შვეიცარიის სოფელი, რომელიც სასტუმროდ გადაიქცევა | Allnews.Ge

შვეიცარიის სოფელი, რომელიც სასტუმროდ გადაიქცევა

კორიპოს პატარა მთაგორიანი სოფელი შვეიცარიის სამხრეთით მდებარე ვერზასკას ხეობის მწავანე ფერდობებზე ქაოსურად არის შეფენილი. მიუხედავად იმისა, რომ სოფელი ზღაპრულად გამოიყურება, მისი მოსახლეობა საკმაოდ მძიმე რეალობის წინაშე დგას. ერთ დროს წარმატებული ფერმერული საზოგადოება, რომელიც 300 მოსახლეს ითვლიდა, ახლა 12 ადამიანამდე არის ჩამოსული, საიდანაც 11 65 წელზე უფრო დიდი ასაკის არის. ერთადერთი ეკონომიკური აქტივობა ამ პატარა სოფელში ადგილობრივი უბრალო რესტორანია.

შვეიცარიის ამ იტალიურად-მოსაუბრე ნაწილში ფიქალის ქვის სახურავიანი სახლები ადგილობრივი გრანიტით არის აშენებული და საუკუნეების განმავლობაში ხელუხლებელი რჩება - სოფელი ახლა ზღვარზეა, რომ მოჩვენებათა ქალაქად იქცეს.

თუმცა, ყველაფერი დაკარგული არ არის. CNN-ის ინფორმაციით, ადგილობრივმა ფონდმა Fondazione Corippo 1975-მა სოფლის გადარჩენის გზას მიაგნო: კორიპოს აქვს პოტენციალი, რომ ქვეყნის პირველი "albergo diffuse" ანუ "გაფანტული სასტუმრო" გახდეს.

იმ მოდელის მიხედვით, რომელსაც იტალიაში უკვე დიდი ხანია და თანაც წარმატებით იყენებენ, სოფელში მდებარე 70 ფიქალის-სახურავიანი სახლიდან 30-ს კოტეჯებად და სასტუმროს ოთახებად გადააკეთებენ.

არქიტექტორისა და ფონდის პრეზისდენტის, ფაბიო ჯაკომაცის, განმარტებით, მიტოვებული სოფლისგან "გაფანტული სასტუმროს" გაკეთება ვიზიტორებს საშუალებას მისცემს, ამ ადგილის გენიალურობა ბოლომდე შეიგრძნონ, რომელიც 1800 წლის შემდეგ ფაქტობრივად არ შეცვლილა.

გარდა იმისა, რომ ვიზიტორები ტიკინოს სოფლის ატმოსფეროს ნაწილი გახდებიან, მათ ასევე რეგიონში ლაშქრობების მოწყობის, კულტურული ღირსშესანიშნაობების მონახულებისა და ადგილობრივი სამზარეულოს გაცნობის საშუალებაც ექნებათ.

ჯაკომაცის განმარტებით, აღნიშნული იდეა ჯერ კიდევ 90-იან წლებში გაჩნდა, მას შემდეგ, რაც თავდაპირველი იდეა, რომ სოფელში მუდმივი მაცხოვრებლები დაებრუნებინათ უფრო რთული შესასრულებელი აღმოჩნდა, რადგან შენობები პატარაა და თანაც მანქანებისთვისაც რთულად მისადგომი.

"როგორც იქნა ჩანაფიქრის განხორციელებასაც შევუდექით, პირველი კოტეჯი, სადაც ორი საძინებელი ოთახია, სტუმრებისთვის მიმდინარე წლის ივლისის ბოლოსთვის გაიხსნა, მთლიანად სასტუმროს გახსნა 2020 წლისთვის იგეგმება"- ამბობს ფაბიო ჯაკომაცი.

განახლების სამ-საფეხურიანი გეგმის განხორციელება 6,5 მილიონი დოლარი ჯდება, ამ გეგმის ფარგლებში, სოფელში მომუშავე ერთადერთი რესტორანი გაფართოვდება და არა მხოლოდ სასტუმროს სასადილო, არამედ მისაღები და შეხვედრის ადგილიც იქნება. ქალაქში მდებარე სკვერები განახლების შემდეგ საზოგადოებრივი სივრცეები გახდება.

პროექტი ჯერ სრულად დაფინანსებული არ არის, თუმცა, როგორც New York Times მიმდინარე წლის აგვისტოში წერდა, 2,7 მილიონი დოლარის შეგროვება შემოწირულობებისა და საბანკო სესხის შედეგად მოხერხდა.

მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს პროექტმა შვეიცარიის სასტუმროებისა და რესტორნების ასოციაციის პრიზი მოიგო, პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები მაინც გაჩნდა.

იმის გამო, რომ სოფელში ძალიან ცოტა ადგილობრივი მოსახლეა, გაჩნდა კითხვა, ვინ შეძლებდა ტურისტების დახვედრას. გარდა ამისა გამოითქვა ვარაუდი, რომ ტურისტების მიზიდვის ნაცვლად რესურსები ისეთ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე უნდა დაიხარჯოს, როგორც წყალმომარაგების სისტემის გამართვაა.

ჯაკომაცი დარწმუნებულია, რომ სასტუმროს კონცეფცია ადგილობრივი მაცხოვრებლების რიცხვსაც გაზრდის.

myquiz