რას საქმიანობენ ყოფილი პრეზიდენტები, რომლებმაც ერთ დროს მსოფლიო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს | Allnews.Ge

რას საქმიანობენ ყოფილი პრეზიდენტები, რომლებმაც ერთ დროს მსოფლიო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს

პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ მსოფლიო ლიდერებს, როგორც წესი, მალევე ივიწყებენ ხოლმე. თუმცა, საზოგადოებისთვის მაინც საინტერესოა, რას საქმიანობენ ყოფილი პრეზიდენტები, რომლებსაც ერთ დროს მსოფლიო პოლიტიკის წარმართვაში მნიშვნელოვანი როლი აქვთ შესრულებული.

გთავაზობთ რამდენიმე ექსპრეზიდენტის მაგალითს.

63 წლის ფრანსუა ოლანდს, რომელიც 2012-2017 წლებში საფრანგეთის პრეზიდენტი იყო, სამართლისა და ბიზნესის სპეციალობით პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი აქვს დამთავრებული. საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მან განაცხადა, რომ არ აპირებს მეორე ვადით კენჭისყრას და ახლა Station F-ში - სტარტაპების "ინკუბატორში" მუშაობს და დამწყებ მეწარმეებს რჩევებს აძლევს.

კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტი, თეთრი სახლის ყოფილი ლიდერი ბარაკ ობამა 2017 წელს ბრიტანეთის პრინც ჰარისთან ინტერვიუში აცხადებდა, რომ თეთრი სახლის დატოვების შემდეგ მისი ცხოვრება ძალიან შეიცვალა. ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ ენატრება ძველი სამსახური და სპეციალისტები, რომლებთანაც თეთრ სახლში მუშაობა უწევდა.

2018 წლის 21 მაისს ცნობილი გახდა, რომ ბარაკ ობამა და მისი მეუღლე მიშელი კომპანია Netflix-ში ფილმებისა და სერიალების პროდიუსერებად იმუშავებენ.

დილმა რუსეფს, რომელიც 2011-2016 წლებში ბრაზილიის პრეზიდენტი იყო, 2016 წელს, მეორე ვადით არჩევის შემდეგ ქვეყნის სენატმა იმპიჩმენტი გამოუცხადა. იმპიჩმენტის შემდეგ მას პოლიტიკური უფლებები არ ჩამოერთვა, მიუხედავად იმისა, რომ კანონის თანახმად იმპიჩმენტის შედეგად გადამდგარი პრეზიდენტს 8 წლის მანძილზე პოლიტიკურ უფლებებს კარგავს. ახლა დილმა რუსეფი საკუთარი წინამორბედის, კორუფციისთვის დაკავებული ექსპრეზიდენტის, ლულა და სილვას უფლებების აღსადგენად იბრძვის და ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, მიშელ ტემერის გადადგომას მოითხოვს. რუსეფი დედის სახლში ცხოვრობს, ერთი პირადი მცველის თანხლებით; ადგილობრივ სუპერმარკეტებში სურსათს ყიდულობს და ხშირად სტუმრობს რიო-დე-ჟანეიროს საზოგადოებრივ პლაჟებს.

ირანის ყოფილმა პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა თანამდებობა 2013 წელს დატოვა და განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას და უნივერსიტეტში დაბრუნებას აპირებს. მიუხედავად ამისა, 2017 წლის აპრილში მან საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა, თუმცა ირანის სადამკვირვებლო საბჭომ მისი კანდიდატურა მოხსნა. 2017-2018 წლის მასობრივი საპროტესტო აქციების დროს აჰმადინეჯადი ირანის მოქმედ ხელისუფლებას და ქვეყნის უზენაეს ლიდერს, ალი ხამენეის აკრიტიკებდა.

უკრაინაში 2014 წელს მომხდარი რევოლუციის შემდეგ პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა რუსეთს შეაფარა თავი. მან ქალაქ როსტოვში რამდენიმე პრესკონფერენცია გამართა, რის შემდეგაც საჯარო სივრციდან გაქრა და მისი სახელი მედიაში მხოლოდ უკრაინაში აღძრული სისხლის სამართლის საქმეების მიმართებაში ფიგურირებდა. იანუკოვიჩს ბრალი რამდენიმე საქმეზე, მათ შორის სახელმწიფო ღალატის საქმეზე აქვს წაყენებული. მისი ადგილმდებარეობა უცნობია, თუმცა მედიის ინფორმაციით, ის მოსკოვის ოლქის ქალაქ ოდინცოვოში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კუთვნილებაში მყოფ სახელმწიფო აგარაკზე ცხოვრობს, სადაც მისი მეზობლები ცნობილი მოდელიერი ვალენტინ იუდაშკინი, მწერალი იულია ლატინინა და რუსეთის პატრიარქი კირილე არიან.

myquiz