მაიკ პომპეო - აშშ მოუთმენლად ელის ერთ დღეს საქართველოს მიღებას ნატოს რიგებში | Allnews.Ge

მაიკ პომპეო - აშშ მოუთმენლად ელის ერთ დღეს საქართველოს მიღებას ნატოს რიგებში

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მტკიცედ უჭერს მხარს ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილებას.

როგორც პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის ერთ დღეს საქართველოს მიღებას ნატოს რიგებში.

"ჩვენი გადაწყვეტილება ურყევია. პრეზიდენტი ტრამპი მტკიცედ უჭერს მხარს ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილებას და ამერიკის შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის ერთ დღეს საქართველოს მიღებას ნატოს რიგებში. ჩვენს დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილავთ ყველა იმ ასპექტს, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს ეროვნულ უსაფრთხოებას, დინამიკურ ეკონომიკას და დემოკრატიას", - განაცხადა პომპეომ.

მისივე თქმით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საერთო ინტერსების დაცვის საქმეში ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო ეყრდნობიან ძლიერ, მოქმედებისთვის მზად მყოფ და თავდაცვისუნარიან პარტნიორებს.

"საქართველო სწორედ ასეთი პარტნიორია, რომელმაც საქმით დაამტკიცა თავისი მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში და დაიცვას დასავლური ღირებულებები. საქართველო არის ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა შორის ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ავღანეთის მისიაში. ისინი თავდაუზოგავად ასრულებელ ამ მოვალეობას. 32-მა ქართველმა მებრძოლმა თავი შესწირა იქ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეს.

ამერიკის შეერთებული შტატები პატივს მიაგებს საქართველოს მსხვერპლს და ჩვენ უდიდეს მადლობას მოგახსენებთ საქართველოს სიმტკიცისთვის ამ მნიშვნელოვან ერთობლივ მისიაში. ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო განაგრძობენ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის თანამშრომლობას გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლაში, საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტი მებრძოლების შემოჭრის და სახიფათო ბირთვული მასალების კონტრაბანდის აღკვეთის საქმეში. 2016 და 2017 წლებში საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებში ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ევროატლანტიკური არჩევანი, მომავალში საქართველოს ნატოში გაწევრიანების ჩათვლით", - განაცხადა პომპეომ.

myquiz