აშშ-მ კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებიდან გამოსვლის პროცესი დაიწყო | Allnews.Ge

აშშ-მ კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებიდან გამოსვლის პროცესი დაიწყო

აშშ-მ კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებიდან გამოსვლის პროცესი დაიწყო, რასაც ორი წელი დასჭირდება. როგორც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, გაერო-ში აშშ-ს დელეგაციამ შესაბამისი ოფიციალური შეტყობინება გადასცა გაერო-ს გენერალურ მდივანს ანტონიუ გუტერეშს.

აშშ-ს საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ აშშ მხარს უჭერს გლობალურ დათბობასთან ბრძოლის დაბალანსებულ მიდგომას, რაც ასევე ითვალისწინებს ეკონომიკური ზრდის წაქეზებასა და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

სახელმწიფო დეპარტამენტში აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სიტყვები გაიმეორეს, რომელმაც განაცხადა, რომ აშშ-ს სურს კვლავ გახდეს შეთანხმების მონაწილე, ოღონდ განსაკუთრებული პირობებით.

გაერო-ს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დიუჟარიკმა დაადასტურა ამერიკული მხრიდან ამგვარი შეტყობინების მიღება.

"პარიზის შეთანხმების 28-ე მუხლის თანახმად, შეთანხმების მონაწილეს გასვლა შეუძლია შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამ წელიწადში", - განაცხადა მან.

კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმება ძალაში 2016 წლის 4 ნოემბერს შევიდა. შესაბამისად, აშშ ამ შეთანხმებიდან მხოლოდ 2019 წელს გამოვა.

myquiz