საბედისწერო რეისი 1549 - დაუჯერებელი ფაქტები ავიაკატასტროფაზე, რომელსაც ყველა მგზავრი ცოცხალი გადაურჩა | Allnews.Ge

საბედისწერო რეისი 1549 - დაუჯერებელი ფაქტები ავიაკატასტროფაზე, რომელსაც ყველა მგზავრი ცოცხალი გადაურჩა

ყველაზე უსაფრთხოდ მიჩნეული ტრანსპორტი ზოგჯერ დიდი კატასტროფებით გვამახსოვრებს თავს. საუბარია ავიაციაზე, კერძოდ სამგზავრო თვითმფრინავებზე. იშვიათია ისეთი შემთხვევები, რომ ათეულობით ათასი მეტრის სიმაღლეზე მყოფი ხომალდი უსაფრთხოდ დაეშვას, მაშინ როცა ტურბულენტურ ზონებში დიდი მაგნიტური შეფერხებებია, ან თუნდაც მეხის საშიშროება და კიდევ უარესი - მოულოდნელი ტექნიკური გაუმართაობა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ისეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, რომელიც სამუდამოდ ჩაიწერა ავიაციის ისტორიაში - მდინარე ჰუდსონზე მოტივტივე თვითმფრინავი და ამ ამბის დაუჯერებელი ფაქტები.

2009 წელი 15 იანვარი. ამერიკის შეერთებული შტატები. ამერიკის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი ეარბას A320-200, ფრენის ნომრით 1549, ნიუ იორკის ლა გვარდიას აეროპორტიდან დღის 3 საათსა და 27 წუთზე აფრინდა. ხომალდი კომერციულ ფრენას ასრულებდა და 155 მგზავრი ჩრდილო კაროლინას შარლოტა დუგლასის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით გადაჰყავდა. ფრენა ჩვეულებრივად, ხომალდის ტექნიკური ხარვეზების გარეშე დაიწყო.   ასეთი დიდი ზომის ავიალაინერი ფრენის დაწყებამდე დეტალურ ტექნიკურ შემოწმებას გადის და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ფრენის უფლების გაცემა. მიუხედავად ტექნიკური გამართულობისა, ჰაერშივე არსებობს უამრავი საფრთხეები. ერთ-ერთი მათგანია ფრინველების გუნდი, ან თუნდაც მცირე ზომის ჩიტი. ავიატორების თქმით, სხვა საფრთხეებთან ერთად, ფრინველებს სხვადასხვა სახის ზიანის მიყენება შეუძლიათ ხომალდისთვის - საქარე მინის დაზიანება-გატეხვა, რაც არღვევს ჰერმეტულობას. ხშირია შემთხვევა, როცა პატარა ფრინველის ძრავის პროპელერში მოხვედრის გამო აფეთქება ხდება.

აფრენიდან სამი წუთის შემდეგ პილოტებმა ჩიტების გუნდი შენიშნეს - მათ წინ ბატების გუნდი მიფრინავდა. კაპიტანმა სალენბერგმა ცენტრს შეატყობინა, რომ ხიფათის წინაშე იდგა და ავია მეთვალყურეებს დახმარება სთხოვა. დრო იმდენად მცირე იყო, ცენტრმა პილოტებისთვის პასუხის დაბრუნება ვერ მოასწრო. კაპიტანი თავის კოლეგასთან ერთად შეეცადა საფრენი მარშრუტი შეეცვალა და საფრთხე თავიდან აერიდებინა, თუმცა სალენბერგმა და პირველმა ოფიცერმა სკაილსმა, ბატების გუნდს ხომალდი ვერ აარიდეს. გადამფრენი ფრინველების ნაწილი ავიალაინერის ძრავის პროპელერებში აღმოჩნდნენ. დიდი ზომის ფრინველის სისტემაში მოხვედრამ აფეთქება და ხომალდის ორივე ძრავის ავტომატური გათიშვა გამოიწვია. მწყობრიდან გამოსულმა თვითმფრინავმა ავარიული დაშვება დაიწყო.

ძრავებგათიშული ხომალდის უახლოეს აეროპორტამდე მიყვანა შეუძლებელი იყო. კაპიტანმა სალენბერგმა და ოფიცერმა ჯეფრი სკაილსმა შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე გადაწყვიტეს, რომ ხომალდი მდინარე ჰუდსონზე დაესვათ. ჩრდილოეთის მიმართულებიდან, ავიალაინერი მათ სამხრეთის მიმართულებით მოაბრუნეს. გეზი მანჰეტენისკენ აიღეს. როგორც გაირკვა, კომპიუტერმა ჯი პი ეს-ით მდინარის კალაპოტის ფართო ყელი, სწორედ მანჰეტენთან სიახლოვეს დააფიქსირა. ძრავის გათიშვიდან, დაშვების დაწყებამდე სულ სამი წუთი გავიდა, 15 საათსა და 30 წუთზე ხომალდი მდინარე ჰუდზონის კალაპოტის თავზე აღმოჩნდა. მიუხედავად რთული და უპროგნოზო სიტუაციისა, პილოტებმა ხომალდი მდინარის ზედაპირზე დასვეს. პარალელურად ხმოვანი სიგნალი გადასცეს სასწრაფო ევაკუაციისთვის, რადგან დიდი ალბათობით თვითმფრინავი მდინარის ფსკერზე მცირე დროში აღმოჩნდებოდა.

მოხდა დღემდე სასწაულად და დაუჯერებლად მიჩნეული ფაქტი - თვითმფრინავში წყალი არ შევიდა. ხომალდმა მდინარის ზედაპირზე ტივტივი დაიწყო. მალევე ეკიპაჟის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, ბორტზე არსებული მგზავრები გარეთ გაეყვანათ და თვითმფრინავის ფრთებზე განლაგებულიყვნენ. ასეც მოხდა. ეკიპაჟმა ჰერმეტულად დაცული ორივე მიმართულების კარები გახსნეს და მგზავრები გადაუშვეს. კარების გახსნის შემდეგაც ხომალდში მხოლოდ მცირე რაოდენობით შევიდა წყალი. თვითევაკუაციიდან რამდენიმე წუთში ხომალდთან სამაშველო გემები და ნავები გამოჩნდნენ და სასწაულებრივად გადარჩენილი მგზავრები ეკიპაჟის წევრებთან ერთად უსაფრთხოდ გადაიყვანეს. ერთი შეხედვით უმძიმესი ავიაშემთხვევა უმსხვერპლოდ დასრულდა.