„ძველი წესები დაბრუნდება: საკონსულოები, სავიზო ცენტრები - ეს ყველაფერი დაკავშირებულია დროსთან, ხარჯებთან, ნერვებთან“ - კელაურაძე
„უვიზო მიმოსვლის შეჩერების შემთხვევაში, შედეგი მყისიერად არ დადგება და იქნება რამდენიმეთვიანი საშეღავათო პერიოდი, რომ მოხდეს ახალ წესებზე გადაწყობა,“ - ამის შესახებ „გამყვანი ტურიზმის ასოციაციის“ დამფუძნებელმა და კომპანია „კლარკ რობინსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მამუკა კელაურაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა,
„შედეგი მყისიერად არ დადგება. ყველაზე უარეს შემთხვევაში, თუ უვიზო მიმოსვლა გაგვიუქმდება, რამდენიმე თვე მაინც იქნება საშეღავათო პერიოდი, რომ მოხდეს ახალი წესების იმპლემენტაცია, უფრო სწორედ ძველი წესების დაბრუნება: საკონსულოები, სავიზო ცენტრები და.აშ. ეს ყველაფერი დაკავშირებულია დროსთან, ხარჯებთან, ნერვებთან...“ - განაცხადა მან.
კელაურაძემ ისაუბრა იმაზეც, რომ უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის შემთხვევაში რამდენიმე სფერო ზარალდება: ავიაკომპანიები, ტრანსპორტი, სასტუმრო, კვება და ა.შ.
„ტურიზმი არ არის მარტო სასტუმრო - პირველ რიგში ეს არის ავიაკომპანიები, მერე ტრანსპორტი, სასტუმრო, კვება და.შ. ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტის შემთხვევაში არამარტო ჩვენ გვეზღუდება შენგენის ზონაში თავისუფლად გადაადგილების საშუალება, არამედ ავიაკომპანიებს მოაკლდებათ მგზავრები, შესაბამისად, შემცირდება რეისები და ა.შ. ანუ მთლიანობაში კომპლექსური საკითხია,“ - განაცხადა მან.
კითხვაზე, შეინიშნება თუ არა უკვე რაიმე ამ კუთხით, კელაურაძე პასუხობს, რომ უახლოესი თვეები - აგვისტო, სექტემბერი და ოქტომბერი სრულად დაჯავშნილია.
„დღევანდელი მდგომარეობით აქტიურად შემოდის ჯავშნები, საუბარია უახლოეს მომავალზეც - აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, სრულად დაჯავშნილია. საუბარია, როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ და კორპორატიულ ჯავშნებზე, ასე რომ პანიკური შიში ჯერჯერობით არ არის,“ - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო ევროკომისიის წერილი, რომელშიც თბილისისგან 8 პუნქტის შესრულებას ითხოვენ. ბრიუსელი თბილისისგან ცვლილებებს აგვისტოს ბოლომდე ელოდება. პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი შესაძლოა, საქართველოს ვიზალიბერალზიაცია შეუჩერდეს. აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროკომისიას მისწერეს წერილი, რომელშიც აცხადებენ, რომ სავიზო რეჟიმი უნდა დაუწესდეთ ოფიციალურ პირებს და არა მოსახლეობას. თავისი პოზიცია დააფიქსირა პოლონეთმაც, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობას სავიზო რეჟიმი არ უნდა დაუწესდეს. შესაბამისად, ბოლო პერიოდში კვლავ გააქტიურდა საუბრები იმის შესახებ, თუ რა ელის საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში.