ქვეყნები, რომლებსაც ქალები მართავენ | Allnews.Ge

ქვეყნები, რომლებსაც ქალები მართავენ

Allnews.ge გთავაზობთ ქვეყნებს, რომელთა მთავრობის სათავეში ქალები არიან. მათ შორის ევროპული ქვეყნების გარდა, არის პერუ, ბანგლადეში და მიანმარიც.

გთავაზობთ ქალი ლიდერების მოკლე ბიოგრაფიას:

ანგელა დოროთეა მერკელი

ქვეყანა: გერმანია

პროფესია: ფიზიკოსი

ასაკი: 63 წელი

ანგელა მერკელის "ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა" 2017 წლის საპარლამენტო არჩევნები მოიგო და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ 2018 წლის 14 მარტს გერმანიის ახალ, კოალიციურ მთავრობას სათავეში ისევ ანგელა მერკელი ჩაუდგა. იგი კანცლერის პოსტს 2005 წლიდან იკავებს.

ტერეზა მერი მეი

ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი

პროფესია: გეოგრაფი

ასაკი: 61 წელი

მას შემდეგ რაც 2016 წლის 23 ივნისს რეფერენდუმზე დიდი ბრიტანეთის მოსახლეობამ "ბრექსიტს" დაუჭირა მხარი, პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი თანამდებობიდან გადადგა და ამავე წლის 13 ივლისს დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეთ II-მ ტერეზა მეის ახალი მთავრობის ჩამოყალიბება შესთავაზა.

ერნა სულბერგი

ქვეყანა: ნორვეგია

პროფესია: სოციოლოგი და პოლიტოლოგი

ასაკი: 57 წელი

2013 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოთხი მემარჯვენე პარტიისგან შემდგარმა ალიანსმა ადგილების უმრავლესობა მოიპოვა. ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იენს სტოლტენბერგი თანამდებობიდან გადადგა და 16 ოქტომბერს ის ერნა სულბერგმა ჩაანაცვლა.

ანა ბრნაბიჩი

ქვეყანა: სერბეთი

პროფესია: ბიზნეს-ადმინისტრატორი

ასაკი: 42 წელი

2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვების შემდეგ იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ვუჩიჩმა ანა ბრნაბიჩს, რომელიც მაშინ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სამინისტროს ხელმძღვანელობდა, მისი თანამდებობის დაკავება შესთავაზა. 2017 წლის 15 ივნისს ანა ბრნაბიჩი სერბეთის მთავრობის მეთაური გახდა.

კატრინ იაკობსდოტირი

ქვეყანა: ისლანდია

პროფესია: ფილოლოგი

ასაკი: 42 წელი

2017 წლის საპარლამენტო არჩევნებზე "მემარცხენეთა და მწვანეების მოძრაობამ", რომელსაც იაკობს დოტირი ხელმძღვანელობდა, გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო, თუმცა 2017 წლის 2 ნოემბერს პრეზიდენტმა მთავრობის ჩამოყალიბების მანდატი სწორედ მას დააკისრა.

მემარცხენე-ცენტრისტული კოალიციის ფორმირების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ იაკობსდოტირს მოუწია პოლიტიკურ ოპონენტებთან ალიანსის ფორმირება და მთავრობაში მემარჯვენე პარტიების წარმომადგენლების შეყვანა. 2017 წლის 30 ნოემბერს კატრინ იაკობსდოტირი ისლანდიის პრემიერ-მინისტრი გახდა.

მერსედეს როსალბა არაოს ფერნანდესი

ქვეყანა: პერუ

პროფესია: ეკონომისტი

ასაკი: 56 წელი

2017 წლის 15 სექტემბერს პერუს პარლამენტმა, რომელშიც ადგილების აბსოლუტური უმრავლესობა ოპოზიციურ პარტია "სახალხო ძალას" ეკუთვნის, მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. 17 სექტემბერს პერუს პრეზიდენტმა პედრო პაბლო კუჩინსკიმ მთავრობის ახალი შემადგენლობის მეთაურად მეორე ვიცე-პრეზიდენტი მერსედეს არაოსი დანიშნა.

ჯასინდა კეიტ ლორელ ანდერნი

ქვეყანა: ახალი ზელანდია

პროფესია: პოლიტოლოგი და პიარ-სპეციალისტი

ასაკი: 37 წელი

ჯასინდა არდერნმა პოლიტიკური კარიერა ტონი ბლერის მრჩეველის რანგში დაიწყო, შემდეგ კი კარიერა ახალი ზელანდიის ლეიბორისტულ პარტიაში გაიკეთა, სადაც პარტიის თავმჯდომარის პოსტამდე მიაღწია. 2017 წლის არჩევნების შემდეგ მეორე ადგილზე გასულმა ლეიბორისტული პარტია კოალიცია შექმნა მესამე ადგილზე გასულ პარტიასთან "ახალი ზელანდია უპირველეს ყოვლისა" და ჯასინდა არდერნი პრემიერ-მინისტრი გახდა.

სახელი: საარა კუუგონგელვა

ქვეყანა: ნამიბია

პროფესია: ფინანსისტი და ეკონომისტი

ასაკი: 50 წელი

2014 წლის მიწურულს ნამიბიის პრეზიდენტი ხაგე გეინგობი ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს, მთავრობის ჩამოყალიბება კი მან საარა კუუგონგელვას სთხოვა, რომელიც მანამდე ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებდა. 2015 წლის 21 მარტს პარლამენტმა კუუგონგელვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცა.

შეიხ ჰასინა ვაზედი

ქვეყანა: ბანგლადეში

პროფესია: იურისტი

ასაკი: 70 წელი

შეიხ ჰასინა ვაზედი დამოუკიდებელი ბანგლადეშის პირველი პრეზიდენტის შეიხ მუჯიბურ რაჰმანის ქალიშვილია. ის პრემიერ-მინისტრის პოსტს 1996-2001 წლებშიც იკავებდა. 2007 წელს ის დააკავეს, თუმცა, 2008 წელს აშშ-ში ემიგრირების საშუალება მისცეს. 2008 წლის არჩევნებზე ჰასინა ვაზედი ბანგლადეშში დაბრუნდა და "დიდი ალიანსის" შემადგენლობაში მისმა პარტიამ 2008 წლის 29 დეკემბერის არჩევნები მოიგო. ჰასინა ვაზედი პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2009 წლის იანვარში დაამტკიცეს. 2014 წელს მოგებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ის თანამდებობაზე კიდევ 5-წლიანი ვადით დარჩა.

აუნ სან სუ ჭი

ქვეყანა: მიანმარი

პროფესია: პოლიტოლოგი და ეკონომისტი

ასაკი: 72 წელი

2015 წლის 8 ნოემბერს მიანმარში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე "დემოკრატიის ეროვნულმა ლიგამ", რომელსაც აუნ სან სუ ჭი ხელმძღვანელობს, პარლამენტის ორივე პალატაში ადგილების უმრავლესობა მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ "დემოკრატიის ეროვნულ ლიგას" მთავრობის და პრეზიდენტის დანიშვნა შეეძლო, აუნ სან სუ ჭიპრეზიდენტის თანამდებობას ვერ დაიკავებდა, ვინაიდან მისი მეუღლე ბრიტანელია, ზრდასრული შვილები კი უცხო ქვეყნების მოქალაქეები არიან. 2016 წლის 6 აპრილს აუნ სან სუ ჭი დაინიშნა მიანმარის სახელმწიფო მრჩევლად, რაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობას შეესაბამება.

myquiz