რამდენად მდიდარია კატალონია? - გამოწვევები, რომლის წინაშეც რეგიონი დგას | Allnews.Ge

რამდენად მდიდარია კატალონია? - გამოწვევები, რომლის წინაშეც რეგიონი დგას

ბარსელონას ქუჩები დემონსტრაციებმა კიდევ ერთხელ მოიცვა. ამჯერად ათობის ათასი ადამიანი კატალონიის დამოუკიდებლობას აპროტესტებს და ქვეყნის ერთიანობის მხარდასაჭერად გამოდის. კატალონიის დამოუკიდებლობის იდეას სკეპტიკურად უყურებენ თავად ადგილობრივი მაცხოვრებლები, საკუთარ მოსაზრებას კი ეკონომიკური არგუმენტებით ამყარებენ.

რეგიონში წარმოქმნილი დესტაბილიზაციური პროცესების პარალელურად, კატალონიას მსხვილი კომპანიები ტოვებენ, საკუთარ გადაწყვეტილებას კი კლიენტებისა და აქციონერების ინტერესების დაცვით ამყარებენ. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები კატალონიას უფრო კონკრეტულად კი ბარსელონას ინვესტორებისთვის უსაფრთხო გარემოდ აღარ მიიჩნევენ. ადგილობრივი მაცხოვრებლები კი აღნიშნულ პროცესებში ეკონომიკური პოტენციალის დაკარგვის საფრთხეს ხედავენ. საინტერესოა რამდენად შორს შეიძლება წავიდეს პროცესები?

ერთი კი ცხადია კატალონიის ხელისუფლება უახლოეს დღეებში დამოუკიდებლობის გამოცხადებას აპირებს. შეძლებს თუ არა ის დამოუკიდებლად არსებობას და რამდენად ძლიერია კატალონიის ეკონომიკა, რა გამოწვევების წინაშე დგება ბარსელონა და რისი დაკარგვა ემუქრება ოფიციალურ მადრიდს- აღნიშნული საკითხები Allnews.ge-მ ანალიტიკოს ბაქარ ბერეკაშვილთან განიხილა.

"კატალონია ესპანეთში და, შეიძლება ითქას, ევროკავშირშიც ერთ-ერთი მდიდარი რეგიონია. კატალონია ერთ-ერთ მოწინავე ეკონომნიკად მიიჩნევა თვითონ ესპანეთში, რადგანაც მთლიანად ევროპაზე გადის მისი შესაძლებლობები. შესაბამისად ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ მათ აქვთ რესურსი იმისათვის რომ, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ იარსებონ.

თუმცა, დამოუკიდებლობის მოთხოვნა დამოკიდებულია კულტურულ და ისტორიულ ფაქტორებზეც, რადგან ეს არის ცალკე ერი, ცალკე კულტურით, საზოგადოებით, გამოცდილებით ამიტომ კულტურული და ეკონომიკური საკითხი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ბევრია მდიდარი რეგიონი ევროპის ფარგლებში მაგრამ მათ დამოუკიდებლობის მოპოვება არ სურთ. შეიძლება ითქვას, რომ კატალონიის დამოუკიდებლობის პრეტენზია ემყარება კულტურულ და ისტორიულ გამოცდილებას ერთი მხრივ და მეორე მხრივ იმას, რომ არიან მდიდრები", - განმარტა ანალიტიკოსმა ბაქარ ბერეკაშვილმა.

კატალონიის ამბიცია, შესაძლოა, რეალური იყოს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯერ კიდევ 2014 წელს მისი მთლიანი შიდა პროდუქტი 200 მილიარდ ევროს შეადგენდა, მთლიანი შიდა პროდუქტის წილი ერთ სულ მოსახლეზე კი 27 ათასი ევრო იყო, ამ მაჩვენებლით ის მცირედით ჩამორჩებოდა მადრიდს, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის წილი ერთ სულ მოსახლეზე 31 ათას ევროს შეადგენდა.

უახლესი მონაცემებით კი, კატალონია ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 19%-ს ქმნის, რაც მათ პრეტენზიას რეალურ საფუძველს აძლევს. თუმცა, აქვე ჩნდება კითხვა - გაუძლებს თუ არა კატალონიის ეკონომიკა იმ პოლიტიკურ ძვრებს, რომლებიც ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა.

"კომპანიებმა დაიწყეს ბარსელონის დატოვება იმიტომ, რომ კატალონია ჯერ კიდევ ესპანეთის შემადგენლობაშია, ის არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და ცხადია ამ ვითარებაში პოლიტიკური დესტაბილიზაციის საფრთხე არის. მაგრამ თუ ის გახდება დამოუკიდებელი სახელმწიფო შესაბამისად იქ დესტაბილიზაციის საფრთხე აღარ იქნება. ახლა დესტაბილიზაციის საფრთხე რატომ არის ?! იმიტომ რომ მადრიდი მართავს პროცესებს, ერთგვარი წნეხი აქვს მადრიდს კატალონიის მიმართ, ამიტომ ლოგიკურია  ინვესტორთა ნაწილი ფიქრობს, რომ მათთვის უსაფრთხო გარემო აღარ არის. კატალონიის მთავრობას არ შეუძლია მართოს პროცესები, იმიტომ რომ ის არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო. თუ ის დამოუკიდებელი გახდება ხელისუფლება პროცესების მართვას და პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებას შეეცდება", - აღნიშნა ბაქარ ბერეკაშვილმა და აქვე განმარტა, რომ საბოლოო ჯამში ყველაფერი კატალონიის პოლიტიკურ მოხერხებულობაზე და პოლიტიკური პროცესების სწორად წარმართვის უნარზეა დამოკიდებული.

ანალიტიკოსის შეფასებით, მადრიდსა და ბარსელონას შორის არსებული ვითარება ჩიხურია, რადგან არც ერთ მხარეს არ სურს დათმობა და არც ერთი მხარის პოლიტიკურ ელიტას არ აქვს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომის სურვილი და მზაობა.

მიუხედავად ამისა ბერეკაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ვითარებიდან ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი სწორედ მოლაპარაკების მაგიდაზე დევს. პოლიტოლოგმა აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ოფიციალურ მადრიდს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. თუ ის შეძლებს კატალონიას თანაცხოვრების ისეთი ფორმა და მოდელი შესთავაზოს, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისითაც, რაც აქამდე არ ყოფილა, ვითარება, შესაძლოა, დასტაბილურდეს, მაგრამ ამისთვის ნამდვილად ინოვაციური მოდელის შექმნაა საჭირო.

"არავინ იცის რა შეიძლება მოხდეს. კატალონია რომ გახდეს დამოუკიდებელი, მას შეიძლება გაუჭირდეს, რა თქმა უნდა, ამის გამორიცხვა არ შეიძლება. სავსებით შესაძლებელია, რომ ევროკავშირმა არ აღიაროს და შესაძლოა იზოლირებულიც აღმოჩნდეს ან შეიძლება ეს ასე არ მოხდეს. იმ შემთხვევაში თუ კატალონია დამოუკიდებლობას მოიპოვებს ბევრი რამ იქნება დამოკიდებული კატალონიის ხელისუფლების მიერ პოლიტიკური პროცესების წარმრთვაზე", - განმარტა ბერეკაშვილმა.

ანალიტიკოსმა ესპანეთის რთულ ვითარებასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები უფრო კონკრეტულად კი კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების საფრთხე, ესპანეთისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობის იქნება.

"ესპანეთი კარგავს მომავალი განვითარების შესაძლებლობას"- ასე შეაფასა პროცესი ბაქარ ბერეკაშვილმა.

 

myquiz