"სხვა მოგზაურებისგან განსხვავებით ტოტალიზატორებს არ ვაფინანსებინებ ჩემს მოგზაურობებს... მოვინახულე 80 ქვეყანა" - ქართველი მოგზაური, ექსტრემალური თავგადასავლებით
"ბოლო 8 წელია, რაც ციფრული ნომადი გავხდი, რაც იმას ნიშნავს რომ 2016 წლის აგვისტოდან ნონ-სტოპ რეჟიმში ვმოგზაურობ და ვცხოვრობ დედამიწის სხვადასხვა საინტერესო ადგილებში. ამ დროისთვის მოვინახულე 80 ქვეყანა" - ამბობს ირაკლი ნინუა, რომელიც ათ ენას ფლობს. იგი თავის განსაკუთრებულად შთამბეჭდავ, ექსტრემალური თავგადასავლებით სავსე ცხოვრებაზე გვიამბობს.
- ირაკლი, სად დაიბადეთ და აღიზარდეთ, ბავშვობაში რამდენად ხშირად სტუმრობდით საქართველოს სხვადასხვა მხარეს?
- დავიბადე და გავიზარდე თბილისში. აქ დავამთავრე სკოლა და მივიღე ოთხიდან ორი უმაღლესი განათლება - ბაკალავრიატი და პირველი მაგისტრატურა. ბავშვობაში იმერეთში, კერძოდ ბაღდათში ჩავდიოდი ყოველ ზაფხულს, სადაც სახლი გვქონდა. ასევე მშობლებთან ერთად ნამყოფი ვარ აფხაზეთსა და აჭარაში.

- საქართველოს შემდეგ პირველად რომელ ქვეყანას ეწვიეთ და როგორი იყო შთაბეჭდილებები?
- საქართველოს შემდეგ პირველი ქვეყანა იყო საბერძნეთი. მახსოვს როდესაც სალონიკში მოვხვდი, საოცრად აღფრთოვანებული ვიყავი. ეს ის პერიოდია, როდესაც საბერძნეთის ვიზის მიღება ფანტასტიკის ტოლფასი იყო... როდესაც საბერძნეთში გავფრინდი, ერთი მეგობრის გარდა ამის შესახებ არავინ იცოდა. საბერძნეთში დასარჩენად მივდიოდი, თუმცა ორ კვირაში უკან დავბრუნდი, რაც ალბათ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბრძნული გადაწყვეტილება იყო. მაშინ რომ იქ დავრჩენილიყავი ვერ გავაგრძელებდი სწავლას (თსუ-ს სტუდენტი ვიყავი) და ვინ იცის, ჩემი ცხოვრება როგორ წარიმართებოდა...
- როდის და როგორ დაიწყეთ მოგზაურობა და თავიდანვე გეგმავდით, რომ ამდენ ქვეყანას ეწვეოდით?
- რაც თავი მახსოვს, მოგზაურობის სურვილი ყოველთვის მქონდა. თუმცა ადრე არ მქონდა ამის ფინანსური რესურსი. მე როდესაც მოგზაურობა დავიწყე, მაშინ ეს გაცილებით რთული იყო. თითქმის ყველა ქვეყანაში გვჭირდებოდა ვიზა, დაზღვევა... მაშინ არ არსებობდა ბიუჯეტური ავიახაზები. ვოცნებობდი იმაზე რომ ბევრ ქვეყანაში მემოგზაურა, თუმცა ვერ წარმოვიდგენდი რომ ოდესმე მაგალითად ავსტრალიაში მოვხვდებოდი. ვერც იმას წარმოვიდგენდი, რომ 80 ქვეყნის მონახულებას მოვახერხებდი ასეთ ადრეულ ასაკში.
- რამ გაგიადვილათ ამდენ ქვეყნებში მოგზაურობა?
- სოლო მოგზაურობის დროს მნიშვნელოვანია ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია, რასაც ბევრი ენის ბარიერის გამო ვერ ახერხებს. მე ეს პრობლემა იშვიათად მაქვს, რადგან ჯეროვნად ვფლობ ათ ენას. ფრანკოფონურ ქვეყნებშიც საკმაოდ კარგად ვახერხებ ადგილობრივებთან კომუნიკაციას, იმისდა მიუხედავად, რომ ფრანგული არ ვიცი. ეს უკვე გამოცდილების დამსახურებაა. ზოგადად ყოველთვის ვცდილობ რამდენიმე სიტყვა მაინც ვისწავლო ადგილობრივ ენაზე, ეს მოგზაურობის პროცესს არამარტო ამარტივებს, არამედ უფრო სახალისოა ხდის!

- რაც ევროპაში ნახეთ, რომელი ქვეყანა იყო თქვენთვის ყველაზე სამახსოვრო?
- ევროპაში ვცხოვრობ 2008 წლიდან. სხვადასხვა ეტაპებზე მომიწია ჩეხეთში, იტალიაში, გერმანიასა და ავსტრიაში ცხოვრება. მიჭირს ერთი რომელი კონკრეტული ქვეყნის გამოყოფა. ადრე ძალიან მიყვარდა შოტლანდია. ედინბურგი დარჩა ჩემს მეხსიერებაში როგორც ძალიან მისტიური და ამავე დროს ჯადოსნური ქალაქი. ასევე ძალიან მიყვარს ნიდერლანდები, შვეიცარია და კვიპროსი. რადგან ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ნამყოფი ვარ და თანაც არაერთხელ. ამ კონტინენტზე მოგზაურობა ისეთ ემოციებს უკვე ვეღარ იწვევს ჩემში როგორ ადრე...
- აფრიკის, აზიის ქვეყნების ვიზიტები როგორ გახსენდებათ?
- 2024 წლამდე ვიყავი ნამყოფი აფრიკის მხოლოდ და მხოლოდ სამ ქვეყანაში: სამხრეთ აფრიკაში, ეგვიპტეში და მადაგასკარზე. გასული წლის ოქტომბრიდან ამა წლის ივნისამდე აფრიკის კონტინენტზე გავატარე 8 დაუვიწყარი თვე. ამ დროის განმავლობაში ვიმოგზაურე და ვიცხოვრე 10 სხვადასხვა ქვეყანაში, როგორებიცაა: სენეგალი, გვინეა, კოტ დიუვარი, განა, ტოგო, ბენინი, ნიგერია, რუანდა, უგანდა და კენია. ასევე შარშან გავატარე ორი დაუვიწყარი თვე კუნძულ ბალიზე. აზიის კონტინენტზე ვარ ასევე ნამყოფი ტაილანდში, კამბოჯაში, ჩინეთში, სინგაპურში, მალაიზიაში, ყაზახეთში, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, ბაჰრეინში, ომანში. ასევე საქართველოს ყველა მეზობელ ქვეყანაში. აზიაში გამოვარჩევდი ორ ლოკაციას: ანგკორ ვატს კამბოჯაში და კომოდოს ნაციონალურ პარკს ინდონეზიაში. შარშან წინ 9 თვე გავატარე ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. მას შემდეგ ავსტრალია ჩემი უსაყვარლესი ქვეყანაა. ის იმდენად უკიდეგანო და ამოუწურავია, რომ ნახევარი ცხოვრებაც რომ გაატარო ალბათ ვერ ამოწურავ. სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაშიც ძალიან ბევრი მოგზაურია. რამდენიმე წლის წინ გავატარე ექვს თვეზე მეტი პერუში, ჩილეში, არგენტინასა და ბრაზილიაში. იხილეთ სრულად