რა ხდება ერევანში? - აქცია "დაბლოკე ქუჩები" გრძელდება | Allnews.Ge

რა ხდება ერევანში? - აქცია "დაბლოკე ქუჩები" გრძელდება

სომხეთში, საპროტესტო მოძრაობის ლიდერმა, პარლამენტის წევრმა ნიკოლ პაშინიანმა მომხრეებს, რომლებიც სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრობას ეწინააღმდეგებიან, დღეს პარლამენტის შენობის ყველა მისასვლელის ბლოკირებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, აქცია, სახელწოდებით "დაბლოკე ქუჩები" სამშაბათს უფრო მასშტაბურად უნდა გაიმართოს.

გუშინ კი, ერევანში გამართულ საპროტესტო აქციაზე მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას, 46 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 სამართალდამცველია.  ცნობილი გახდა, რომ დაშავებულთა ნაწილი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ საავადმყოფოდან გაწერეს. მათ ძირითადად ქვედა კიდურებზე მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ. ერთ-ერთ პოლიციელს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საავადმყოფოში ამ დრომდე 31 ადამიანი რჩება.

სომხეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციები 13 აპრილიდან დაიწყო. მოქალაქეები ქვეყნის პრემიერის პოსტზე ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის არჩევას ეწინააღმდეგებიან. მისი კანდიდატურა მმართველი "რესპუბლიკური პარტიის" და მისი კოალიციური პარტნიორის, "დაშნაკ ცუტუნის" საპარლამენტო ფრაქციებმა წარადგინეს. საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრა 17 აპრილს ჩატარდება.

ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილემ ვალერი ოსიპიანმა მომიტინგეთა ლიდერს ნიკოლ ფაშინიანს მასობრივი შეკრების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება გადასცა.

"უნდა გაგაფრთხილოთ, რომ გუშინდელი მოვლენების გათვალისწინებით, მიღებულია გადაწყვეტილება შეკრების შეწყვეტის შესახებ", - განაცხადა ოსიპიანმა და ფაშინიანს წერილობითი დოკუმენტი გადასცა. ფაშინიანმა აღნიშნული დოკუმენტი ჟურნალისტების თვალწინ დახია.

myquiz