ბენიამინ ნეთანიაჰუ - რეჯეფ თაიფ ერდოღანი არ არის ის ადამიანი, რომელიც ჩვენ ჭკუას უნდა გვასწავლიდეს | Allnews.Ge

ბენიამინ ნეთანიაჰუ - რეჯეფ თაიფ ერდოღანი არ არის ის ადამიანი, რომელიც ჩვენ ჭკუას უნდა გვასწავლიდეს

საფრანგეთში ვიზიტით მყოფმა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისგან ჭკუის სწავლებას არ მიიღებს.

მისი თქმით, თურქეთის პრეზიდენტი მხარს უჭერს პალესტინურ ტერორისტულ დაჯგუფებებს უდანაშაულო ხალხის მკვლელობაში.

"არ ვარ მიჩვეული იმას, რომ მორალის შესახებ ჭკუას მასწავლიდეს ლიდერი, რომელიც ქურთული სოფლების მოსახლეობას ბომბავს მშობლიურ თურქეთში, აპატიმრებს ჟურნალისტებს, ირანს ეხმარება თავი აარიდოს საერთაშორისო სანქციებს, ტერორისტებს ეხმარება, მათ შორის ღაზაში, უდანაშაულო ხალხის მკვლელობაში. ეს არ არის ის ადამიანი, რომელიც ჩვენ ჭკუას უნდა გვასწავლიდეს", - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ყველა საშუალებას გამოიყენებს, რათა შეეწინააღმდეგოს აშშ-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების თაობაზე.

"პალესტინა უდანაშაულო მსხვერპლია. რაც შეეხება ისრაელს, ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა", - განაცხადა ერდოღანმა.

myquiz