ჰაკერებმა "ისლამური სახელმწიფოს" "ტვიტერის" გვერდები ლგბტ თემის ფერებში შეღებეს
ჰაკერებმა ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" "ტვიტერის" რამდენიმე გვერდი გატეხეს და იქ ლგბტ თემის აღმნიშვნელი ფოტო გამოაქვეყნეს.
CNN-ის ინფორმაციით, აღნიშნულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ჰაკერულმა დაჯგუფება Anonymous-მა საკუთარ თავზე აიღო.
ჰაკერმა მეტსახელად WauchulaGhost -მა განაცხადა, რომ უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ექსტრემისტების 250-მდე "ტვიტერის" გვერდის გატეხვა შეძლო. თავიდან იქ პორნოგრაფიული ხასიათის ვიდეოებს აქვეყნებდა, უკანასკნელი პოსტი კი ორლანდოს გეი-კლუბში მომხდარ თავდასხმას მიუძღვნა.
"ძალიან ბევრი ადამიანი მოკვდა, მე კი გავიფიქრე, რომ ამ ადამიანების დასაცავად და "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ რაღაცის გაკეთება შემეძლო", - აღნიშნა ჰაკერმა.
Anonymous-ის ჰაკერებმა გასულ წლის ნოემბერში დაეშის წინააღმდეგ ონლაინ -კამპანია გამოაცხადეს.