მალალა თავდასხმის შემდეგ პირველად ჩავა პაკისტანში | Allnews.Ge

მალალა თავდასხმის შემდეგ პირველად ჩავა პაკისტანში

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მფლობელი და ადამიანის უფლებების აქტივისტი მალალა იუსუფზაი თავდასხმის შემდეგ პირველად პაკისტანში ბრუნდება.

მალალა იუსუფზაის 2012 წელს თალიბანის მებრძოლმა ცეცხსასროლი იარაღიდან თავში ესროლა, ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ მალალა ქალებისთვის განათლების მიღების უფლების მიცემისთვის აქტიურ კამპანიას აწარმოებდა.

მოსალოდნელია, რომ ახალგაზრდა აქტივისტი შეხვედრას პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შაჰიდ ჰაკან აბასთან გამართავს. მოგზაურობის დეტალები ვითარების სენსიტიურობიდან გამომდინარე გასაიდუმლოებულია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პაკისტანში მალალას ვიზიტი 4-დღიანი იქნება და მასთან ერთად მალალას ფონდის წარმომადგენლებიც იქნებიან.

ცნობილი არ არის მოინახულებს თუ არა მალალა მისი ოჯახის მშობლიურ ქალაქ სვატს, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.
მალალამ, რომელიც ამჟამად მშობლებთან ერთად გაერთიანებულ სამეფოში ბირმინგემში ცხოვრობს, პაკისტანში ჩასვლის სურვილი არაერთხელ გამოთქვა, აღწერდა რა თავის მშობლიურ ქალაქ სვატს, როგორც დედამიწაზე არსებულ სამოთხეს.

"ჩემს ქვეყანაში მხარდაჭერა მოვიპოვე, იქ გარკვეულ სამუშაოს ახლაც ვაწარმოებ, მაგრამ მინდა რომ ჩემს მიწას შევეხო"- განაცხადა მალალამ.

პაკისტანი რელიგიურად კონსერვატული ქვეყანაა. ამიტომ გასული წლის მიწურულს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა ფოტომ, სადაც მალალა ოქსფორდში დასავლური ქვეყნებისთვის ჩვეულ ტანისამოსში, ჯინსებსა და ქუსლიან ჩექმებშია გამოწყობილი, პაკისტანში უარყოფითი შეფასება მიიღო.

myquiz