ევროკავშირში როუმინგის გადასახადი გაუქმდა | Allnews.Ge

ევროკავშირში როუმინგის გადასახადი გაუქმდა

15 ივნისიდან ევროკავშირის მასშტაბით როუმინგზე გადასახადი გაუქმდა. ამის შესახებ ერთობლივი წერილობითი განცხადება ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ანტონიო ტაიანიმ, მალტის პრემიერ-მინისტრმა იოზეფ მუსკატსიმ (ევროკავშირის საბჭოში მალტის წარმომადგენლობის სახელით) და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა გაავრცელეს.

Allnews.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ევროკავშირი ხალხის დაახლოებასა და მათთვის ცხოვრების გამარტივებას ცდილობს. როუმინგის გადასახადის გაუქმება ევროპული წარმატების ნამდვილი ისტორიაა.

ამის შემდეგ ადამიანები, რომლებიც მგზავრობენ ევროკავშირის ფარგლებში, შეძლებენ დარეკონ, გაგზავნონ შეტყობინება და დაუკავშირდნენ მათ მობილური მოწყობილობის საშუალებით და ამაში იგივე ფასი გადაიხადონ, რასაც საკუთარ ქვეყანაში იხდიან. როუმინგის გადასახადის გაუქმება ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატებაა.

ჩვენი ინსტიტუტები უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ბაზარზე არსებული ხარვეზის აღმოსაფხვრელად ერთობლივად მუშაობდნენ და ძალისხმევას არ იშურებდნენ.

ყოველ ჯერზე, როდესაც ევროპის მოქალაქე ევროკავშირის საზღვრებს კვეთდა, იქნებოდა ის სამუშაო, სასწავლო, დასვენებისა და სხვა მიზნით, ნერვიულობდა ტელეფონის გამოყენებასთან დაკავშირებით და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ როუმინგის მაღალი გადასახადების დაფარვა უწევდა.

ამის შემდეგ როუმინგის გადასახადი წარსული ნაწილი გახდება, რადგან მომავალში თქვენ შეძლებთ გქონდეთ სატელეფონო კონტაქტი ევროკავშირის ფარგლებში მოგზაურობის განმავლობაში იმავე ფასად, რასაც სამშობლოში იცდიდით.

ამ პროექტზე მუშაობა უკვე დიდი ხანია გრძელდება და მასში ბევრი აქტორი იყო ჩართული. ერთობლივი მუშაობის წყალობით ევროკავშირმა თავისი მოქალაქეებისთვის კონკრეტული პოზიტიური შედეგი მიიღო. ჩვენ ვამაყობთ, რომ ევროკავშირმა წერტილი დაუსვა როუმინგის მაღალ გადასახადს და მადლობას ვუხდით ყველას ვინც სირთულეების დაძლევა და მიზნის მიღწევაში გვეხმარებოდა.

ამავდროულად ევროკავშირმა მოახერხა სწორი ბალანსის პოვნა როუმინგის გადასახადის გაუქმებასა და შიდა მობილური პაკეტის კონკურენტუნარიანობას (მიმზიდველობას) შორის.

ოპერატორებს ორი წელი ჰქონდათ რათა როუმინგის გადასახადის დასრულებისთვის მომზადებულიყვნენ. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი თავიანთი მომხმარებლების სასარგებლოდ გამოიყენებენ იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ახალი კანონი აძლევთ.

როუმინგის გადასახადების გაუქმება გამომდინარეობს ევროკავშირის ციფრული ბაზრის დაფუძნებიდან და იგი ჩვენი მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი ერთიანი ევროპული ციფრული საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია".

myquiz