ემუქრება თუ არა საფრთხე შენგენის ზონას - ევროპელი ლიდერები მიგრაციაზე მსჯელობენ | Allnews.Ge

ემუქრება თუ არა საფრთხე შენგენის ზონას - ევროპელი ლიდერები მიგრაციაზე მსჯელობენ

იტალიის ახალი ხელისუფლება დუბლინის შეთანხმებაზე უარის თქმის ინიციატივით გამოდის, რომელიც ევროპაში მიგრანტების მიღების პროცესს არეგულირებს.

თუ იმ მიგრანტებსა და ლტოლვილებთან დაკავშირებულ პრობლემას არ გადავწყვეტთ, რომლებიც ევროპაში ჩამოდიან, ევროკავშირის ფარგლებში არსებული შენგენის ზონა, რომელშიც ქვეყნებს შორის სავიზო რეჟიმის გარეშეა შესაძლებელი გადაადგილება, შესაძლოა, საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს - განაცხადა იტალიის მთავრობის ახალმა მეთაურმა ჯუზეპე კონტემ.

დუბლინის შეთანხმების მიხედვით, თავშესაფრის მინიჭების შესახებ განაცხადი ევროკავშირის იმ პირველივე ქვეყანამ უნდა განიხილოს, სადაც ლტოლვილი ან მიგრანტი პირველად ჩავა.

საიმიგრაციო კრიზისი ევროკავშირის წევრი 16 ქვეყნის ლიდერმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტამდე ცოტა ხნით ადრე არაოფიციალურ შეხვედრაზე განიხილა. ევროკავშირის სამიტი 28-29 ივნისს გაიმართება.

მერკელი არალეგალური მიგრაციის პრობლემაზე ევროკავშირის ქვეყნებთან საგანგებო შეხვედრის გამართვას გეგმავს

აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მომავალმა მიგრანტების ტალღამ ევროპას 2015-2016 წელს გადაურა, ახლა მიგრანტების ნაკადს ძველებური ინტენსივობა აღარ აქვს, თუმცა ევროპის ბევრ ქვეყანაში საიმიგრაციო საკითხი ჯერ კიდევ არ არის მოგვარებული.

იტალია ის ძირითადი ქვეყანაა, რომლის გავლითაც ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან წასული მიგრანტები ევროპაში ხვდებიან. უკანასკნელი საყოველთაო არჩევნების დროს მემარჯვენე პარტია "ჩრდილოეთის ლიგა" ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ მიგრანტებთან დაკავშირებით მკაცრ პოზიციას დაიკავებდა და არალეგალებს დეპორტირების გზით ქვეყნიდან გააძევებდა.

უკანაკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში იტალიამ უკვე მიგრანტებით სავსე ორი ნავის მიღებაზე განაცხადა უარი.

კვირას ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეხვედრაზე ჯუზეპე კონტემ მათ მიგრანტებთან დაკავშირებული პრობლემების ერთობლივი მოგვარებისკენ მოუწოდა და იმ ქვეყნების დასჯის ინიციატივით გამოვიდა, რომლებიც მიგრანტებისა და ლტოლვილების მიღებაზე უარს აცხადებენ.

კონტემ წარმოადგინა დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, იტალიის დახმარების მიზნით, მიგრანტების "დაცვის ცენტრების" შექმნას სხვა ქვეყნებში სთავაზობს.

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში იტალიაში 600 ათასი მიგრანტი ჩავიდა. მხოლოდ 2018 წეlს იტალიაში 14 330, საბერძნეთში -11 763 და ესპანეთში - 9 315 მიგრანტი ჩავიდა.

"ყველა, ვინც ხვდება იტალიაში, ხვდება ევროპაში... შენგენის ზონა საფრთხის წინაშე აღმოჩნდა"- ნათქვამია დოკუმენტში, რომელშიც სხვა ზომების მიღების პარალელურად, დუბლინის შეთანხმების რეფორმირების შესაძლებლობაც არის განხილული.

გასულ კვირას იტალიის ხელისუფლებამ ნავ Aquarius-ს, რომელზეც 630 მიგრანტი იმყოფებოდა, პორტში შესვლის უფლება არ მისცა, რომელიც საბოლოოდ ესპანეთმა მიიღო.

კიდევ ერთი ნავი Lifeline, რომელზეც 230 მიგრანტი იმყოფება, ღია ზღვაში რჩება იმის გამო, რომ მალტა და იტალია მის შეშვებაზე უარს ამბობს.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კვირას ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეხვედრას სათათბირო სხდომა უწოდა და მონაწილეებს არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით საერთო ევროპული მიდგომის პოვნისკენ მოუწოდა: "ყველა აგებს პასუხს ყველაფერზე. სადაც შესაძლებელია, ჩვენს გვსურს, რომ პრობლემის საერთო ევროპული გამოსავალი ვიპოვოთ. სადაც ეს შეუძლებელია, ჩვენ გვსურს, რომ ქვეყნებმა, რომლებიც მზად არიან თანამშრომლობისთვის ერთად განავითარონ მოქმედების გეგმა". - განაცხადა გერმანიის კანლერმა.

ანგელა მერკელის თქმით, ივნისის ბოლოსთვის ჩანიშნულ ევროკავშირის სამიტზე მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის დონეზე სრული კონსესუსის მიღწევა სავარაუდოდ ვერ მოხერხდება.

"იქნება ორმხრივი ან სამმხრივი შეთანხმებები, რომელთა მიზანი ერთმანეთის დახმარება იქნება. ყოველთვის არ არის საჭირო 28 წევრი ქვეყნის თანხმობის ლოდინი, არამედ საჭიროა იმით ხელმძღვანელობა, რაც მნიშვნელოვანია ამა თუ იმ ქვეყნისთვის",- განმარტა მერკელმა.

საიმიგრაციო საკითხთან დაკავშირებით პრობლემები მერკელს ქვეყნის შიგნითაც შეექმნა. გასულ კვირას შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორს ზეეჰოფერმა კანცლერს ულტიმატუმი წაუყენა: თუ მერკელი არ წარადგენს ახალ საერთო ევროპულ შეთანხმებას მიგრანტებთან დაკავშირებით, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო უარს იტყვის ქვეყანაში მიგრანtების შეშვებაზე.

მეტი აღარ შემიძლია ამ ქალთან მუშაობა - გერმანიის შს მინისტრი ანგელა მერკელზე

თავად ზეეჰოფერი გამოდის წინადადებით, არ შეუშვან ქვეყანაში ის მიგრანტები, რომლებიც ევროკავშირის სხვა ქვეყანაში უკვე დარეგისტრირებულები არიან, თუმცა ანგელა მერკელი ამ გეგმას მხარს არ უჭერს.

მომზადებულია BBC-ს მიხედვით

myquiz