დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ისტორიული შეხვედრის ჩასატარებლად ადგილი უკვე შერჩეულია | Allnews.Ge

დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ისტორიული შეხვედრის ჩასატარებლად ადგილი უკვე შერჩეულია

დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ისტორიული შეხვედრის ჩასატარებლად ადგილი უკვე შერჩეულია. ორი ქვეყნის ლიდერი მოლაპარაკებას სინგაპურის კუნძულ სენტოსაზე მდებარე მდიდრულ სასტუმროს კომპლექსში გამართავს. აღნიშნული ინფორმაცია თეთრმა სახლმა დაადასტურა.

თეთრი სახლის პრეს-მდივანმა, სარა სანდერსმა, "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ სამიტი 5-ვარსკვლავიან სასტუმროში "კაპელა" გაიმართება. როგორც ჩანს, დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი სხვადასხვა ადგილას აპირებენ ცხოვრებას. სინგაპურის გამოცემის Straits Times-ის ინფორმაციით, თეთრი სახლის ლიდერი, სავარაუდოდ, სასტუმროში "შანგრი-ლა" გაჩერდება, რომელსაც აქამდეც არაერთხელ მიუღია ამერიკის პრეზიდენტები, კიმ ჩენ ინი კი სასტუმროში "სენტ რეჯის სინგაპურ" იცხოვრებს.

12 ივნისისთვის კიმ ჩენ ინთან დაგეგმილი შეხვედრა დონალდ ტრამპმა ორი კვირის წინ გააუქმა, თუმცა მოგვიანებით ორ მხარეს შორის შემდგარი კომუნიკაციის შედეგად, ვითარების გადარჩენა მოხერხდა.

სამშაბათს თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ პროცესები გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს.

სენტოზა ერთ-ერთია იმ 63 კუნძულს შორის, რომელიც სინგაპურის შემადგენლობაში შედის. მისი ფართობი 500 ჰექტარია. ახლა აქ საკურორტო რეზიდენციები, კერძო იახტების მისადგომი და გოლფის მოედნებია განთავსებული.

ამ კუნძულზე ფხენიანმა და ვაშინგტონმა ყურადღება, როგორც ჩანს, მხოლოდ მისი მდიდრული ინფრასტრუქტურისა და ლამაზი ლანდშაფტის გამო არ შეაჩერა.

კუნძლუკლი საკმაოდ ახლოს მდებარეობს ხმელეთთან, თუმცა ამავდროულად, კარგად იზოლირებულია იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი და საკუთარი უსაფრთხოებით ზედმეტად დაინტერესებული სტუმრები მიიღოს.

კუნძულის ჩაკეტვა ძალიან მარტივია. ამისთვის საჭირო იქნება ერთი საბაგირო გზის, ერთი საავტომობილო გვირაბისა და ერთი საფეხმავლო გადასასვლელის გადაკეტვა.

myquiz