რას უნდა ელოდოს აშშ-ი რუსეთისგან სანქციების საპასუხოდ? | Allnews.Ge

რას უნდა ელოდოს აშშ-ი რუსეთისგან სანქციების საპასუხოდ?

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციების კიდევ ერთი რაუნდი დააწეესა, რამაც არა მხოლოდ კონკრეტული კომპანიები და ოლიგარქები დააზარალა, არამედ საფონდო ბირჟების ჩამოშლა და რუბლის გაუფასურებაც გამოიწვია. ოფიციალურმა მოსკოვმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის ამ გადაწყვეტილებას უპასუხოდ არ დატოვებს, პასუხი კი მკაცრი და ეფექტური იქნება. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება საპასუხო ქმედებების უფლებას იტოვებს, რომელიც თავის თავში მოქმედი სავაჭრო შეთანხმებებისა და პროცედურების გადახედვას გულისხმობს". მოგვიანებით ქვეყნის მთავრობის მეთაურმა მინისტრებს ეფექტური საპასუხო ზომების შემუშავება სთხოვა.

საინტერესოა რა გზით შეეცდება რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატების დაზარალებას.

Allnews.ge BBC-ზე დაყრდნობით ანალიტიკოსების ვერსიებს გთავაზობთ.

საერთაშორისო ვაჭრობის კვლევის ცენტრის РАНХиГС-ის დირექტორის ალექსანდ კნობელის განმარტებით, რუსეთსა და ამერიკას ექსკლუზიური სავაჭრო შეთანხმება არ აქვთ, თუმცა ორივე მათგანი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია. შესაბამისად, ამ ორგანიზაციის წესებიდან გამომდინარე, ერთმანეთს ბაზარზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობა უნდა მისცენ. ექსპერტი მიიჩნევს, რომ როდესაც კრემლში საუბრობენ იმაზე, რომ არსებულ სავაჭრო შეთანხმებებს გადახედავენ, სავარაუდოდ, გულისხმობენ, რომ ამ რეჟიმში გარკვეულ გამონაკლისებს დააწესებენ ანუ გარკვეული პროდუქციის აშშ-დან იმპორტი აიკრძალება. თუმცა სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ვაშინგტონის ცენტრის ექსპერტების თქმით, რუსეთისა და აშშ-ის ეკონომიკური ურთიერთქმედება იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რომ ის პოლიტიკოსებმა მხედველობაში მიიღონ.

რითი ვაჭრობენ ამერიკა და რუსეთი?

აშშ-ის სტატისტიკური სამსახურის მონაცემების თანახმად, 2017 წელს რუსეთმა ამერიკაში ექსპორტზე 17 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაიტანა, რაც რუსეთის ექსპორტის 4,7%-ს შეადგენს, ამერიკამ კი რუსეთში 7 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაიტანა ექსპორტზე, რაც მისი ექსპორტის მხოლოდ 0,2%-ს შეადგენს. ორი ქვეყნის სავაჭრო ბრუნვამ 24 მილიარდი დოლარი შეადგინა, ეს 26-ჯერ ნაკლებია, ვიდრე აშშ-ის სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან, სამჯერ ნაკლებია, ვიდრე სავაჭრო ბრუნვა ინდოეთთან და 2,7-ჯერ ნაკლებია ვიდრე აშშ-ის სავაჭრო ბრუნვა ბრაზილიასთან.

რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო ბრუნვამ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს 2011 წელს მიაღწია და 34 მილიარდი დოლარი შეადგინა. რუსეთს აშშ-ში ექსპორტზე ძირითადად ნავთობი, მეტალი, ბირთვული საწვავი, მინერალები და თევზი გააქვს. სწორედ ამ პროდუქციაზე მოდის აშშ-ში რუსეთის ექსპორტის 90%. რუსეთში აშშ-ის ექსპორტის დიდი წილი კი კორპორაცია Boeing-ზე მოდის, ეს არის თვითმფრინავები, საავიაციო ძრავები. გარდა ამისა, აშშ-ს რუსეთში მანქანათმშენებლობისთvის აუცილებელი მასალა ჩააქვს. სანქციების დაწესებამდე შტატები ნავთობმომპოვებელი აღჭურვiლობის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელიც იყო.

დაკარგული მილიარდები, გაუფასურებული რუბლი და ჩამოშლილი ბირჟა - რა ხდება რუსეთში აშშ-ის სანქციების შემდეგ?

რუსი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საპასუხო ზომების მიღების შემთხვევაში ხელისუფლება, პირველ რიგში, ამერიკის შვილობილ კომპანიებს დაარტყამს და შესაძლოა, ახალი დამატებითი გადასახადებიც დაუწესოს. ანალიტიკოსების თქმით, კრემლი მიზანში ამერიკულ ინვესტიციებს ამოიღებს, თუმცა ეს ფუნდამენტურად დააზარალებს რუსეთსაც, უფრო სწორად, რუს თანამშრომლებს, რომლებიც ამ კომპანიებში მუშაობენ. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს მიზანშეწონილი ნაბიჯი არ იქნება, რადგან ბიზნესს რუსეთში ტექნოლოგიები და ინვესტიcიები შეაქვს.

როგორია პასუხი, რომელსაც რუსეთი აშშ-ს ვერ გასცემს

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ვაშინგტონის ცენტრის ექსპერტების თქმით, აშშ-ში რუსეთის ექსპორტის დიდი წილი ნავთობპროდუქტებზე მოდის. მიწოდება, შესაძლოა, მოცემულ მომენტში შემცირდეს, თუმცა არა მოსკოვის გადაწყვეტილების გამო: კვლევების ვაშინგტონის ცენტრში დარწმუნებულები არიან, რომ აშშ-ში რუსული ნავთობის გარეშეც გაძლებენ, რადგან იქ საკუთარი ნავთობის მოპოვება სულ უფრო აქტიურად ხდება.

აშშ-ში რუსეთის ექსპორტის დიდი წილი მოდის მეტალზეც, მეტალის რუს მწარმოებლებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, რათა ამერიკულ ბაზარზე თავისი ადგილი მოეპოვებინათ და კვლევით ცენტრში ეჭვობენ, რომ მათ ეს ადგილი ასე მარტივად მხოლოდ იმის გამო დათმონ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დასაჯონ.

უფრო მეტიც, ამერიკაში ცდილობენ მეტალის მოპოვება აღზევების ფაზაში შეიყვანონ, განსაკუთრებით ალუმინის, სწორედ ალუმინის ქვეყანაში შეტანისას ხელისუფლებამ დამატებითი გადასახადები დააწესა, რათა საკუთარ პროდუქციას კონკურენციის პირობები გაუუჯობესოს. ამიტომ, როგორც ჩანს, როგორც ნავთობის ასევე მეტალის შემთხვევაში რუსეთის მიერ ექსპორტის შემცირება ამერიკას უფრო მეტად აძლევს ხელს ვიდრე აზარალებს.

myquiz