ეყოლება თუ არა საქართველოს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია? | Allnews.Ge

ეყოლება თუ არა საქართველოს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია?

„ჩვენ არ ვითხოვთ სუბსიდიას და დოტაციას, ჩვენ ვითხოვთ, ანალოგიურ პირობებს, რაც აქვს “ვიზეარს“, - ამის შესახებ „ჰაბ-ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ განაცხადა. მისი თქმით, იფრენს თუ არა საქართველოში ქართული დროშით დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, უკვე მომავალ კვირას გადაწყდება.

,,გასულ კვირას შევხვდი მთავრობის წარმომადგენლებს, სადაც მომდევნო მოლაპარაკება ჩაინიშნა მომავალი კვირისთვის. ეს იქნება გაფართოებული შეხვედრა, რამდენიმე უწყებასთან, ყველასთან ვინც კავშირშია ამ თემასთან.

ჩემი პირობა უცვლელია, მოვითხოვ „ვიზეარის“ ანალოგიურ კონტრაქტს, არც მეტი და არც ნაკლები. სხვა ყველა შემოთავაზება შექმნის არაკონკურენტუნარიან გარემოს. თავისთავად დისკრიმინაციულია პირობა, რომ ,,ვიზეარს“ ჰქონდეს უკეთესი პირობები. ეს ბუნებრივია გამოიწვევს უკეთეს ფასს მათ ბილეთებზე და ჩვენს გაკოტრებას. ამ შემთხვევაში არ ექნება ჩვენს ბაზარზე შესვლას აზრი, რადგან ზუსტად ანალოგიურ პროდუქტს ვდებთ. უკვე დავაანონსე, რომ მეც უნგრული ავიაკომპანიის მსგავსად, ბაზარზე შემომყავს „ეარბას 320“ ტიპის თვითმფრინავი. ამიტომ დანახარჯები, საწვავი და სტაფის ხარჯი იდენტურია. ერთადერთი განსხვავებაა, რომ „ვიზეარი“ არის უნგრეთის დროშის ქვეშ მფრინავი ავიაკომპანია და ,,ეარჯორჯია“ საქართველოს დროშით იფრენს. ლოგიკაც აცდენილი იქნება, თუ ჩვენ უფრო ძვირად დაგვიჯდა ოპერირება საქართველოშივე.

ხელისუფლების არგუმენტი და ახსნაა, რომ „ვიზეარი“ უფრო ცნობილი და პოპულარულია, რაც აბსოლუტურად გაუგებარია. მათ მიიღეს ჩვენი ყველა კონტრ-არგუმენტი და ამიტომაც ჩაინიშნა შემდეგი შეხვედრა მომავალ კვირაში. ჩვენ არ ვითხოვთ სუბსიდიას და დოტაციას, ჩვენ ვითხოვთ, ანალოგიურ პირობებს, რაც აქვს “ვიზეარს“,-ამბობს კოდუა.

მისი თქმით, ხელისუფლების დადებითი პასუხის შემთხვევაში თვითმფრინავი მყისიერად ჩამოვა საქართველოში, ფრენები კი მაისიდან დაიწყება.

,,იმ შემთხვევაში, თუ ხელისფულება თანახმა იქნება, ჩვენი „ეარბასი“ უკვე აყენია ევროპაში და შემოვიყვანთ მყისიერად. ახლა შეჩერებულია ეს პროცესი, რადგან პასუხი არ არის ბოლომდე დადებითი. ამბობენ, რომ განხილვის პროცესია და მომავალ კვირაში გადაწყდება, სავარაუდოდ, ეკონომიკის სამინისტროში. თუ ჩვენ შემოვალთ ბაზარზე, პანდემიის გავრცელებიდან გამომდინარე, ყველაზე გვიან, 2021 წლის მაისიდან დავიწყებთ ფრენებს ევროპის მიმართულებით.

განაგრძეთ კითხვა