ბულგარული მედია - აზერბაიჯანული დიპლომატიური რეისებით ტერორისტებს შეიარაღება მიეწოდებოდათ | Allnews.Ge

ბულგარული მედია - აზერბაიჯანული დიპლომატიური რეისებით ტერორისტებს შეიარაღება მიეწოდებოდათ

აზერბაიჯანული Silk Way Airlines-ის რეისებით შეიარაღება სირიაში, ერაყში, ავღანეთში, პაკისტანსა და კონგოში მიეწოდებოდა. ამის შესახებ საკუთარ სტატიაში ყველაზე მსხვილი ბულგარული გამოცემის, Trud-ის კორესპონდენტი დილიანა გაიტანჯიევა წერს.

2016 წლის დეკემბერში აღმოსავლეთ ალეპოში დილიანა გაიტანჯიევამ აღმოაჩინა და გადაიღო 9 მიწისქვეშა სამალავი, რომლებშიც ბულგარული წარმოების მძიმე შეიარაღება ინახებოდა.

გაიტანჯიევას თქმით, ბოლო 3 წლის განმავლობაში აზერბაიჯანულმა სახელმწიფო ავიაკომპანია Silk Way Airlines-მა, სულ მცირე, 350 დიპლომატიური რეისით სხვადასხვა კონფლიქტში ჩართულ მხარეს იარაღი მიაწოდა. დიპლომატიური რეისების საფარქვეშ აზერბაიჯანულმა თვითმფრინავებმა ტერორისტები ათეულობით ტონა მძიმე შეიარაღებით და ამუნიციით მოამარაგეს.

როგორც გაიტანჯიევა წერს, ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მას ანონიმურმა წყარომ Twitter-ზე მიაწოდა - ეს არის მიმოწერა ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბულგარეთში აზერბაიჯანის საელჩოს შორის, რომელშიც შეიარაღების შესყიდვის და რეისებისთვის დიპლომატიური სტატუსის მიცემის დეტალები განიხილება.

ამ დოკუმენტების თანახმად, Silk Way Airlines-ი დიპლომატიურ რეისებს სთავაზობდა კერძო კომპანიებსა და ამერიკულ, ბალკანურ და ებრაულ შეიარაღების მწარმოებლებს, ასევე საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების სამხედროებს. დიპლომატიური რეისები თავისუფლდება შემოწმებისგან და გადასახადებისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ Silk Way Airlines-ის თვითმფრინავებს ყოველგვარი რეგულაციების გარეშე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ასეულობით ტონა შეიარაღება თავისუფლად გადაჰქონდათ.

მაგალითად, 28 აპრილსა და 12 მაისს Silk Way Airlines-მა ბაქოდან საუდის არაბეთის გავლით კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიმართულებით ორი დიპლომატიური რეისი განახორციელა. ბულგარეთში აზერბაიჯანის საელჩოდან გაჟონილი დოკუმენტაციის მიხედვით, ორივე რეისის სამხედრო ტვირთის საფასური საუდის არაბეთმა გადაიხადა. ორივე ჯერზე თვითმფრინავი საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაჰში გაჩერდა - 12 საათით პირველ ჯერზე და 14 საათით - მეორეზე.

თვითმფრინავებს ქვემეხები და ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები СПГ-9 და ГП-25 გადაჰქონდათ. იგივე შეიარაღება ერთი თვის წინ ერაყულმა არმიამ მოსულში "ისლამური სახელმწიფოს" სამალავში აღმოაჩინა. "ისლამური სახელმწიფოს" ჯიჰადისტები მსგავს შეიარაღებას ინტერნეტით გავრცელებულ პროპაგანდისტულ ვიდეოებში იყენებდნენ.

ეს თემა რამდენიმე მსხვილმა რეგიონალურმა და მსოფლიო გამოცემამ გააშუქა, მათ შორის MeydanTV-მ და Al Jazeera-მ.

იხილეთ ინგლისურენოვანი სტატია: 350 diplomatic flights carry weapons for terrorists

myquiz