რა ბედი ელის "ისლამურ სახელმწიფოს"? | Allnews.Ge

რა ბედი ელის "ისლამურ სახელმწიფოს"?

მოსულის გასათავისუფლებლად მიმდინარე სპეცოპერაცია დასრულებულია. ერაყის ხელისუფლებამ გამარჯვებისა და ქალაქის ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოსგან" გათავისუფლების შესახებ ოფიციალური განცხადება უკვე გაავრცელა. შესაძლოა, სულ მალე ერაყის ამ სტრატეგიული ქალაქის ბედი სირიის რაქამაც გაიზიაროს, რომელიც ექსტრემისტებმა "ხალიფატის" დედაქალაქად გამოაცხადეს.

კოალიცია, ამერიკის შეერთებული შტატების მეთაურობით, აცხადებს, რომ დე ფაქტო დედაქალაქის გათავისუფლება შორეულ პერსპექტივას სულაც არ წარმოადგენს. შედეგად, "დაეშის" ბოევიკები, რომლებიც უახლოეს წარსულში, სირიისა და ერაყის დიდ ნაწილს აკონტროლებდნენ, პოზიციებს სწრაფად კარგავენ და ახალი ბოევიკების რეკრუტირებასაც ჩვეული სიჩქარით ვეღარ ახერხებენ.

მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს, რომ ექსტრემისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" აღსასრულიც ახლოსაა?

"სამწუხაროდ, პასუხი: მყარი არაა" - ამბობს ბრედფორდის უნივერსიტეტის, მშვიდობის საკითხებზე მომუშავე, პროფესორი პოლ როჯერსი.

"ჩვენ სულ უფრო მეტ ნიშანს ვხედავთ, რომ "დაეში" ხანგრძლივ პარტიზანულ ომზე გადაერთვება სირიასა და ერაყში. ამავდროულად, ის განვითარდება, როგორც გლობალური ორგანიზაცია."- განმარტავს პროფესორი.

პოლ როჯერსი ისევე, როგორც სხვა ექსპერტები, აცხადებს, რომ ექსტრემისტული დაჯგუფების განადგურების შესახებ განცხადებების გავრცელება წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა არ უნდა იჩქარონ.

პროფესორის თქმით, გასათვალისწინებელია მოსულში მიღებული გამოცდილება, რომელმაც გვაჩვენა, რომ ტერორისტებმა სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას რამდენჯერმე შეცვალეს ტაქტიკა და სახელისუფლებო ძალებს მტკიცე წინააღმდეგობა გაუწიეს. გარდა ამისა, "დაეშის" მებრძოლებმა მოწინააღმდეგეს აჩვენეს, რომ კიდევ შეუძლიათ მომხრეების მიზიდვა და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ტერორისტული აქტების ორგანიზება.

მიუხედავად იმისა, რომ ხალიფატმა, როგორც კვაზისახელმწიფომ, მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაკარგა, ჯერ გაურკვეველია რა მოუვა "ისლამურ სახელმწიფოს", როგორც დაჯგუფებას.

პოლ როჯერსი მიიჩნევს, რომ მისი განვითარება სამი მიმართულებით გაგრძელდება. პირველ რიგში, ის დაიწყებს პარტიზანულ ომს ერაყსა და სირიაში, თუმცა ტერიტორიის შენარჩუნებას არ შეეცდება.

გარდა ამისა, "ისლამური სახელმწიფო" განაგრძობს პროპაგანდას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

და აუცილებლად შეეცდება საომარი მოქმედებების მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე გადატანას. მსგავს მოწინააღმდეგედ კი, პირველ რიგში, გაერთიანებულ სამეფოს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიას განიხილავს.

პროსფესორის სიტყვების დასტურად შეიძლება ითქვას, რომ 28 ივნისს ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" გაავრცელა ვიდეო ჩანაწერი, სადაც "ხალიფატის" დაკნინებას უარყოფს, მაგრამ მეორე მხრივ აცხადებს, რომ ეს ასე რომც ყოფილიყო, ტერიტორიის დაკარგვა დამარცხებას არ ნიშნავს. გარდა ამისა, ორგანიზაციის ლიდერებმა მიმდევრებს ვალის შესრულებისკენ, ყველა კონტრტერორისტული ოპერაციის უგულებელყოფით მოუწოდეს.

ანალიტიკოსების შეფასებით, ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" არსებობის განმავლობაში, მის რიგებს მსოფლიოს 100 ქვეყნიდან 40 ათასი ბოევიკი შეუერთდა.

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი თანამშრომელი, ალი სუფანი, მიიჩნევს, რომ ეს ბოევიკები "ხალიფატის" დასუსტების შემდეგ, სახლში არ წავლენ, ისინი ახალი შესაძლებლობების მოძებნას შეეცდებიან. პოლ როჯერსი კი ფიქრობს, რომ "დაეშის" მებრძოლები ჯიჰადისტების სხვა დაჯგუფებებს შეუერთდებიან.

სცენარის ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში, ამ რეგიონში მშვიდობა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაისადგურებს.

კოალიციას, ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით, ჯიჰადისტების სხვა დაჯგუფებებთან მოუწევს ბრძოლა. ევროპას კი თავდაცვის ახალი სტრატეგიის შემუშავება დასჭირდება, რადგან პროცესები არაპროგნოზირებად განზომილებაში ინაცვლებს.

myquiz