში მიიჩნევენ, რომ წყვილი არ შეიძლება იყოს თავდასხმის მსხვერპლი. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ისინი ნერვულ-პალატიკურ ნივთიერებასთან კონტაქტში შემთხვევით შევიდნენ. პოლიციელებმა არ იცინ, რა გზით შეიძლებოდა გავრცელებული "ნოვიჩოკი". წყვილის ერთ-ერთი მეგობრის განმარტებით, როულიმ და სტერჯესმა პარასკევი დღე სოლსბერიში გაატარეს. მეგობარმა განაცხადა, რომ შაბათს ის როულისთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც მას ჭარბოფლიანობა შენიშნა.

სკრიპალების მოწამვლის შემდეგ ხელისუფლებამ სოლსბერიში 9 ადგილი გამოყო, სადაც შეიძლებოდა ნოვიჩოკი გავრცელებულიყო და ამ ადგილების დეზინფექცია დაიწყო, მათ შორის სკრიპალების საცხოვრებელი სახლიც არის. დეზინფექციის მიზნით გარკვეული სამუშაოების ჩატარების შემდეგ ხელისუფლებამ მოსახლეობას განუცხადა, რომ მათ საფრთხე არ ემუქრებოდათ. ახალი თავდასხმის შემდეგ ხელისუფლება კვლავ ცდილობს იმ არეალების დადგენას, სადაც შეიძლება ნოვიჩოკი გავრცელებულიყო, ქალაქ ეიმსბერის გარკვეულ ადგილებში დეზინფექციას ატარებენ.

ლონდონის პოლიციის კონტრტერორისტული განყოფილების უფროსის განმარტებით, მათ ამ დროისთვის არ შეუძლიათ იმის თქმა, რომ აღნიშნული ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებაც იქაა დამზადებული, სადაც ის, რომლითაც სკრიპალების მოწამვლა მოხდა. იმის ალბათობის დადგენა, რომ ეს ორი მოწამვლა ერთმანეთთან არის დაკავშირებული, გამოძიების მთავარი ხაზი იქნება.

"ბიბისი"-ს კორესპოდენტის განმარტებით, ყველაზე ცხადი ვარაუდი არის ის, რომ ეს არის "ნოვიჩოკის" იმ პარტიის ნარჩენები, რომლებითაც სკრიპალები მოწამლეს.

"ნოვიჩოკის" გამომგონებელი ვილ მირზაიანოვი სხვა ვერსიას ემხრობა.

"მე ვფიქრობ, რომ ეს განსხვავებული ინციდენტებია. ეს ნივთიერება არამდგრადია, განსაკუთრებით ნესტიან გარემოში. ნივთიერება ნესტს ვერ უძლებს და 4 თვის განმავლობაში იშლება. სკრიპალის მოწამვლის შემდეგ "ნოვიჩოკის" ის პარტია უკვე დაიშლებოდა, ამიტომ მივიჩნევ, რომ ეს ახალი თავდასხმაა"- განაცხადა ვილ მირზაიანოვმა "ბიბისი"-ს რუსულ სამსახურთან საუბარში.

მირზაიანოვის განმარტებით, სასიკვდილო დოზად ერთ ადამიანზე, სულ რაღაც, 2 მილიგრამი "ნოვიჩოკი შეიძლება ჩაითვალოს" და საკმარისია ის კანზე შეგეხოთ. იმისთვის, რომ თავდამსხმელი ქიმიური ნივთიერებისგან თავად არ დაზიანდეს, ის გარკვეულ ზედაპირზე ტამპონის საშუალებით უნდა გადაიტანოს - ამბობს მირზაიანოვი.

მეცნიერი ბრიტანული ქიმიური ლაბორატორიიდან ნივთიერების გაჟონვას, რომლიც სოლსბერიდან და ემსბერიდან არც ისე შორს მდებარეობს, კატეგორიულად გამორიცხავს. მისი თქმით, ვერ გაჟონავს ნივთიერება იქიდან, სადაც ეს ნივთიერება არც კი იწარმოება. მეცნიერი დარწმუნებულია, რომ "ნოვიჩოკით" განხორციელებული თავდასხმა მაღალპროფესიონალი ადამიანების ნამოქმედარია. მისი თქმით, თავად ტოქსიკური ნივთიერების შექმნა ნახევარი საქმეა, მთავარია ის იარაღად აქციო. მეცნიერის თქმით, მისი იარაღად ქცევა კუსტარულ პირობებში ვერ მოხერხდება და მის კეთებას მოყვარული არ დაიწყებს, რადგან საკუთარ თავსაც მოიკლავს.

4 თვის წინ, 4 მარტს რუსეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია სოლსბერის ცენტრში სკამზე უგონო მდგომარეოაბაში იპოვეს. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ისინი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით იყვნენ მოწამლულები. 8 მარტს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ აღნიშნა, რომ ხელისუფლება ფიქრობდა, რომ ამ თავდასხმის უკან რუსი ჯაშუშები იყვნენ.

რუსეთი სკრიპალების მოწამვლაში თავის თანამონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს.

myquiz