კატალონიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები | Allnews.Ge

კატალონიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები

კატალონიაში ჩატარებული რეფერენდუმის მონაწილეთა 90%-მა რეგიონის ესპანეთის შემადგენლობიდან გასვლას დაუჭირა მხარი, - ამის შესახებ კატალონიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟორდი ტურულმა განაცხადა, იუწყება "როიტერი".

მისი თქმით, რეფერენდუმში მონაწილეობა 2,26 მილიონმა ადამიანმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა სრული რაოდენობის (5,34 მილიონი) 42,3%-ს შეადგენს. 2 მილიონმა ამომრჩეველმა მხარი რეგიონის ესპანეთის შემადგენლობიდან გასვლას დაუჭირა.

კატალონიის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კარლეს პუჩდემონმა განაცხადა, რომ კატალონიის მოსახლეობამ რესპუბლიკის სახით დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების უფლება დაიმსახურა.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მარიანო რახოის თქმით, კატალონიაში "არა რეფერენდუმი, არამედ ინსცენირება" ჩატარდა. მან არეულობასა და ძალადობრივ ქმედებებზე პასუხისმგებლობა ავტონომიის ხელმძღვანელობას დააკისრა.

კატალონიაში რეფერენდუმი გუშინ ჩატარდა. ოფიციალური მადრიდი ამტკიცებს, რომ რეფერენდუმი კონსტუტიციას ეწინააღმდეგება. მთელი დღის განმავლობაში პოლიცია საარჩევნო უბნებს ხურავდა და ყუთების და ბიულეტენების კონფისკაციას ახდენდა. კატალონიის სხვადასხვა ნაწილებში საპროტესტო აქციები გაიმართა, პოლიციამ ხელკეტები და რეზინის ტყვიები გამოიყენა. კატალონიის ხელისუფლების ინფორმაციით, სულ დაშავებულია 844 ადამიანი.

myquiz