თურქეთი ტერორიზმთან ბრძოლას აძლიერებს - რა გავლენას მოახდენს საქართველოზე მეზობელ ქვეყანაში გახშირებული თავდასხმები | Allnews.Ge

თურქეთი ტერორიზმთან ბრძოლას აძლიერებს - რა გავლენას მოახდენს საქართველოზე მეზობელ ქვეყანაში გახშირებული თავდასხმები

"ჩვენ დავაჩოქებთ ტერორიზმს" , - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ თაიპ ერდოღანმა განაცხადა. ამასთან პრეზიდენტის თქმით, უნდა მოხდეს ტერორიზმის ხელახლა განსაზღვრა და ტერორისტად უნდა იქნეს მიჩნეული ის პირებიც, რომლებიც თავდასხმების განხორციელებას მხარს უჭერს. მისი განცხადებით, ეს შეიძლება იყოს ჟურნალისტიც, კანონმდებელიც და აქტივისტიც.

"არ არის განსხვავება იმ ტერორისტს, რომელსაც ხელში იარაღი ან ბომბი უჭირავს და იმ ადამიანს შორის, რომელიც თავის თანამდებობას და კალამს იყენებს იმისათვის, რომ ტერორისტების მიზნებს ემსახუროს", - აღნიშნა ერდოღანმა.

 

 

 

 

 

 

აღნიშნული განცხადებები თურქეთის პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც კვირას საღამოს თურქეთის დედაქალაქის კიზილაის რაიონში, სამთავრობო შენობების სიახლოვეს დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. თავდასხმას ბოლო მონაცემებით, 37 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 125 ადამიანი. თურქეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების დაშავების ან დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ შესულა.

პასუხისმგებლობა ანკარაში მომხდარი ტერაქტისთვის ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა როგორც სააგენტო "როიტერს" თურქეთის უშიშროების ძალებში განუცხადეს, აფეთქების ორგანიზებაში თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული "ქურთისტანის მუშათა პარტიაა" ეჭვმიტანილი. ამასთან გუშინ 11 პირი დააკავეს, რომლებიც სავარაუდოდ, ტერაქტის ორგანიზებაში იღებდნენ მონაწილეობას.

ტერაქტის შემდეგ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ განაცხადა, რომ ხელისუფლება დედაქალაქის დასაცავად უსაფრთხოების დამატებით ზომებს მიიღებს. პარალელურად, თურქეთმა ქურთების დასახლებულ რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადა, ერაყში ქურთების პოზიციებზე კი მორიგი იერიშები მიიტანა.

 

 

 

 

 

 

 

Allnews-თან საუბარში აღმოსავლეთმცოდნე დიმიტრი მანჯავიძე განმარტავს, რომ "ქურთისტანის მუშათა პარტიას" ტერორისტული საქმიანობის 50-წლიანი გამოცდილება აქვს, ამიტომ მასთან ბრძოლა მარტივი არ იქნება.

"თურქეთს მაქსიმუმი აქვს გაკეთებული, რაც შეიძლება გაკეთდეს სამოქალაქო და არა სამხედრო ან განსაკუთრებული მდგომარეობის პირობებში. პრინციპში, ამაზე მეტის გაკეთება ასეთ მდგომარეობაში ძალიან რთულია", - მიიჩნევს მანჯავიძე. მისივე თქმით, თურქეთში გაზრდილი ძალადობა სირიის ფაქტორთან არის დაკავშირებული.

"ის, რომ თურქეთის საქმე ტერორისტული საფრთხის და ქურთებთან ურთიერთობის მხრივ ძალიან ცუდი მიმართულებით წავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი სირიის კონფლიქტში ჩაერთო, ეს აშკარაა", - აცხადებს მანჯავიძე.

აღმოსავლეთმცოდნე ვასილ პაპავა ამბობს, რომ "ქურთისტანის მუშათა პარტია" საბჭოთა კავშირის მიერ დაფინანსებული და გაწვრთნილი ძალაა, რომელიც შეიქმნა როგორც ზეწოლის ინსტრუმენტი ნატო-ს წევრ თურქეთზე. ის არ გამორიცხავს, რომ თურქეთში ქაოსისა და არეულობის შესაქმნელად ქურთი მებრძოლები ტერორისტულ საქმიანობას გააგრძელებენ.

"თურქეთი ბომბავს ქურთების პოზიციებს სირიაში, პარალელურად თურქეთში მთელ რიგ ქალაქში მიმდინარეობს შეტაკებები "ქურთისტანის მუშათა პარტიის" ბოევიკებთან. სიტუაცია ძალიან დაძაბულია, ჩემი მოსაზრებით, თურქეთში ტერორისტული საფრთხის დონე გაიზრდება და არ არის გამორიცხული, რომ მსგავსი ტერაქტები უახლოეს მომავალში კიდევ მოხდეს".

ქურთი ბოევიკები თურქეთში ბოლო ერთი წელია განსაკუთრებით გააქტიურდნენ, თუმცა "ქურთისტანის მუშათა პარტია" თურქეთში მცხოვრები ქურთების პოლიტიკური უფლებებისთვის და ავტონომიისთვის ათწლეულების განმავლობაში იბრძვის. დიმიტრი მანჯავიძის შეფასებით, თურქეთი რთული დილემის წინაშე დგას, რადგან "ქურთებისთვის მეტის მიცემა თურქეთის დაშლის წინაპირობა იქნება".

"საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ქვეყანა ახლა ძალიან მძიმე სიტუაციაშია. ის დილემის წინაშე დგას: თუ მისცა მეტი პოლიტიკური ავტონომია ან დამოუკიდებლობა ქურთებს, ეს არის გარდაუვალი სვლა ქვეყნის დაშლისკენ. მეორე მხრივ თუ გადაწყვიტა ქურთების ძალისმიერი მეთოდით შეკავება, ეს ფაქტობრივად შეუძლებელია, რადგან თურქეთში მცხოვრებ 15-მილიონიან ქურთულ მოსახლეობაში თითქმის ყველა ქურთული დამოუკიდებლობის მომხრეა. მე პირადად ვერანაირ გამოსავალს ვერ ვხედავ. აშკარაა, რომ იწყება თურქეთის ერაყიზაციის პროცესი, როცა ქვეყანაში პერმანენტული კონფლიქტის, მუდმივი ძალადობისა და ტერაქტების რეჟიმია" - მიიჩნევს მანჯავიძე.

Allnews-თან საუბარში ქართველი ექსპერტები გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ თურქეთში არასტაბილურობა უშუალო გავლენას მოახდენს საქართველოზე.

"როცა კონფლიქტი დაიწყო, შარშან დიდი პრობლემები ჰქონდათ გადამზიდავებს, რადგან არაერთი ქართული ტვირთი გაიძარცვა. თურქეთი არის ის ქვეყანა, რომლის სტაბილურობა, ეკონომიკური სიძლიერე და ევროპასთან ის ურთიერთობები, რომელსაც ცდილობს რომ ააგოს, ჩვენთვის გადამწყვეტია, რადგან თურქეთი ჩვენი ერთადერთი სახმელეთო დამაკავშირებელია ევროატლანტიკურ სივრცესთან და იმასთან, საითაც ჩვენ მივისწრაფვით", - აცხადებს მანჯავიძე.

myquiz