მოსკოვის შემდეგ სოხუმში ფრენები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყება
მოსკოვის შემდეგ სოხუმში პირდაპირ ფრენები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყება.
როგორც რუსული მედია წერს, რუსეთის ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდის მერია აფხაზეთში პირდაპირი ფრენების დაწყებაზე მუშაობს, საიდანაც სოხუმში პირველი თვითმფრინავები შესაძლოა, წელსვე ჩაფრინდნენ.
ამის შესახებ ნიჟნი-ნოვგოროდის მერიის პრესსამსახურის განცხადებაში წერია, რასაც TASS ავრცელებს.
კერძოდ, უწყების ცნობით, ამ საკითხზე ნიჟნი-ნოვგოროდის მერმა, იური შალაბაევმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სოხუმის დე ფაქტო ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე ისაუბრა.
“ჩვენ ამჟამად ნიჟნი-ნოვგოროდიდან სოხუმში პირდაპირი ფრენების სუბსიდირებაზე ვმუშაობთ. ამაში წვლილი რამდენიმე საკვანძო ფაქტორმა შეიტანა, როგორიც არის მრავალი წლის შემდეგ აეროპორტის აღდგენა და ნიჟნინოვგოროდელების აფხაზეთში დასვენების, ხოლო სოხუმელების მხრიდან ნიჟნი-ნოვგოროდში ჩასვლის დიდი ინტერესი,” - წერია განცხადებაში.
ორივე ქალაქმა 2025 წლის თანამშრომლობის შესახებ საგზაო რუკას მოაწერა ხელი, რომელიც 60-ზე მეტ ღონისძიებას, მათ შორის, სოხუმში პირდაპირი ავიარეისების დაწყებას მოიცავს.
მერიის ცნობით, ამჟამად მოლაპარაკებები ავიაკომპანიებთან მიმდინარეობს, რომლებიც მგზავრთა გადაყვანის ვალდებულებას აიღებენ.
ამასთან, აფხაზეთის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის დე ფაქტო სამინისტროს ცნობით, სოხუმის აეროპორტში სასიგნალო განათების მოწყობილობების ტესტირება წარმატებით დასრულდა, რომელიც ღამით და ამინდის რთულ პირობებში თვითმფრინავების უსაფრთხო დაშვებას უზრუნველყოფს.
უწყება აცხადებს, რომ განათების აღჭურვილობა ყველა საერთაშორისო სტანდარტს შეესაბამება და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, ICAO-ს პირველი კატეგორიის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. იხილეთ სრულად