უნდა შემოვუშვათ თუ არა რუსი ტურისტები? - ეპიდაფეთქება რუსეთში და ინფექციონისტების შემაშფოთებელი პროგნოზები | Allnews.Ge

უნდა შემოვუშვათ თუ არა რუსი ტურისტები? - ეპიდაფეთქება რუსეთში და ინფექციონისტების შემაშფოთებელი პროგნოზები

“რუსეთში კორონავირუსის დელტა შტამის გავრცელებით გამოწვეული კრიტიკული ეპიდსიტუაციის გამო, სხვადასხვა ქვეყნებში რუსეთიდან ჩასული მოქალაქეების მიმართ მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა, ზოგიერთმა სახელმწიფომ კი საერთოდ ჩაკეტა საზღვრები რუსეთის მოქალაქეებისათვის. ქართველ ინფექციონისტთა უმრავლესობა ტურისტული სეზონის წინ ხელისუფლებას იგივეს გაკეთებას ურჩევს, რადგან ქვეყანაში რუსი ტურისტების მასობრივად და უკონტროლოდ შემოსვლის შემთხვევაში ეპიდემიის ახალი აფეთქება გარდაუვალი იქნება და ამან შესაძლოა ტურისტული სეზონი საერთოდ ჩაშალოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით: "უნდა შემოვუშვათ თუ არა რუსი ტურისტები - ინფექციონისტები შემაშფოთებელ პროგნოზებს აკეთებენ".

“იმის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი, თუ რა შეიძლება მოყვეს რუსეთიდან ტურისტების უკონტროლო შემოსვლას, ოკუპირებული აფხაზეთია. ბოლო რამდენიმე კვირაა აფხაზეთის კურორტები რუსი დამსვენებლებითაა სავსე, რაც, ერთის მხრივ, ადგილობრივთა კმაყოფილებას იწვევს, რადგანაც ტურიზმი დღეს აფხაზეთში შემოსავლის მთავარი წყაროა. თუმცა, ამის პარალელურად, ივნისიდან კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყოველდღიური რაოდენობა სტაბილურად იზრდება და დაავადებულთა რაოდენობა სწრაფად უახლოვდება კრიტიკულ ზღვარს, რაც ადგილობრივი მოსახლეობისა და დე ფაქტო ხელისუფების სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

უშუალოდ რუსი ტურისტების გარდა, სერიოზული საფრთხის შემცველია ასევე რუსეთში სტუმრობაც. მაგალითად, ფინეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო დღეებში ახალი შემთხვევების რაოდენობის მკვეთრი მატება დაიწყო და ამ ახალი აფეთქების მთავარი მიზეზი ევრო-2020-ია. კერძოდ, ფინელი ფეხბურთის გულშემატკივრების სტუმრობა სანკტ-პეტერბურგში გამართულ რუსეთი-ფინეთის ჯგუფური ეტაპის მატჩზე. სამინისტროს ინფორმაციით, სამშობლოში დაბრუნებულმა ფინელმა გულშემატკივრებმა დელტა შტამი ჩამოიტანეს, რასაც ეპიდსიტუაციის მკვეთრი გაუარესება მოჰყვა. უშუალოდ რუსეთში პრაქტიკულად ყოველდღე ახალი ანტირეკორდი მყარდება. ბოლო დღეებში ინფიცირების ახალი შემთხვევების ყოველდღიური რაოდენობა 20 ათასს გადასცდა და სტაბილურად იზრდება”, - აღნიშნავს "რეზონანსი".

“რუსეთში არსებული კრიტიკული სიტუაციის გამო, გერმანია და საფრანგეთი რუსი ტურისტების შეშვების წესებს ამკაცრებენ. “რობერტ კოხის ინსტიტუტის” ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გერმანიაში შესული რუსი ვიზიტორისთვის 14-დღიანი სავალდებულო კარანტინია დაწესებული, რომლის ხანგრძლივობაც არ შემცირდება კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაშიც და რომელიც სავალდებულოა მათთვისაც, ვინც ორჯერადადაა აცრილი და ვინც კორონავირუსი უკვე გადაიტანა.

გერმანიას რუსეთი 29 ივნისიდან იმ ქვეყნების სიაში შეჰყავს, სადაც კორონავირუსის ახალი ვარიანტები აქტიურად ვრცელდება. ამ სიაში ყოფნა ასევე ნიშნავს, რომ ავიაკომპანიებს, რკინიგზას და ავტობუსებს რუსეთიდან მხოლოდ გერმანიის მოქალაქეობის ან ბინადრობის ნებართვის მქონე მგზავრების გადაყვანის უფლება ექნებათ. რაც შეეხება საფრაგეთს, ქვეყნის ხელისუფლებამ 25 ივნისიდან შეწყვიტა შენგენის მრავალწლიანი ვიზის მოქმედების ვადის გახანგრძლივება რუსეთის იმ მოქალაქეებისათვის, რომელთა ვიზებსაც ეპიდემიის პერიოდში გაუვიდა ვადა. მანამდე კი საფრანგეთმა რუსეთი “წითელ ზონაში” შეიყვანა. მოსკოვში საფრანგეთის საელჩო იტყობინება, რომ ვიზების დამუშავება მას შემდეგ განახლდება, რაც რუსეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გამოსწორდება”, - ვკითხულობთ სტატიაში.

ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც პროცენტულად ყველაზე მეტი ტურისტი რუსეთიდან ჩადის, ზაფხულის დასაწყისიდან კორონავირუსულმა შემთხვევებმა და სამედიცინო დაწესებულებებში ვიზიტების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა, დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე კვირას კორონავირუსის დელტა შტამით 285 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 34 ბავშვია. გასულ კვირას კი 220 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 32 მცირეწლოვანია. ამასთან ექიმები აღნიშნავენ, რომ კორონავირუსის “ინდური შტამით” ახალგაზრდები უფრო ხშირად ავადდებიან.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო კახაძე მიიჩნევს, რომ რუსეთში ეპიდმდგომარეობის მკვეთრად გაუარესების გამო, საზღვარზე რუსეთიდან შემოსული მოქალაქეებისათვის დამატებითი ფილტრი უნდა შეიქმნას. როგორც მან “რეზონანსს” განუცხადა, სასურველია ამ შემთხვევაშიც დაახლოებით იმგვარი რეგულაციები ამოქმედდეს, რომელიც თავის დროზე ინდოეთიდან შემოსული მოქალაქეებისათვის იყო დაწესებული.

“ქვეყნის მთავარი ინტერესია, რომ თავისუფალი და “მწვანე ზონა” იყოს, ანუ პასუხისმგებელი უნდა იყოს ნებისმიერი სტუმრის მიმართ და მეორე - გარანტორი იყოს, რომ ისეთი გარემოება არ შეიქმნას, რომ მის “სიმწვანეს” რაიმე საფრთხე დაემუქროს. ამიტომ ყველა ის გამოცდილება უნდა გავითვალისწინოთ, რომელსაც დამატებით ღონისძიებების შემოღებამდე მივყავართ. ჩვენ ასეთი რამ გარკვეული ხნის წინ ინდოეთიდან მომავალ ადამიანებზე გავამკაცრეთ, ამიტომაც უპრიანი იქნება და ცუდი არ იქნება, თუ დამატებითი ფილტრი შეიქმნება, რომელიც იმ ადამიანებისთვისაც იქნება ცნობილი, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში შემოსვლას დაგეგმავს... არ იქნება ცუდი, თუ დამატებითი პსრ-ტესტი იქნება. 14-დღიანი საკარანტინე რეჟიმის გამოცხადების პირობებში კი ტურისტებისთვის აზრი ეკარგება, რომ ქვეყანაში შემოვიდნენ. ამიტომ ეს თავად ტურისტმა უნდა განსაზღვროს, რომელიც გადაადგილდება”, - ამბობს სტატიის ავტორთან საუბრისას კახაძე.

ეპიდემიოლოგი და ექსპერტი ირაკლი ხმალაძე რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელებისათვის 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის მომხრეა, რადგან შესაძლოა დამატებითი რეგულაციების გარეშე რუსი ტურისტების შემოდინებამ სიტუაცია ისე გააუარესოს, რომ ტურისტული სეზონი საერთოდ ჩაშალოს და უარესი სურათი მივიღოთ.

”ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ 14-დღიან კარანტინს შემოვიღებთ. ჯერ ეს ერთი, რომ ტურისტულად საქართველოში მხოლოდ რუსეთიდან არ ჩამოდის და ამან ტურისტულ სეზონს რაც არ უნდა შეფერხება მისცეს, თუ ამ ხალხისგან ვირუსის მასიური გავრცელება მოხდა, დიდ უბედურებას გადავაწყდებით და ტურისტული სეზონი უფრო ჩავარდება. სამედიცინო მომსახურების თვალსაზრისით, რუსეთზე უარესი მდგომარეობა ოკუპირებულ აფხაზეთშია. შესაბამისად, იქაც ძალიან ცუდი მდგომარეობა იქნება. ამიტომაც, სამწუხაროდ, აფხაზეთიდან გადმოსული ადამიანებისგანაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს”, - ამბობს ხმალაძე "რეზონანსთან".

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კი უფრო რადიკალური ზომების მომხრეა და მიიჩნევს, რომ ინდური შტამის სწრაფი გავრცელების პრევენციის მიზნით, იმ ქვეყნებიდან ტურისტების მიღება უნდა აიკრძალოს, სადაც აღნიშნული შტამი ფართოდ გავრცელებულია. კულუმბეგოვი “ფეისბუქზე” წერს:

“ბრიტანეთის ოფიციალური მონაცემების მიხედვით სიკვდილიანობის მაჩვენებელი შტამების მიხედვით ასე გამოიყურება: - ალფა (ბრიტანული) 2%; - ბეტა (სამხრეთ აფრიკული) 1.5%; - დელტა (ინდური) 0.3%. ერთი შეხედვით სასიხარულო ინფორმაციაა დელტა ვარიანტის სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი, მაგრამ ეს განპირობებულია იმით, რომ ბრიტანეთში მოზრდილი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აცრილია. ახლა ინფექცია ძირითადად ახალგაზრდებში ცირკულირებს. სამწუხაროდ, არავაქცინირებულ ერებში მაგალითად რუსეთში, ინდოეთში ეს მონაცემი კარდინალურად განსხვავდება. გერმანიამ დელტა ვარიანტის სწრაფი გავრცელების პრევენციის მიზნით აკრძალა რუსეთიდან ტურისტების მიღება. იმედია ჩვენც არ დავაგვიანებთ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას”, - ციტატად მოჰყავს კულუმბეგოვის სიტყვები "რეზონანსს".

myquiz