აშშ-მ რუსეთს სან-ფრანცისკოში, ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში დიპლომატიური დაწესებულებების დახურვა მოსთხოვა
აშშ რუსეთს სან-ფრანცისკოში საკუთარი საკონსულოს, ასევე ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში საკონსულო ობიექტების დახურვას სთხოვს. "როიტერის" ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კრემლის გადაწყვეტილების საპასუხოდ განაცხადეს. როგორც ცნობილია, მოსკოვმა აშშ-ს რუსეთში დიპლომატიური მისიის შემცირება მოსთხოვა.
გასულ თვეს მოსკოვმა აშშ-ს მოუწოდა, რუსეთში თავისი დიპლომატიური და ტექნიკური პერსონალი ნახევარზე მეტით, 455 ადამიანამდე შეამციროს, მას შემდეგ, რაც კონგრესმა ხმათა უმრავლესობით რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს აქცია იყო დაუსაბუთებელი და ზიანს აყენებს ორმხრივ ურთიერთობებს ქვეყნებს შორის", - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, ჰითა ნოუერთის განცხადებაში.
ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში საკონსულო ობიექტები, რომელთა დახურვა აშშ-მ რუსეთს მოსთხოვა, სავაჭრო წარმომადგენლობის შენობებია. რაც შეეხება სან-ფრანცისკოს, აქ საუბარია გენერალური საკონსულოს შენობასა და ოფიციალურ რეზიდენციაზე.