7-საათიანი ფრენა „არსაით“- ავიაკომპანია Qantas-ის უჩვეულო შეთავაზება მათთვის, ვისაც ფრენა მოენატრა | Allnews.Ge

7-საათიანი ფრენა „არსაით“- ავიაკომპანია Qantas-ის უჩვეულო შეთავაზება მათთვის, ვისაც ფრენა მოენატრა

პანდემიის გამო მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ავიარეისი გადაიდო და გაუქმდა. ძირითად შემთხვევაში დღეს ადამიანებს ფრენა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში უწევთ. მსოფლიოში მილიონობით ადამიანს კი ფრენის წინ ბარგის ჩალაგება, აეროპორტში მისვლა, კონტროლის გავლა და ღრუბლებიდან ხმელეთის დანახვა ძალიან მოენატრა.

სწორედ ამიტომ, ავსტრალიურმა ავიაკომპანია Qantas-მა მათთვის, ვისაც ფრენა ძალიან მოენატრა გადაწყვიტა უჩვეულო შეთავაზება გაეკეთებინა.

10 ოქტომბერს, ავსტრალიის ქალაქ სიდნეიდან აფრინდება თვითმფრინავი, რომელიც ცაში 7 საათს იფრენს და ბოლოს, ისევ სიდნეის აეროპორტში დაეშვება.

ავიაკომპანიის წარმომადგენლების თქმით, ისინი სოციალურ ქსელში არაერთ პოსტს შეხვდნენ, სადაც ხალხი ფრენის მონატრებას გამოხატავდა და გადაწყვიტეს ისინი გაეხალისებინათ.

Qantas-ის გენერალური დირექტორის, ალან ჯოისის თქმით, იდეა იმდენად მიმზიდველი აღმოჩნდა, რომ 10 წუთში ყველა ბილეთი გაიყიდა.

"ეს ავიაკომპანიის ისტორიაში ბილეთების სწრაფად გაყიდვის რეკორდული შემთხვევაა. ამას არავინ ელოდა"- აცხადებს ის.

აღსანიშნავია, რომ ფრენის დროს მგზავრებს საკვებს უფასოდ მისცემენ და მათთან ერთად ბორტზე ერთ-ერთ ავსტრალიელი ვარსკვლავიც იქნება, რომლის ვინაობაც ჯერ არ საჯაროვდება. ამასთან, ავიაკომპანია მათ განსაკუთრებულ საჩუქრებს ჰპირდება.

რაც შეეხება ბილეთის ფასს, ის 3 787 ავსტრალიური დოლარი იქნება (2 734 აშშ დოლარი), მაშინ როდესაც ფრენის საშუალო ფასი სხვა დროს 787 ავსტრალიური დოლარია (566 აშშ დოლარი).

აღსანიშნავია, რომ ავსტრალიის ავიახაზები ერთადერთი არაა ვისაც მსგავსი შეთავაზება აქვს. იმავე პრინციპით ფრენას ოქტომბერში სინგაპურის ავიახაზების გეგმავს.