"ყველაზე ძვირი ბათუმია"- რა ღირს წელს საქართველოს კურორტებზე დასვენება? | Allnews.Ge

"ყველაზე ძვირი ბათუმია"- რა ღირს წელს საქართველოს კურორტებზე დასვენება?

ტემპერატურის მატებასთან ერთად შვებულებების სეზონი აქტიურ ფაზაში შედის, დამსვენებლები სასურველ მიმართულებებს არჩევენ. დიდი არჩევანიც აქვთ, საქართველო ხომ მდიდარია კურორტებით. შევეცადე შემეტყო, სად როგორი ფასებია და რამდენი დაგიჯდებათ შვებულების გატარება.

დავით ბერიძე ტურისტული ბიუროს თანამშრომელია. ის კარგად იცნობს უცხოელების ფსიქოლოგიას, მოთხოვნებს...

- ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი საინტერესოა ტურისტებისთვის - მრავალფეროვანი ბუნება, წყალი, სამზარეულო, ისტორია, კულტურა, ტრადიციები. ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო რომ განვითარდება, მეტი ტურისტი ჩამოვა. პანდემიის დროს ჩავარდნა იყო, მაგრამ უკვე მკვეთრად იზრდება ტურისტების რიცხვი. მიხარია, რომ ქართველებისთვისაც საინტერესოა საქართველოშივე დასვენება. რადგან ენა ვიცი, ხშირად მიწევს მუშაობა არაბულ ჯგუფებთან. მათთვის ყველაზე საყვარელი ადგილია გუდაური, ყაზბეგი, ბაკურიანი... მაღალი ადგილები მოსწონთ - მთები, ტყეები და მინდვრები. სიმწვანეზე გიჟდებიან. თურქეთშიც ნამყოფი არიან, უკვე რუსეთშიც დადიან, რუსეთმაც გაუხსნა მათ გზა, მაგრამ საქართველო ყველაფერს ურჩევნიათ. ჩანჩქერებს რომ ხედავენ, აღფრთოვანებისგან პირდაღებული არიან, გუდაურსა და ყაზბეგსაც ამის გამო გამოარჩევენ. ბათუმიც უყვართ, ზღვაშიც სიამოვნებით ნებივრობენ. თბილისი იმით მოსწონთ, რომ კლუბებში დადიან, ამას წინათ გამათენებინეს, დილის 6 საათამდე ვახლდი, ირანელი ქალის გამო კინაღამ დახოცეს ერთმანეთი... ირანული კლუბია და ირანელები ჰყავთ ჩამოყვანილი სამუშაოდ. მაგიტომ მოსწონთ თბილისი არაბებს, აქ ბევრი კლუბიაო, ბათუმში კი მხოლოდ ორიო. თბილისში 5-6 კლუბია მათი მოსაწონი, დიდი არჩევანი აქვთ დასალევზეც... სხვა ვერც მანქანით გააკვირვებ და ვერც სასტუმროებით...

- კლუბზე მიამბეთ.

- ირანელების კლუბში არის არაბების, თურქების, აზერბაიჯანელების, პალესტინელების კუთხეები... მუსიკაც ამ ხალხების ისმის.

არაბები ოჯახებით ჩამოდიან, ძალიან მოსწონთ ჩვენი მდინარე, ზღვა, ჩანჩქერი, ტყე-მდელოები... ცხვარი მათ ქვეყანაში ძალიან ძვირი ყოფილა, ამიტომ აქ ბოლო კაპიკს გაიღებენ და ცხვარს იყიდიან, მაგრამ მუსლიმანმა უნდა დაკლას. თუ მუსლიმანი ვერ იპოვეს, ჯგუფის რომელიმე წევრი მამაკაცი კლავს. ცხვრის ხორცით, სუნელებით და ბრინჯით ამზადებენ "ქაფსას". სპეციალური ქვაბი ჩამოაქვთ ამისთვის, რომელიც იხუფება და კერძი ორთქლში იხარშება. აქ მხოლოდ გაზს ყიდულობენ. ხომ წარმოგიდგენიათ, ცხვრის გულისთვის მთელი მოწყობილობებით ჩამოდიან... მომზადებულ კერძს ერთ დიდ სინზე გადმოიღებენ, საიდანაც ყველა ერთად მიირთმევს, ან თუ სინი არა აქვთ, მინდორში, პირდაპირ ცელოფანზე გადმოაქვთ და ისე შეექცევიან. კიდევ თაფლი უყვართ, ბევრს ყიდულობენ. ყველაფერს ატანენ თაფლს, ცხვრის ხორცსაც კი მოასხამენ ხოლმე სოუსად.

ინდოელებს სულ სხვა მოთხოვნები აქვთ. მათ თბილისი მოსწონთ. უნდათ წყალი? - ლისზე ავლენ, ან თბილისის ზღვაზე. ბაზრობა აინტერესებთ? - ლილოში წავლენ. ბორჯომით ვერ დავაინტერესე, ვერც ბათუმს უხსენებ. აი, კახეთი უყვართ, გიჟდებიან ღვინოზე. არ არსებობს ინდოელების ჯგუფი ჩამოვიდეს და კახეთის ტური არ დამაგეგმინონ. ღვინო და თბილისი ურჩევნიათ ყველაფერს. კვებას რაც შეეხება, შინ მომზადებული უყვართ ყველაფერი. ბრინჯს ტომრით ყიდულობენ. მათ საყვარელ კერძს "ბირიანი" ჰქვია, მზადდება ბრინჯით, სანელებლებითა და კიბორჩხალით (სხვანაირი კიბორჩხალები აქვთ, შესაწვავი), ან ქათმის ხორცით.

ყაზახები თანამედროვე ევროპელები არიან, ისე მსჯელობენ, ისე იქცევიან... ძალიან მოსწონთ ბორჯომი და გუდაური. გუდაური თითქმის ყველას მოსწონს, იმიტომ, რომ ბევრი გასართობია, პარაშუტი, ცხენები, კვადროციკლები, მდინარეზე ჯომარდობა, კატერები... ანანურიდან იწყება და აირჩიე, რითიც გინდა გაერთობი, ბორჯომში კი მხოლოდ კვადროციკლის ტურია.

იტალიელები ქართველებივით არიან, ქცევით, გარეგნობით, საუბრით, ჭამითაც კი ძალიან ვგავართ ერთმანეთს. აქ ღია ცისქვეშ კლუბებში დადიან, ისეთში არა, არაბებს რომ იზიდავთ.

ებრაელები ძალიან მოწესრიგებული ხალხია, სუფთა, კულტურულები. ძალიან უყვართ ქართველები. უშენოდ პურის საჭმელად არ დასხდებიან. განსაკუთრებით ბორჯომის პარკი მოეწონათ, კახეთი და სვანეთი. სვანეთი ევროპელებსაც მოსწონთ - ავსტრიელებს, რუმინელებს, ალბანელებს, პოლონელებს...

- ყველაზე ძვირი რომელი კურორტია, თქვენი დაკვირვებით?

- ყველაზე ძვირი ბათუმია...

რა ღირს საოჯახო ტიპის სასტუმროებში 10 დღით ორკაციანი ნომრები საქართველოს სხვადასხვა კურორტზე:

ბორჯომი-ლიკანი-ბაკურიანი ერთნაირი ფასებით ხასიათდება - 1.000-1.400 ლარის ფარგლებში მერყეობს. სვანური სიდარბაისლითა და სტუმარმასპინძლობით განთქმულ მესტიაში ფასები 1.200 ლარიდან იწყება. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმი სავსეა ტურისტებით, საოჯახო სასტუმროები 1.200-1.800 ლარად მოგემსახურებიან. ქობულეთში 800-1.200 ლარად დაისვენებთ, სურამში - 800-1000 ლარად. ხვანჭკარიან რაჭაში, კერძოდ, ამბროლაურში 900 ლარად დაუვიწყარ დღეებს გაატარებთ, გუდაურის ფასები 1.300-1.800 ლარის ფარგლებშია. პურმარილითა და ღვინით განთქმული თელავი კი 900 ლარად გიმასპინძლებთ. ფასები მოცემულია კვების გარეშე, კვებით კი, მინიმუმ, 500 ლარით გაიზრდება თქვენი ხარჯი. თუმცა როგორც დამსვენებლები ამბობენ, პროდუქტი იმდენად გაძვირებულია ტურისტების სიმრავლის გამო, განსაკუთრებით ხილ-ბოსტნეული, რომ ჯობს კვებით გაურიგდეთ სასტუმროს მფლობელს, რადგან ძალიანაც რომ შეეცადოთ, დიდი ეკონომია არ გამოგივათ, საბოლოოდ დასვენების ნაცვლად სამზარეულოს ქურასთან ფუსფუსი შეგრჩებათ.

იხილეთ სრულად

myquiz