ნატო-ს ვარშავის სამიტზე დღეს უკრაინასა და ავღანეთზე იმსჯელებენ
ავღანეთი და უკრაინა ნატო-ს ვარშავის სამიტის მეორე დღის მთავარი თემებია. როგორც მოსალოდნელია, დღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერები ავღანეთისთვის ფინანსური და პრაქტიკული დახმარების 2020 წლამდე გახანგრძლივების გეგმას დაუჭერენ მხარს.
სამიტის დასაწყისში ნატო-ს გენერლური მდივანი იენს სტოლტენბერგი ავღანეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება, შემდეგ კი, ლიდერების დონეზე გაიმართება ნატო-ს წევრებისა და ნატო-ს იმ პარტნიორების შეხვედრა, რომლებიც ავღანეთში, "მტკიცე რეზოლუციის" მისიაში მონაწილეობენ.
სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ნატო-ს გენერალური მდივანი საზოგადოებას პრესკონფერენციაზე გააცნობს.
ამის შემდეგ გაიმართება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მეორე შეხვედრა მთავრობების ლიდერების დონეზე, შემდეგ კი, ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები სხდომას ჩაატარებენ.
დღის მეორე ნახევარში ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები დაესწრებიან ნატო-უკრაინის კომისიის სხდომას, სადაც, როგორც მოსალოდნელია, უკრაინისთვის დახმარების გაზრდაზე შეთანხმებიან, რის შემდეგაც ნატო-ს გენერალური მდივანი და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ვარშავის სამიტის პირველ დღეს ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს - შეთანხმდნენ ესტონეთში, ლიტვაში, ლატვიასა და პოლონეთში დამატებითი მულტიეროვნული ბატალიონების განლაგებაზე.