გერმანიაში მამაკაცს ეძებენ, რომელიც ევროპის სუპერმარკეტებში საკვების მოწამვლით იმუქრება
გერმანიაში უცნობი მამაკაცი მილიონობით ევროს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გერმანიასა და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში სუპერმარკეტებში განთავსებული საკვების მოწამვლით იმუქრება, - ამის შესახებ "როიტერს" გერმანიის პოლიციაში განუცხადეს.
მათივე ცნობით, ამ დრომდე მოწამვლის არც ერთი ფაქტის შესახებ არ არის ცნობილი.
პოლიციაში აღნიშნეს, რომ დამნაშავემ მუქარა ელექტრონული ფოსტით მას შემდეგ გაავრცელა, რაც ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში, გერმანიის სამხრეთით ზოგიერთ სუპერმარკეტში პროდუქტებში საწამლავი მოათავსა, მათ შორის ბავშვის საკვებში. ახლა კი ამის გაკეთებას მთელი გერმანიის მასშტაბით გეგმავს, თუკი მას მილიონობით ევროს არ გადაუხდიან.
"ამ მუქარას ძალიან სერიოზულად აღვიქვამთ. თუმცა, პანიკისა და ისტერიკისთვის საფუძველი არ არსებობს", - განაცხადა ქალაქ კონსტანცის პოლიციის უფროსის მოადგილემ. მანვე მოსახლეობა გააფრთხილა, ნებისმიერი შეფუთვა ყიდვისას ყურადღებით შეამოწმონ.
დამნაშავე მამაკაცი ერთ-ერთ სუპერმარკეტში ვიდესათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. ის 50 წლამდე ასაკისაა. მისი ფოტოები უკვე გამოქვეყნდა.
პოლიციაში განაცხადეს, რომ საბავშვო საკვებში ეთილენგლიკოლი აღმოაჩინეს, რომელიც უფერო და უსუნო ნივთიერებაა და ანტიფრიზის დასამზადებლად გამოიყენება, რაც ბავშვისთვის სასიკვდილო შეიძლება გახდეს.