ლიბანში პრეზიდენტის ასარჩევად არჩევნების 46 ტური ჩატარდა | Allnews.Ge

ლიბანში პრეზიდენტის ასარჩევად არჩევნების 46 ტური ჩატარდა

31 ოქტომბერს ლიბანის პრეზიდენტი 81 წლის მიშელ ნაიმ აუნი გახდა. მაგრამ ეს ერთი ჩვეულებრივი ქვეყნის რიგითი საპრეზიდენტო არჩევნები არ გეგონოთ. საქმე იმაშია, რომ პრეზიდენტის არჩევა ლიბანში მხოლოდ 2,5-წლიანი კონსულტაციებისა და კვორუმის არარსებობის გამო, მეორე ტურის 44-ჯერ ჩავარდნის შემდეგ, გახდა შესაძლებელი.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 2014 წლის 23 აპრილს ჩატარდა, რომელშიც პარტია "ლიბანური ძალების" წარმომადგენელს სამირ ჯააჯაას 48 დეპუტატმა მისცა ხმა, "პროგრესიული სოციალისტური პარტიის" წევრმა ანრი ელუმ - 16 ხმა დააგროვა, ხოლო პარტია "კატაიბის" ლიდერმა ამინ ჟმაიელმა - 1 ხმა. 127 დეპუტატიდან 52 არჩევნებში არ მონაწილეობდა, ხოლო 7-მა თავი შეიკავა.

პარლამენტის სპიკერმა ნაბიჰ ბერიმ არჩევნების მეორე ტური 2014 წლის 30 აპრილს დანიშნა, თუმცა ვერც მეორე და ვერ მომდევნო 43 ცდაზე კვორუმი ვერ შედგა. ამის მიზეზი ქრისტიანულ და მუსლიმურ პარტიებს შორის ერთიან კანდიდატურაზე კონსენსუსის არარსებობა იყო.

ლიბანში ქვეყნის კონფესიური მოწყობა მოქმედებს.

კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის პოსტი მხოლოდ მარონიტმა-კათოლიკემ შეიძლება დაიკავოს, პრემიერ-მინისტრის - მხოლოდ სუნიტმა, პარლამენტის თავმჯდომარის - შიიტმა, მისი მოადგილის - ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა, ხოლო პარლამენტში ქრისტიანებისა და მუსლიმების შეფარდება უნდა იყოს 6:5.

ორწელიწადნახევრის განმავლობაში, ლიბანელი კანონმდებლები ვერ თანხმდებობდნენ ისეთ კანდიდატურაზე, რომელიც ქრისტიანებსაც და მუსლიმებსაც დააკმაყოფილებდათ. როგორც იქნა, 2016 წლის 31 ოქტომბერს შედგა არჩევნები, რომლებზეც დეპუტატთა უმრავლესობამ მხარი მიშელ აუნს დაუჭირა.

წინა პრეზიდენტის სულეიმან მიშელის უფლებამოსილება 2014 წლის 25 მაისს ამოიწურა, ხოლო 2 წლის, 5 თვის და 6 დღის მანძილზე ქვეყანას პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი თამამ სალამი მართავდა.

გენერალი მიშელ აუნი ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს 1988-1990 წლებშიც იკავებდა. 1958 წელს მან სამხედრო სასწავლებელი, ხოლო 1959 წელს საფრანგეთში სამხედრო სკოლა დაამთავრა. 1966 წელს სწავლობდა ოკლაჰომას შტატში მდებარე ქალაქ ფორტ-სილის საარტილერიო სკოლაში, 1978-1980 წლებში კი საფრანგეთის უმაღლეს სამხედრო სკოლაში.

ფლობს ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ და იტალიურ ენებს.

myquiz