NBC - დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა, შესაძლოა, შვეიცარიაში გაიმართოს | Allnews.Ge

NBC - დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა, შესაძლოა, შვეიცარიაში გაიმართოს

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის შეხვედრა, შესაძლოა, შვეიცარიაში გაიმართოს. ამის შესახებ ამერიკული ტელეარხი NBC საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

ტელეარხის ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება შეხვედრის ადგილზე ჯერ მიღებული არ არის. შვეიცარიის გარდა შეხვედრის ადგილად ასევე განიხილებოდა პეკინი, ფხენიანი და ულან-ბატორი, თუმცა ეს ვარიანტები უარყოფილი იყო.

როგორც წყარო იუწყება, დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის შეხვედრის შვეიცარიაში ჩატარების იდეას ამერიკის ხელისუფლება უჭერს მხარს.

გუშინ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ აშშ-ს დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი და სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი მაიკ პომპეო ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს შეხვდა.

"გასულ კვირას მაიკ პომპეო ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩენ ინს შეხვდა. შეხვედრამ კარგად ჩაიარა და კარგი ურთიერთობაც ჩამოყალიბდა. სამიტის დეტალები ახლა დამუშავების სტადიაზეა. დენუკლეარიზაცია კარგი იქნება არა მხოლოდ მსოფლიოსთვის, არამედ ჩრდილოეთ კორეისთვისაც!" - დაწერა დონალდ ტრამპმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.

myquiz