"ეს ადგილი დაგარწმუნებს, რომ სანტა და ჯადოსნური სამყარო ნამდვილად არსებობს"- საოცარი მოგზაურობა სანტა კლაუსის სოფელში | Allnews.Ge

"ეს ადგილი დაგარწმუნებს, რომ სანტა და ჯადოსნური სამყარო ნამდვილად არსებობს"- საოცარი მოგზაურობა სანტა კლაუსის სოფელში

სანტა კლაუსის სოფელი, რომელიც ფინეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ლაპლანდიაში მდებარეობს შობა-ახალი წლის შესახვედრად ერთ-ერთ ყველაზე სასურველ მიმართულებად ითვლება. სანტას სოფელში სტუმრობა ბავშვებზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს, ამავდროულად მოგზაურობა ძალიან საინტერესოა მოზრდილებისთვისაც.

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ჟურნალისტისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის თამთა ჯიჯავაძის პოსტს გადავაწყდი, სადაც ის ლაპლანდიაში დაუვიწყარი მოგზაურობის შესახებ წერდა. იხილეთ: ათი რამ, რაც ლაპლანდიაში ბავშვთან ერთად უნდა გამოსცადო.

325431079-1203196367257331-2578694106623420429-n-1674464854.jpg

გთავაზობთ ინტერვიუს, სადაც ის ლაპლანდიაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

-თამთა, პირველ რიგში გვიამბეთ რატომ გადაწყვიტეთ ლაპლანდიაში მოგზაურობა და რა მოლოდინები გქონდათ?

-ლაპლანდიაში მოგზაურობის დაგეგმვა მას შემდეგ გვინდოდა, რაც ლუკა 4 წლის გახდა, თუმცა, შემდეგ დაიწყო პანდემია და ორი წელი ვერ შევძელით წასვლა. წელს კი, რადგან ლუკა უკვე 7 წლის გახდა და ეჭვებიც გაუჩნდა სანტას არსებობა/არარსებობასთან დაკავშირებით, ვიფიქრეთ, რომ ბოლო წელი იყო, როცა ლუკასთვის შეიძლებოდა ამ მოგზაურობის ისე მოწყობა, რომ მისთვის ზღაპრულ არდადეგებად ქცეულიყო.

სიმართლე გითხრათ, მოლოდინი იმაზე ნაკლები გვქონდა, ვიდრე რეალობა აღმოჩნდა. სანტას სოფელი, რომელიც ფინეთში, ლაპლანდიის რეგიონის ქალაქ როვანიემშია მოწყობილი, მართლა დაგარწმუნებს, რომ სანტა და ჯადოსნური სამყარო არსებობს. ყველაფერი ილუმინაციებითაა მორთული, რომელსაც არც აქრობენ, ვინაიდან ზამთრის პერიოდში იქ დღე მხოლოდ რამდენიმე საათითაა. ყველაფერი ფილმებში ნანახ სანტას სამყაროს ჰგავს. მშობლებმაც კარგად ვისიამოვნეთ.

-რა იყო თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი?

-თითოეული დღე და აქტივობა დასამახსოვრებელი გამოდგა გამომდინარე იქიდან, რომ იქ ჩვენგან რადიკალურად განსხვავებული გარემოა. დავიწყოთ იმით, რომ სკანდინავიაა, მოწესრიგებული, ყველაზე მშვიდი, უსაფრთხო, ეკონომიკურად ძლიერი, განათლების დონით ერთ-ერთი მოწინავე რეგიონი, რომელიც დანარჩენი ევროპისგან მკვეთრად განსხვავებულია.

325462814-3429981610661285-9085396040796022604-n-1674464082.jpg

ამიტომ ამ კომფორტმა, სიმშვიდემ, სილაღემ და უამრავმა შემეცნებითმა და გასართობმა აქტივობამ თავისი როლი ითამაშა და ძალიან კმაყოფილები და აღფრთოვანებული დავბრუნდით. თუმცა, ბუნებრივია, სანტასთან ვიზიტი ყველაზე გამორჩეული იყო. სანტას ოფისში შესვლის წამიდან თვალწინ ჯადოსნური გარემო იშლება. ელფები გეგებებიან და გესალმებიან ისე, თითქოს უკვე დიდი ხანია გიცნობენ და გელოდებოდნენ კიდეც. დერეფანი, რაც სანტას ოთახამდე უნდა გაიარო, ისეა მორთული, რომ თავი „საჩუქრების“ სამყაროში გგონია. ლუკას ელფმა პირველ სართულზე პატარა ბარათი გაატანა მესიჯით, რომელიც ზემოთ სართულზე მყოფი ელფისთვის უნდა გადაეცა. ეს მესიჯი ფინური იყო და როგორც მივხვდით, ეწერა, რომ სანტას ლუკასთვის საჩუქარი უნდა ეჩუქებინა. თავად სანტასთან შეხვედრაც საოცარი იყო. მან უკვე იცოდა, რომ ჩვენ თბილისიდან ჩავედით და საუბარიც შესაბამისად წარმართა.

324881279-2172096059668244-2987301375603531798-n-1674464106.jpg

-სანტა კლაუსის სოფელზეც გვიამბეთ, რამდენად გამართლდა თქვენი მოლოდინები..

-სანტა კლაუსის სოფელში სანტას ოფისის გარდა, მისის კლაუსის ოფისიცაა, რა თქმა უნდა, მასაც ვეწვიეთ. ასევე, იქვე მდებარეობს სანტას ფოსტაც, სადაც წერილები მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან იგზავნება. ფოსტაში შეგიძლიათ სანტას მომდევნო წლის საშობაო სურვილის შესახებაც დაუტოვოთ წერილი.

326337591-467325772094478-3883997338425173750-n-1674464146.jpg

გარდა ამისა, იქ უამრავი აქტივობით შეგიძლიათ დაკავდეთ, მათ შორის ირმების, ჰასკების მონახულებით, მათთან ერთად ტყეში გასეირნებით. ყინულის სასრიალო მოედნით, სასრიალო ტრასებით, ყინულის რესტორანში ვახშმობაც შეგიძლიათ, ხოლო ყინულის ბარში ცხელი და ალკოჰოლური სასმელების დალევა. ზრდასრულებისთვისაც უამრავი აქტივობაა, მათ შორის საღამოს აქტივობები - დისკოთეკა ყინულის ბარში და სხვა. ყველაფერმა ერთად მოლოდინს გადააჭარბა.

325469550-2411416909024436-3333004382029235530-n-1674464168.jpg

-რამდენად კმაყოფილი დარჩა ლუკა სანტას სოფელში სტუმრობით?

-ლუკა წინასწარ ემზადებოდა სანტასთან შესახვედრად. ინგლისურად ფრაზებიც კი იმეორა წინასწარ, რა უნდა ეთქვა. აღფრთოვანებული იყო.

325454745-3460879870792670-2374216985379243828-n-1674464198.jpg

325465108-671935928001280-2181373053298741846-n-1674464395.jpg

-რას ურჩევდით ლაპლანდიაში მოგზაურობის მსურველებს, რა უნდა გაითვალისწინონ აუცილებლად?

-არ უნდა დაგავიწყდეთ თერმული ტანსაცმელი, ვინაიდან იქ ზოგჯერ ტემპერატურა დღისით მინუს 20 გრადუსსაც კი სცდება. ასევე, აჯობებს სამგზავრო ბილეთების და სასტუმროს, ხშირ შემთხვევაში ტურების წინასწარ დაჯავშნაც. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ სანტას სოფელში ვიზიტი, ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით პერიოდშია კარგი, იმისთვის რომ უფრო მეტად საგრძნობი იყოს ჯადოსნური საშობაო გარემო. სანტას ოფისი სხვა დროსაც ღიაა, თუმცა, დამერწმუნეთ, ზაფხულში ნაკლები ეფექტი ექნება იქ სტუმრობას. თოვლი დნობას მარტიდან იწყებს და შემდეგ ირმებით და ჰასკების მარხილით გასეირნებაც ჭირს. რა თქმა უნდა, ბავშვის ინტერესებს უნდა მოერგოთ და ყველა იმ აქტივობისთვის მასთან ერთად მოემზადოთ, რაც მის საშობაო არდადეგებს ზღაპრულს და გამორჩეულს გახდის.

325414480-891307842289904-8005110797967505767-n-1674464235.jpg

ასევე, თუ ქალაქგარეთ აქტივობებითაც ხართ დაინტერესებული, აჯობებს მანქანა იქირაოთ, უფრო იაფი დაგიჯდებათ. ჩვენ რამდენიმე დამატებითი დღე რომ გვქონოდა კიდევ, სხვა ტურებსაც ავიღებდით, მაგალითად, ქალაქგარეთ ვეწვეოდით რანუას ზოოპარკს, სადაც ველურ ბუნებაში პოლარულ დათვსაც ვნახავდით, ან ეროვნულ პარკს და გაყინულ ჩანჩქერებს მოვინახულებდით. გარდა ამისა, ჩრდილოეთის ციალსაც ჩვენ თავად ყოველ საღამოს ქალაქგარეთ დავაკვირდებოდით, ვინაიდან ქალაქში იშვიათად ჩანს ხოლმე.

325413024-695822775514890-7741014909703732185-n-1674464275.jpg

-აუცილებელია მოგზაურობასთან დაკავშირებულ ხარჯებზეც ვისაუბროთ. ძალიან ბევრისთვის ფინეთში და განსაკუთრებით ლაპლანდიაში მოგზაურობა ძალიან დიდ ხარჯებთან ასოცირდება. თუ შეგიძლიათ გვიამბეთ, როგორ მოვხვდეთ ლაპლანდიაში ბიუჯეტურად?

-იაფი ნამდვილად არ არის. თუმცა, იმაზე იაფია, ვიდრე ზოგადად საქართველოში წარმოუდგენიათ. მთავარია წინასწარ დაგეგმვა და ეტაპობრივად ბილეთების და ყველა დეტალის გათვალისწინება. ჩვენ თვითმფრინავის ბილეთებიც ადრე ვიყიდეთ, სასტუმროც სამი თვით ადრე დავჯავშნეთ, და ტურები და სხვა ბილეთებიც წინასწარ ონლაინ ვიყიდეთ, რაც უფრო იაფი გამოვიდა. სულ თვითმფრინავის ოთხი გზის ბილეთი დაგვჭირდა.

325453363-2955426344764342-8367930813063698109-n-1674464374.jpg

ქუთაისი-ტალინი, ტალინი-როვანიემი და როვანიემიდან უკანა გზაზე ჰელსინკამდე ჩავფრინდით. შემდეგ კი ჰელსინკიდან ტალინამდე გემით წავედით, რომლის ბილეთიც წინასწარ და უფრო ბიუჯეტურად ვიყიდეთ ონლაინ. შემდეგ ტალინშიც გავჩერდით რამდენიმე დღე და საქართველოში ისევ ტალინი-ქუთაისის რეისით დავბრუნდით. ეს ყველაფერი კი საშუალოდ ერთ ადამიანზე 1000 ევრო დაჯდა. თუმცა, თავი რაიმე განსაკუთრებულზე არ შეგვიზღუდავს.

ავტორი: ბექა ბერიაშვილი

myquiz