ესპანეთის სენატმა კატალონიას ავტონომიის სტატუსი შეუჩერა | Allnews.Ge

ესპანეთის სენატმა კატალონიას ავტონომიის სტატუსი შეუჩერა

კატალონიის პარლამენტის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების პარალელურად, ესპანეთის სენატმა კატალონიას ავტონომიის სტატუსი დროებით შეუჩერა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

როგორც ცნობილი გახდა, ესპანეთის სენატმა კონსტიტუციის 155-ე მუხლი აამოქმედა, რომელიც კატალონიის რეგიონის ლიდერის და პარლამენტის დათხოვნას გულისხმობს. ასევე, 6 თვის განმავლობაში დაინიშნება ვადამდელი არჩევნები. ოფიციალური მადრიდის დაქვემდებარებაში გადავა სამართალდამცავი უწყება, ხაზინა და სახელმწიფო მედია. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის 155-ე მუხლი სენატის ისტორიაში პირველად ამოქმედდა.

კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას გამოხმაურებები მოჰყვა, როგორც ევროკავშირიდან, ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ "ევროკავშირისთვის არაფერი იცვლება".

"ევროკავშირისთვის არაფერი იცვლება. ესპანეთი ჩვენს ერთადერთ პარტნიორად რჩება", - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ "არავინ აღიარებს კატალონიის დამოუკიდებლობას".

გერმანია ევროკავშირის პირველი წევრი ქვეყანა იყო, რომელმაც ოფიციალურად განაცხადა, რომ კატალონიის დამოუკიდებლობას არ აღიარებს.

"ესპანეთის მთავრობა არ სცნობს კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივ აღიარებას", - განაცხადა გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა.

"აშშ-ს დიდი მეგობრობა და მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს ნატო-ს ფარგლებში ჩვენს მოკავშირესთან, ესპანეთთან. კატალონია ესპანეთის განუყოფელი ნაწილია და აშშ მხარს უჭერს ესპანეთის მთავრობის მიერ გადადგმულ საკონსტიტუციო ზომებს, რათა ესპანეთი ძლიერი და ერთიანი დარჩეს", - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

კატალონიის პარლამენტმა დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ დეკლარაციას მხარი გუშინ დაუჭირა.

myquiz