"მას შემდეგ, რაც აზიის ქვეყნებში დავდგი ფეხი, ევროპისადმი ინტერესი დავკარგე... " - რას ჰყვება გოგონა, რომელმაც უკვე 48 ქვეყანაში იმოგზაურა
"თუ სწორად დაგეგმავ, იმაზე ნაკლები ბიუჯეტით შეძლებ მოგზაურობას, ვიდრე წარმოიდგენ. მაგალითად 55 ლარად 4 დღე სტამბოლის მოგზაურობაში ვიყავი და დაბრუნებულს ხურდა ჩამომყვა" - ამბობს მარიამ სეხნიაშვილი. მან უკვე 48 ქვეყანაში მოახერხა მოგზაურობა, უამრავი შთაბეჭდილებები დაუგროვდა და განსაკუთრებულად საინტერესო ამბები ჩვენც გაგვიზიარა...
- მარიამ, გაგვეცანით, გვიამბეთ თქვენზე...
- მე ვარ - მარიამ სეხნიაშვილი. მოგზაური, ბლოგერი, ბლოგერი, ფრილანსერი...
- ბავშვობაში თუ იმყოფებოდით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და გამორჩეულად რომელი გახსოვთ?
- ბავშვობაში მოგზაურობა და ახალი ადგილების აღმოჩენა სულ მიზიდავდა. ხშირად ვუყურებდი შემეცნებით, ძირითადად სამოგზაურო თემატიკის გადაცემებს. ხშირად წარმოვიდგენდი ჩემს თავს იმ ადამიანების ადგილას, ვინც საოცარ ამბებს ჰყვებოდნენ და მინდოდა მათ ადგილას მეც ვყოფილიყავი. ბავშვობაში სამწუხაროდ მხოლოდ სასკოლო ექსკურსიების საშუალებით თუ ვნახულობდი საქართველოს სხვადასხვა კუთხეს.
- საზღვარგარეთ სად წახვედით პირველად?
- პირველად საქართველოს საზღვრები როდესაც დავტოვე, სამოგზაურო ხასიათის არ იყო. ვილნიუსში ერთ-ერთ პროექტში ვიღებდი მონაწილეობას. დღემდე ლიეტუვა ჩემი პირველი სიყვარულია და ახლო პერიოდში აუცილებლად დავბრუნდები, ამჯერად როგორც ტურისტი. რაც შეეხება მოგზაურობის მხრივ პირველად თურქეთში წავედი, ტურისტულად. სტამბოლი და კაბადოკია მოვინახულე და საოცარი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი. მას შემდეგ სტამბოლში კიდევ ბევრჯერ დავბრუნდი, იმდენად შემაყვარა თავი.
- ევროპაში მოგზაურობა, განსაკუთრებული ადგილები და დღეები გაგვიზიაროთ...
- ევროპაში მოგზაურობა ჩემი შემდეგი ნაბიჯები იყო. განსაკუთრებით მახსოვს 5 ქვეყნის ტური რომ მოვაწყე ერთი გასვლით. გერმანია, ჩეხეთი, ავსტრია, სლოვაკეთი და უნგრეთი. მოგზაურობა ახალი დაწყებული მქონდა და ერთიანად ამდენი ემოცია ძალიან შთამბეჭდავი იყო. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ფრენები დიდად არ მიყვარს, ამიტომ ვამჯობინებ ერთი გასვლით რამდენიმე ქვეყანა მოვინახულო და შედარებით დიდხნიანი მოგზაურობები მქონდეს, ასე ფრენების რაოდენობას ვამცირებ. აი მაგალითად ასე მოვინახულე ერთი გასვლით ჰოლანდია, საფრანგეთი, ბელგია...
გასულ წელს ბალკანეთის ქვეყნებს ვეწვიე მსგავსი პრინციპით, ევროპის ქვეყნებიდან რაც მქონდა დარჩენილი ერთი გასვლით მოვინახულე. ჩავედი ერევანში იქიდან გადავფრინდი ბულგარეთში და შემდეგ ავტობუსით გავაგრძელე გზა, მოვიარე ბალკანეთის ქვეყნები და ჩავედი ავსტრიამდე. ძალიან მხიარული, დატვირთული და ემოციებით აღსავსე ტური გამოვიდა. ევროპიდან ალბათ მაინც პორტუგალიას გამოვყოფდი, რადგან ჩემთვის ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. აქ კიდევ საოცრად პოზიტიური და სტუმართმოყვარე ხალხი დამხვდა. ეს ყველაფერი სანახაობებთან ერთად ორმაგად ავსებდა ჩემს შთაბეჭდილებებს ამ ქვეყნის მიმართ.
- შრი-ლანკა, ვიეტნამი, ჩინეთი, აფრიკის ქვეყნები... რა იყო ამ ქვეყნებში ყველაზე გასაკვირი თქვენთვის?
- აზია და აფრიკა საკმაოდ დიდ ეგზოტიკას გვთავაზობს. მას შემდეგ რაც პირველად დავდგი ფეხი აზიის ქვეყნებში, გამოგიტყდებით და ევროპისადმი ინტერესი დავკარგე. განსხვავებული კულტურა, განსხვავებული გარემო და სამზარეულო. ყველაფერი იმდენად უცხო და მრავალფეროვანი აღმოჩნდა, რომ ვერ ამოწურავ. და ასევე ურთიერთობები, ევროპაში ნაკლებად გრძნობ ადგილობრივებისგან ყურადღებას და ცოტა ცივი ხალხია. აზიაში მსგავსი რამ არ მიგრძნია. მაგალითად ჩინეთში მოგზაურობისას ხალხი ისეთი დიდი სიყვარულით გვხვდებოდა, მოდიოდნენ ჩვენთან ფოტოს იღებდნენ და სულ ცდილობდნენ რამით პატივი ეცათ. უხაროდათ ტურისტის დანახვა, რაც ვფიქრობ ნამდვილად სასიამოვნო ფაქტია. საერთოდ სხვა აურაა და ცხოვრების სტილი, რომელიც მე ძალიან მომეწონა. იხილეთ სრულად