ზიკას ვირუსი სქესობრივი გზით გადადის
აშშ-ში პირველი შემთხვევა გამოვლინდა, როდესაც გავრცელებული ვირუსი ზიკა ერთი ადამიანიდან მეორეზე, სქესობრივი გზით გადავიდა. მედიკოსების ინფორმაციით, შემთხვვევა დალასში დაფიქსირდა და მისი მატარებელი ვენესუელაში ვიზიტით მყოფი ადამიანი გახდა.
"ეს ჩვენს ღრმა შეშფოთებას იწვევს, რადგან ნიშნავს, რომ ლათინურ ამერიკაში ჩასული ადამიანები, სქესობრივი ურთიერთობის დამყარებისას, დაცვის საშუალებების გარეშე შესაძლოა, ვირუსით დაინფიცირდნენ", - აცხადებს დალასის ჯანდაცვის დეპარტამენტის დირექტორი ზახარი ტომფსონი.
აღსანიშნავია, რომ ზიკას ვირუსი პირველად გასული წლის მაისში, ბრაზილიაში დაფიქსირდა. მას შემდეგ ახალი დაავადება მსოფლიოს 21 ქვეყანაში გამოვლინდა. ამ დროისთვის, ჰონდურასში დაავადების სწრაფი გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
ჯანდაცვის პანამერიკული ორგანიზაციის შეფასებით, უკვე 2016 წლის ბოლოსთვის ზიკას ვირუსით შესაძლოა, კიდევ 4 მილიონი ადამიანი დაინფიცირდეს.
1 თებერვალს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ზიკას ვირუსი შეაფასა, როგორც საფრთხე მთელი მსოფლიოსთვის. სპეციალისტების მოსაზრებით, გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში ევროპაში ზიკას გავრცელების საშიშროება გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ ზიკას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს. მეცნიერებმა შესაბამისი პრეპარატის შექმნაზე მუშაობა ახლახან დაიწყეს.