ჰილარი კლინტონის ქართული პასპორტი და საქართველოში ვიზიტის სხვა დეტალები | Allnews.Ge

ჰილარი კლინტონის ქართული პასპორტი და საქართველოში ვიზიტის სხვა დეტალები

ამ დროისთვის მთელი მსოფლიოს ყურადღება აშშ-სკენაა მიმართული, სადაც საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. წინასაარჩევნო კამპანია იმდენად დაძაბული იყო, რომ ამ დრომდე გადაჭრით ვერავინ იტყვის აშშ-ის პრეზიდენტი ჰილარი კლინტონი გახდება თუ დონალდ ტრამპი.

მაგრამ, რა იქნება საქართველოსთვის უკეთესი?

თითქმის ყველა ერთხმად აცხადებს, რომ ქვეყნისთვის უკეთესი იქნება, თუ აშშ-ის პრეზიდენტი ჰილარი კლინტონი გახდება, რადგან დემოკრატების ლიდერმა უკეთ იცის საქართველოსა და ზოგადად კავკასიის რეგიონში არსებული სიტუაცია.

კლინტონი ორჯერ ეწვია საქართველოს - ბათუმსა და თბილისს, ევროპული და ამიერკავკასიური ტურნეს ფარგლებში.

ჰილარი კლინტონი პირველად საქართველოს 2010 წლის 5 ივლისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რანგში ეწვია.

ის შეხვდა საქართველოს იმ დროინდელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, მთავრობის წევრებს, ოპოზიციასა და მედიის წარმომადგენლებს.

Reuters - ჰილარი კლინტონის გამარჯვების შანსი 90%-ია

აღსანიშნავია, რომ 2010 წელს, კლინტონის პირველი ვიზიტი თბილისში ლიდერ ქალებთან შეხვედრით დაიწყო. ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართული შეხვედრის მთავარი თემები საქართველოს უსაფრთხოება, ქვეყნის ოკუპაციის პრობლემა და დემოკრატიის განვითარება იყო.

არაოფიციალურ ნაწილში ჰილარი კლინტონმა მიხეილ სააკაშვილთან ერთად გაისეირნა ძველ თბილისში, მოინახულა მშვიდობის ხიდი, შარდენი და ქართული სამზარეულოც დააგემოვნა.

რა მოხდება თუ აშშ-ის არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს

საქართველოში კლინტონის მეორე ვიზიტი უკვე ბათუმში, 2012 წლის ივნისში შედგა, სადაც მას საქართველოს იმდროინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უმასპინძლა.

კლინტონი შეხვდა ნიკა გილაურსაც. შეხვედრის ოფიციალურ ნაწილში საუბარი შეეხო საქართველოს დიდ წვლილზე ISAF-ის მისიაში ავღანეთში, საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე. კლინტონი ყველა გამოსვლაში აცხადებდა, რომ აშშ სრულ მხარდაჭერას უცხადებდა საქართველოს და რუსეთს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და მილიტარიზაციის შეწყვეტისაკენ მოუწოდებდა.

ოფიციალური ნაწილის შემდეგ, ჰილარი კლინტონსა და ამერიკული დელეგაციის წევრებს, ბათუმი თავად პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაათვალიერებინა. ამერიკელი სტუმრებისთვის, პიაცაზე, საგანგებო საკონცერტო პროგრამით ქართული ნაციონალური ბალეტის წევრები, ასევე ცნობილი შემსრულებლები, სოპრანო თეა დვალი და სოფო ნიჟარაძე წარსდგნენ.

ყველაფერი, რაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე უნდა ვიცოდეთ

ამ ვიზიტის დროს, მიხეილ სააკაშვილმა ჰილარი კლინტონს ქართული პასპორტი აჩუქა, რამაც კლინტონის გამხიარულება გამოიწვია. რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ჰილარი კლინტონმა ბათუმი დატოვა, ვაშინგტონში ერთ-ერთ გამოსვლაში კლინტონმა საქართველოსა და ბათუმზე ისაუბრა. კლინტონმა ბათუმს მომავალი ლას-ვეგასი უწოდა, რადგან მისი თქმით, ქალაქში ბევრი სასტუმრო და კაზინო იყო.

რა რანგში გაიმართება ჰილარი კლინტონის მომავალი ვიზიტი საქართველოსა თუ სხვა ქვეყნებში, ამას რამდენიმე საათში გაიგებს მსოფლიო.

თეა ბეჟიტაშვილი

myquiz