რა უნიკალურობით გამოირჩევა საქართველოს 4 დაცული ტერიტორია, რომლებიც მსოფლიომ აღიარა | Allnews.Ge

რა უნიკალურობით გამოირჩევა საქართველოს 4 დაცული ტერიტორია, რომლებიც მსოფლიომ აღიარა

საქართველოს 4 დაცულ ტერიტორიას UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. მსოფლიო მასშტაბით ეს სტატუსი მხოლოდ 213 ტერიტორიას აქვს მინიჭებული მათ შორის - ამაზონის ტყეს, გრანდ კანიონის ეროვნულ პარკს, იელოუსტოუნის ეროვნულ პარკს, მთა ეტნას, შვეიცარიის ალპებს. ახლა მათ რიცხვს მიემატა კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები; კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები.

მოდით ვნახოთ, რა უნიკალურობით გამოირჩევა თითოეული მათგანი:

  • კოლხეთის ნაკრძალი

შავი ზღვის სანაპიროზე, პალიასტომის ტბის მიდამოებში მდებარე ნაკრძალის ტერიტორიაზე შემონახულია კოლხეთისათვის დამახასიათებელი ჭაობისა და დაბლობის ტყეების ლანდშაფტი. მხოლოდ ამ ადგილზეა გავრცელებული ისეთი იშვიათი სახეობებია, როგორებიცაა: მურყანი, წიფელი, რცხილა, კოლხური სურო, წყავი, შქერი და რელიქტური ბალახოვანი მცენარეები; ცხოველებიდან - შველი, გარეული ღორი და სხვა.

  • მტირალას ეროვნული პარკი

მტირალას მთა შავ ზღვასა და აჭარის მთათა სისტემას შორის, მდინარეეების, ჩაქვისწყლისა და ყორაღისწყლის წყალგასაყარზე მდებარეობს. მტირალას ტერიტორია აგებულია შუა ეოცენის ასაკის, ე.წ "ნაღვარევის წყების“ ვულკანურ-დანალექი ქანებით. ის ზღვის ტენიან ჰაერს აკავებს და აჭარის უაღრესად ტენიან ჰავას განსაზღვრავს.

mtiralanisli-1627545801.jpg

მთელი წლის მანძილზე მტირალას ტერიტორიაზე 4520 მმ ნალექი მოდის, რაც მას ქვეყნის ყველაზე სველ ადგილად აქცევს. „მტირალა“ მთას სწორედ უხვნალექიანობის გამო შეერქვა.

ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გავრცელებულია ტყის მცენარეულობა, რომელიც წაბლნარებით, წიფლნარებითა და კოლხური ტიპის შერეული ტყით არის წარმოდგენილი, ასევე კოლხეთისთვის დამახასიათებელი მარადმწვანე შქერის ბუჩქებით. კოლხური ტიპის ტყეში გვხვდება წიფელი, ცაცხვი, წაბლი, ჩვეულებრივი მურყანი, რცხილა. ქვეტყე დაფარულია შქერიანით, რომელსაც წყავი, კოლხური ჭყორი, კოლხური ბზა და რამდენიმე ტიპის ლიანები ქმნიან.

მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გავრცელებულია აჭარა-ლაზეთის იშვიათი, ენდემური სახეობები და საქართველოს "წითელი ნუსხის" სახეობები, როგორებიცაა: გაულთერიასმაგვარი ეპიგეა, ფურისულა, მედვედევის არყი და სხვა.

mtiralasaxli-1627545802.jpg

ეროვნული პარკის ბინადრები არიან: მურა დათვი, ფოცხვერი, მგელი, თხუნელა, სინდიოფალა, კავკასიური (სპარსული) ციყვი, კურდღელი, მელა, მაჩვი, ტყის კატა. ჩლიქოსნებიდან ნაკრძალის ტყეებში გვხვდება შველი და გარეული ღორი. ამფიბიებიდან - კავკასიური სალამანდრა, მცირეაზიური ტრიტონი, ჩვეულებრივი გომბეშო, ვასაკა, მცირეაზიური და ტბის ბაყაყები; ასევე, სამი სახის ხვლიკი და გველის რამდენიმე სახეობა: ჩვეულებრივი და წყლის ანკარები, სპილენძა გველი და კავკასიური გველგესლა ბინადრობს.

მტაცებელი ფრინველებიდან მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გავრცელებულია ჩია არწივი, კაკაჩა, ქორი, მიმინო, მარჯანი, ჩვეულებრივი კირკიტა, აგრეთვე ღამის მტაცებლები: ზარნაშო, წყრომი. სხვა ფრინველებიდან ბუდობს ოფოფი, კოდალა, ყორანი, შაშვი, მოლაღური.

  • კინტრიშის დაცული ტერიტორია

კინტრიშის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში შედის 1959 წელს დაარსებული კინტრიშის ნაკრძალი და კინტრიშის დაცული ლანდშაფტი, რომელიც 2007 წელს დაარსდა. მისი ფართობია 10 703 კვადრატული კილომეტრი. კინტრიშის დაცული ტერიტორიები აჭარაში, ქობულეთის რაიონში მდებარეობს.

kintrishigrublebi-1627545852.jpg

კინტრიშის დაცული ტერიტორიები შავ ზღვას და აჭარა-იმერეთის მთათა სისტემას შორისაა მოქცეული. ეს მთები ზღვის ტენიან ჰაერს აკავებს და კინტრიშის უაღრესად ტენიან ჰავას განსაზღვრავს. მთელი წლის განმავლობაში აქ თითქმის იმდენივე ნალექი მოდის (3000 მმ), რამდენიც აჭარის ზღვის სანაპიროზე.

kintrishitye-1627545853.jpg

ნაკრძალის მთიანი რელიეფი ღრმა ხეობებითაა დასერილი. ნაკრძალის წყლის მთავარი არტერია – მდინარე კინტრიში სათავეს ხინოს მთიდან იღებს და კურორტ ქობულეთის სიახლოვეს შავ ზღვაში ჩაედინება. ნაკრძალის დანარჩენი მდინარეები და ღელეებია: ხეკნარა, პერანგა, მამედაღი, დიდღელე, მისანათის ღელე, რომელზეც 30 მეტრიანი ჩანჩქერია, ბოლქვაძეების ღელე და ჩრდილა - ორსაფეხურიანი 70 მეტრის სიმაღლე წყალვარდნილით სწორედ კინტრიშის შენაკადებს წარმოადგენს.

kintrishiqvebi-1627545852.jpg

ნარკძალი დაარსდა მესამეული ხანის კოლხური ტიპის ფლორისა და ფაუნის დასაცავად. კინტრიშის ნაკრძალის რელიეფი რთული და მრავალფეროვანია. ნაკრძალში შემონახულია მრავალი ენდემური და რელიქტური სახეობა. სუბტროპიკული მცენარეულობის სარტყელს ცვლის მუხნარ-რცხილნარის და მუხის სარტყლები, უფრო ზემოთ სუბალპური მეჩხერი ტყე და ალპური მდელოებია.

მერქნიანი მცენარეებიდან აქ გვხვდება ჰარტვისის მუხა, შავი მურყანი, რცხილა, უთხოვარი, ბზა, პონტოს მუხა, მედვედევის არყი, ძახველი, ხეშავი, ჭნავი, ქონდარა ღვია და სხვა. ცხოველებიდან - შველი, არჩვი, დათვი, მელა, კვერნა, ტყის კატა, დედოფალა, კავკასიური გველგესლა და კავკასიური სალამანდრა, როჭო, ტყის ქათამი. მდინარეებში ბევრია კალმახი.

  • ქობულეთის დაცული ტერიტორია

ქობულეთის დაცული ტერიტორიები (ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი და აღკვეთილი) შეიქმნა საერთაშორისო მნიშვნელობის, წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი უნიკალური ჭარბტენიანი ეკოსისტემების, როგორც მაღალი ღირებულებების მქონე ბუნებრივი მემკვიდრეობის გადარჩენის მიზნით, რომელთა სტატუსიც აღიარებულია რამსარის კონვენციით.

ტერიტორია მოიცავს ქობულეთის ზღვისპირა ვაკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს, გამოირჩევა წყლის ფრინველთა და მცენარეების მრავალფეროვნებით.

kobuletisdaculi-1627542056.jpg

ჭაობი უზრუნველყოფს მტკნარი წყლის დაგროვებას, შენახვას და არეგულირებს ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების დინებას, რის საშუალებითაც ხდება გრუნტის წყლების დონის შენარჩუნება. ასევე, ჭაობი უზრუნველყოფს კლიმატური პირობების სტაბილიზაციას, აკავებს ეროზიას და ინარჩუნებს ადგილობრივ ბიომრავალფეროვნებას.

ეს ჭაობი მრავალი იშვიათი და გადაშენების პირას მდგარი მცენარეთა და ცხოველთა სახეობების საცხოვრებელი გარემოა, გადაფრენის პერიოდში კი ფრინველთა შესვენების ადგილი.

აქ არის უნიკალური ხავსი, ე.წ სფაგნუმის ბალიშები, რომელიც ქობულეთს წყალდიდობისგან იცავს და რომლის სახეობაც მხოლოდ საქართველოში ხარობს. ვიზიტორი დაცულ ტერიტორიაზე ნახავს ისპანის უნიკალურ ტორფნარებს - ბიომრავალფეროვნებისათვის განსაკუთრებულ და ყველაზე მეტად ხელუხლებელ გარემოს, რომელთაც ადამიანის ზემოქმედება არ განუცდია.

kobuletisparki-1627542057.jpg

ტორფნარები ინახავს მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ძეგლებსაც. 1964 წელს სადრენაჟო არხის გათხრისას აღმოჩენილა ძვ. წ. IV და III ათასწლეულის მიჯნის დროინდელი ტორფქვეშა ნამოსახლარები. აქ 5-6 ათასი წლის წინ დასახლებულა ადამიანი, მაშინ როცა ეს ადგილი ჯერ კიდევ არ იყო დაჭაობებული.

სწორედ აქ ხარობს უნიკალური სფაგნუმის ხავსიც, რომელზეც იზრდება მწერიჭამია დროზერა, ჩრდილოეთის ისლი, სამეფო გვიმრა. ასევე ხარობს შქერი, ყვითელი და თეთრი დუმფარები და სხვა მცენარეები.

kobuletisdaculiteritor-1627542057.jpg

თუ ვიზიტორს გაუმართლა და წყლის დონე დაბალია, აქ ყველა მცენარის ნახვაა შესაძლებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი წყლით იფარება.

ტერიტორიები განსაკუთრებულად მდიდარია მცენარეთა სახეობებით. ისპანი 1-ზე, დღევანდელი მდგომარეობით, წარმოდგენილია ნახევრად დეგრადირებული მეორადი მცენარეული დაჯგუფებები. ისპანი 2 მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური პერკოლაციური - გუმბათოვანი ჭაობია, რომელიც მხოლოდ წვიმის წყლით საზრდოობს.

მცენარეთა უმეტესობა ჩრდილოური (ბორეალური) წარმოშობისაა და კოლხეთში მეოთხეული პერიოდის გამყინვარების ეპოქებში მოხვდა. აქაურ ტორფიან ჭაობებში იზრდება კოლხური მცენარეებიც: შქერი, იელი, ეკალღიჭი და სხვ. ქობულეთის აღკვეთილში ასევე გვხვდება იშვიათი სახეობის სამეფო გვიმრაც.

AllNews.ge დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეს, თამარ ხახიშვილს ესაუბრა:

"საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად უკვე წლებია, მუშაობს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში დაცული ტერიტორიების ნომინირების თაობაზე.

2019 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად მიმართა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს, სრული დოკუმენტაციით, სადაც ნომინირებული იყო საქართველოს ოთხი დაცული ტერიტორია - კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები.

აღნიშნული არეალები გამოირჩევა უნიკალური ბიომრავალფეროვნებით, იმ კუთხით, რომ აქ ჩვენ ვხვდებით ენდემურ და რელიქტურ სახეობებს და წარმოდგენილია ძალიან ბევრი წითელი ნუსხის სახეობა. კოლხეთის დაბლობია ტერიტორია, სადაც აბსოლუტურად ხელუხლებლადაა შემონახული მესამეული პერიოდის ტყეები, ჭაობები, ესაა ტერიტორიები, რომელიც გადაურჩა გამყინვარების პერიოდს და შესაბამისად, აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა იმისთვის, რომ UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს, მისი მრჩეველთა საბჭოს წარდგინებით, რეკომენდაციით აღნიშნული ნომინაციისთვის მხარი დაეჭირა.

კოლხური ტყეები (რაც ასევე გავრცელებულია მტირალას და კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე) ზოგადად გამოირჩევა რელიქტიკით და ენდემური სახეობებით, ანუ ამ ტერიტორიებზე ვხვდებით სახეობებს, რომელიც ათასეული წლების განმავლობაში შენარჩუნებულია პირველადი სახით და უწყვეტად ხარობს მესამეული პერიოდიდან. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ რეალურად, აღნიშნულ დაცულ ტერიტორიებზე ძალიან მაღალი ღირებულების მქონე ტყეები გვხვდება.

ქობულეთის დაცული ტერიტორია, ისევე, როგორც კოლხეთის დაცული ტერიტორია, აღიარებულია, როგორც საერთაშორისო დონის ჭარბტენიანი ტერიტორიები. ანალოგიურად, კინტრიშსა და მტირალაში ხარობს კოლხური ტყეები, სადაც ასევე ძალიან დიდი რაოდენობით გვხვდება ენდემური სახეობები, წითელი ნუსხის სახეობები, რაც არა მხოლოდ ეროვნული, არამედ, გლობალური მნიშვნელობის სახეობებია.

- რა მნიშვნელობა აქვს ამ აღიარებას თავად საქართველოსთვის?

- დავიწყოთ იმით, რომ UNESCO-ს დაცული ტერიტორიების მსოფლიო მემკვიდრეობის უბნად გამოცხადება, ამ სტატუსის მიღება არა მხოლოდ ეროვნული მნიშვნელობის მიღწევაა, არამედ მთლიანად რეგიონისთვის, სამხრეთ კავკასიისთვისაა ძალიან დიდი მიღწევა, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერჯერობით, სამხრეთ კავკასიაში ბუნებრივი მემკვიდრეობის ნომინირება UNESCO-ს მხრიდან არც ერთი ძეგლისთვის არ მომხდარა, ეს პირველი პრეცედენტია. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ტერიტორიები უმნიშვნელოვანესია მთლიანად ეკორეგიონისთვის და ამასთანავე, განეკუთვნება შავი ზღვის აუზის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს.

მეორე მხრივ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ტურიზმისა და ეკოტურიზმის თვალსაზრისით მათი გამორჩეული მნიშვნელობა და სარგებელი, რაც შეიძლება, აღნიშნულმა დაცულმა ტერიტორიებმა UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მიღების შემდეგ ნახონ. ზოგადად, სტატისტიკა და ფაქტები მოწმობს, რომ როგორც კი ნებისმიერ დაცულ ტერიტორიას, ბუნებრივი მემკვიდრეობის ადგილს UNESCO-სგან აღნიშნული სტატუსი ენიჭება, ის ძალიან სწრაფად და მნიშვნელოვნად ვითარდება.

ჩვენც შეგვიძლია, აღნიშნული პრაქტიკით ვიხელმძღვანელოთ - საქართველოს უდიდესი პოტენციალი აქვს ამ სტატუსის ქვეშ რაციონალურად დაგეგმოს ეკოტურიზმი და შესაბამისად, იმუშავოს მაქსიმალურად მომსახურებაზე, ხარისხის გაუმჯობესებაზე, შექმნას სამუშაო ადგილები. ეს პარალელურად, ძალიან კარგი საშუალებაა ადგილობრივი, რეგიონული ტურიზმის განვითარებისთვისაც და მთლიანობაში, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე ძალიან კარგ გავლენას მოახდენს.

ავტორი: ეკა აბაშიძე