მილიონერების სოფელი ჩინეთში - ჰუაქსის ბინადართა ცხოვრების ნათელი და ბნელი მხარეები | Allnews.Ge

მილიონერების სოფელი ჩინეთში - ჰუაქსის ბინადართა ცხოვრების ნათელი და ბნელი მხარეები

50 წლის წინ ჰუაქსი ტიპიური ჩინური ღარიბი სოფელი იყო, თუმცა დღეს მისი მაცხოვრებლები მდიდრულ ვილებში ცხოვრობენ, ძვირადღირებული ავტომობილებით გადაადგილდებიან, სარგებლობენ უფასო ჯანდაცვით, საბანკო ანგარიშებზე კი ასიათასობით დოლარი აქვთ. ეს ყველაფერი ერთი ადამიანის დამსახურებაა - კომუნისტური პარტიის კომიტეტის ყოფილი მდივნის ვუ რენბაოსი, რომელმაც ნახევარი საუკუნის წინ სპეციალური გეგმა შეიმუშავა და მისი მიზანი სოფლის მცხოვრებთა გამდიდრება იყო.

huaxikaci-1625735230.jpg

სოფელი 240 აკრზეა გადაჭიმული და ვატიკანზე დაახლოებით ორჯერ დიდია. 1950 წელს ჰუაქსში 600-მდე ადამიანი ღარიბულად ცხოვრობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ვუ რენბაომ 12 კორპორაცია დაარსა, მათ შორის ტექსტილისა და ფოლადის მწარმოებელი საწარმოები, შემდეგ კი 1998 წელს სოფელი ჩინეთის საფონდო ბირჟაზე გაიყვანა, ჰუაქსის მაცხოვრებელთა რაოდენობაც და ფინანსებიც საგრძნობლად გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ როცა რენბაო 2013 წელს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა, ის მთელმა სოფელმა მასშტაბური პროცესიით დაიტირა. მისი გარდაცვალების შემდეგ, სოფლის ხელმძღვანელობა რენბაოს ვაჟმა გადაიბარა.

renbaohuaxi-1625735230.jpg

სოფლის შემოსავლის მესამედი რკინისა და ფოლადის წარმოებაზე მოდის. ჰუაქსელებს ნედლეული ინდოეთიდან და ბრაზილიიდან შემოაქვთ, წარმოებული პროდუქცია კი 40 ქვეყანაში გააქვთ ექსპორტზე. შემოსავლის მეორე მთავარი წყარო ტექსტილის ფაბრიკებია - 80-მდე საწარმოში ძირითადად სოფლის მოსახლე ქალები არიან დასაქმებულნი.

ჰუაქსს ყოველწლიურად ორ მილიონამდე ტურისტი სტუმრობს და ამის კიდევ ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ერთ სოფელში მთელი მსოფლიოს გარშემო იმოგზაურებთ - ჰუაქსში მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობების მინი ვერსიებია თავმოყრილი, მათ შორის: პარიზის ტრიუმფალური თაღი, ჩინეთის დიდი კედელი, კაპიტოლიუმის შენობა, სიდნეის ოპერა და სხვ.

huaxiparis-1625735230.jpg

2011 წელს, სოფელში 74-სართულიანი ცათამბჯენი ააგეს - 328 მეტრის სიმაღლის შენობაში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა განთავსებული, სადაც 800 ნომერია და ერთდროულად 2000 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. სასტუმროს მშენებლობა 4 წელს გაგრძელდა და 3 მილიარდი იუანი (დაახლოებით 470 მილიონი დოლარი) დაჯდა.

huaxisastumroo-1625735230.jpg

თუმცა, როგორც ამბობენ, ჰუაქსელების ცხოვრება არც ისე იდეალურია, როგორც ეს გარედან ჩანს: სოფლის მოსახლეობა ინდუსტრიულ მეურნეობებში კვირაში შვიდ დღეს მუშაობს. ამასთან, სოფლის მაცხოვრებლებს შორის, შეიძლება ითქვას იერარქიები არსებობს - რეალურად, ზემოთაღნიშნული პრივილეგიებით სარგებლობს სოფლის ძირძველი 2000-მდე მაცხოვრებელი, რომლებიც 50-იანი წლებიდან ცხოვრობენ ჰუაქსში, ბევრად ნაკლები უპირატესობები აქვთ სოფელში ახლადდასახლებულებს.

huaxiisaxli-1625735230.jpg

ჰუაქსის მოსახლეობა მკაცრი სოციალური წესების დაცვით ცხოვრობს - აკრძალულია აზარტული თამაშები და ნარკოტიკული საშუალებები, სოფელში არ არის ბარები, კლუბები და ინტერნეტკაფეები. სოფელი ისეა მოწყობილი, რომ მის მოსახლეობას მხოლოდ უნდა ემუშავა, შემდეგ კი სახლებში წასულიყო დასასვენებლად, ყოველგვარი გართობის გარეშე. გამოცემა The China Chronicle იმასაც კი წერს, რომ თუ ჰუაქსში ცხოვრობ ყველაფერს კარგავ...

myquiz