აფრიკაში ათასწლოვანი ბაობაბის ხეები მოულოდნელად გახმა | Allnews.Ge

აფრიკაში ათასწლოვანი ბაობაბის ხეები მოულოდნელად გახმა

აფრიკაში რამდენიმე გიგანტური ბაობაბი მოულოდნელად გახმა. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ხეები, რომელთა ასაკიც 1 100 და 2 500 წელს ითვლის, შესაძლოა, კლიმატის ცვლილების გამო გახმა.

"13 უძველესი ხიდან 9 გახმა. უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში ამ ხეების ყველაზე ძველი ტოტები იშლებოდა და ხმებოდა. შოკისმომგვრელი და ძალიან დრამატულია ის ფაქტი, რომ ამდენი ათასწლოვანი ხის გახმობას ვაკვირდებით", - განმარტეს რუმინეთის უნივერსიტეტის მკვლევარებმა.

გამხმარი 9 ხიდან 4 უძველესი აფრიკული ბაობაბი იყო. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ბაობაბების გახმობა, შესაძლოა სამხრეთ აფრიკაში კლიმატის ცვლილებებს უკავშირდებოდეს, სწორედ ამიტომ, მათი თქმით, მომავალში ამ კუთხით უფრო სიღრმისეული კვლევაა საჭირო.

2015-2017 წლებში, მკვლევარებმა გამოიკვლიეს და შეისწავლეს ყველა "პოტენციურად ასაკიანი" აფრიკული ბაობაბის ხე, რომელთა რიცხვიც 60-მდეა. მათ შეაგროვეს მონაცემები ამ ხეების ზრდის, სიმაღლის, გარშემოწერილობის და ასაკის შესახებ. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ყველაზე ძველი ხეები შესწავლის პერიოდში გახმა. ისინი სამხრეთ აფრიკის შემდეგ ქვეყნებში, ზიმბაბვეში, ნამიბიაში, ბოტსვანასა და ზამბიაში იზრდებოდნენ.

როგორც აღნიშნული მკვლევარები განმარტავენ, ბაობაბი ყველაზე დიდი ხეა, რომელიც ყველაზე დიდხანს ცოცხლობს. ის ცოტა უცნაური და განსხვავებული შესახედაობისაა, რომლის ტოტებიც ერთმანეთში არიან გადახლართულები და ცისკენ მიიწევენ.

ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთის ერთ-ერთი მკვიდრისგან ბაობაბის ხე 45 000 დოლარად იყიდა

გამოცემა Guardian-ის ინფორმაციით, ბაობაბს შეუძლია, 3 000 წელი იცოცხლოს. ეს ხე არის წყლის შესანახი დიდი რეზერვუარი, რომელსაც ადამიანებისა და ცხოველების საკუთარი ხილით გამოკვებაც შეუძლია. მის ფოთლებს ისპანახის მსგავსად ხარშავენ და მიირთმევენ. ასევე აღნიშნული ფოთლები გამოიყენება ტრადიციული მედიკამენტების, ტანსაცმლის ან წყალგამძლე ქუდების დასამზადებლად.

მკვლევარების შესწავლის მიზანი იყო ასევე იმის გარკვევა, ბაობაბები ასეთი გიგანტურები რატომ იზრდებიან. ხეების ასაკის დასადგენად მკვლევარებმა გამოიყენეს ნახშირბადის რაოდენობის დადგენის მეთოდი, რისთვისაც თითოეული ხის სხვადასხვა ნაწილებიდან ნიმუშები აიღეს. აღმოაჩინეს, რომ ბაობაბის ღერო იზრდება არა ერთი, არამედ, რამდენიმე ფესვთა სისტემიდან.

"ბაობაბი შეიძლება დამწვარი იყოს, ან ქერქი ჰქონდეს აცლილი, მაგრამ ხე უბრალოდ ახალ ქერქს ამოიყრის და აგრძელებს ზრდას. როდესაც ბაობაბი ხმება, ის უბრალოდ შიგნიდან ლპება, უეცრად ემხობა" - განმარტავენ მკვლევარები.

myquiz