ბარაქ ობამა ირანთან დაკავშირებით ტრამპის გადაწყვეტილებას ეხმაურება | Allnews.Ge

ბარაქ ობამა ირანთან დაკავშირებით ტრამპის გადაწყვეტილებას ეხმაურება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილება გამოვიდეს ირანის ბირთვული შეთანხმებიდან და დაიწყოს სანქციების აღდგენის პროცესი, მცდარია, - განაცხადა აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ.

"იმ პირობებში, როცა ჩრდილოეთ კორეის პრობლემის მოგვარებისთვის ფსონს დიპლომატიაზე ვაკეთებთ, ერთობლივ ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმაზე (JCPOA) უარის თქმა საფრთხეს უქმნის შეთანხმებას, რამაც უზრუნველყო ირანთან იმ შედეგების მიღწევა, რასაც ჩრდილოეთ კორეასთან ვცდილობთ. JCPOA-ზე უარის თქმა ნიშნავს, რომ ამერიკამ ზურგი აქცია თავის მოკავშირეებს და შორდება შეთანხმებას, რომელიც მოწინავე ამერიკელმა დიპლომატებმა, მეცნიერებმა და დაზვერვის სფეროში პროფესიონალებმა შეიმუშავეს", - აღნიშნა ობამამ.

განცხადებაში ობამამ ხაზი გაუსვა, რომ ეს არის შეიარაღების სფეროში მრავალმხრივი შეთანხმება, რომელსაც გაეროს უშიშროების საბჭომ დაუჭირა მხარი, შეთანხმების შედეგად კი, ირანმა მოახდინა ბირთვული რეაქტორისა და ურანის ცენტრიფუგების ორი მესამედის დემონტაჟი, ასევე მოიშორა გამდიდრებული ურანის 97%.

"JCPOA-მ დააწესა მკაცრი შეზღუდვები ირანის ბირთვულ პროგრამაზე და შედეგების მიღწევა უზრუნველყო. სერიოზულ შეცდომად მიმაჩნია JCPOA-ს საფრთხის ქვეშ დაყენება, მითუმეტეს, რომ ირანს შეთანხმება არ დაურღვევია. შეთანხმებაზე უარის თქმის შემთხვევაში აშშ შეიძლება აღმოჩნდეს ცუდი არჩევნის წინაშე: ირანმა შეიძლება ბირთვული იარაღი მიიღოს და ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთი ახალი ომი დაიწყოს", - განაცხადა ობამამ.

შეგახსენებთ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებიდან აშშ-ს გასვლის თაობაზე განცხადება გააკეთა. აღნიშნულის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში გამართული მიმართვისას ისაუბრა.

ამასთან ერთად აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანს ყველაზე მაღალი დონის ეკონომიკური სანქციები დაუწესდება, რომელიც 2015 წლის შეთანხმების ფარგლებში გაუქმდა.

"ირანის რეჟიმი ტერორიზმის წამყვანი სპონსორია. ირანის რეჟიმი სახიფათო რაკეტების ექსპორტს ახდენს და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტებს ამწვავებს. ის მხარს უჭერს ტერორისტულ ორგანიზაციებს. ირანის რეჟიმი აფინანსებს ქაოსსა და ტერორს. თუმცა, ირანის რეჟიმის არც ერთი ქმედება არ ყოფილა ისე სახიფათო, როგორც მათი ბირთვული იარაღის მოპოვებისკენ მისწრაფება", - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ე.წ. ირანის შეთანხმებას უნდა დაეცვა აშშ და მისი მოკავშირეები, ირანმა კი, ამის მიუხედავად ურანის გამდიდრება განაგრძო. "ეს იყო ცალმხრივი შეთანხმება, რომელიც არასოდეს უნდა ყოფილიყო დადებული. ამ შეთანხმებას არ მოუტანია მშვიდობა და არც მოიტანს", - აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული შეთანხმება იმდენად ცუდად იყო შედგენილი, რომ თუნდაც ირანმა ის რომ დაიცვას, მაინც მოიპოვებს ბირთვულ იარაღს. მან მოუწოდა თავის ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ შეუდგნენ ირანზე სანქციების დაწესებას. სანქციები შეეხება ენერგეტიკისა და ფინანსურ სექტორს.

myquiz