ზიკას ვირუსი გაცილებით უფრო სახიფათოა, ვიდრე თავდაპირველად ჩანდა
ზიკას ვირუსი გაცილებით უფრო სახიფათოა, ვიდრე ეს პირველი შეხედვისას ჩანდა. იგი, შესაძლოა, უფრო ფართოდ გავრცელდეს აშშ-ში, ვიდრე ამას პროგნოზირებდნენ. ამის შესახებ აშშ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები აცხადებენ.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების წარმომადგენელმა, ენ შუკატმა აღნიშნა, რომ ზიკას ვირუსი იწვევს თანდაყოლილი დეფექტების უფრო ფართო დიაპაზონს. ამასთან, მისივე თქმით, კოღოები, რომლებიც ავრცელებენ ვირუსს, შესაძლოა, გადაფრინდნენ უფრო მეტ შტატში, ვიდრე ეს მანამდე იყო ნავარაუდევი.
"ყველაფერი, რაც ჩვენ ვიცით ამ ვირუსის შესახებ, უფრო სახიფათოდ ჩანს, ვიდრე ჩვენ ეს წარმოგვედგინა" - განაცხადა შუკატმა.
საქართველოში "ზიკა" ვირუსის გადამტანი კოღო უკვე არის დაფიქსირებული
წლის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კონგრესს ვირუსთან ბრძოლისთვის 1,8 მილიარდი დოლარის გამოყოფისკენ მოუწოდა. ამასთანავე, ებოლას ვირუსთან ბრძოლის ფონდში დარჩენილი 589 მილიონი დოლარი ასევე ზიკას ვირუსთან ბრძოლას მოხმარდა. თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, აშშ-ის სჭირდება კიდევ უფრო მეტი თანხა იმისათვის, რომ ვირუსის გამავრცელებელი მწერების წინააღმდეგ იბრძოლოს და უფრო მეტი კვლევა ჩატარდეს ვაქცინის და მკურნალობის მეთოდების შემუშავების მიზნით.
ზიკას ვირუსი თითქმის ერთი წლის წინ ბრაზილიაში გავრცელდა. იგი მოგვიანებით ფართოდ გავრცელდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. აღნიშნული ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა ევროპის კონტინენტზეც.
აღნიშნული ვირუსის შედეგად ათასობით ბავშვი განუვითარებელი ტვინით დაიბადა. ამიტომაც ზოგიერთ ქვეყანაში აღნიშნული ინფექციის საშიშროების გამო, ქალებს დაფეხმძიმებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს.
მომზადებულია "ბიბისის" მიხედვით
ზიკას ვირუსი სქესობრივი გზით გადადის