გამდნარი ტყვიის წყალში ჩასხმა - როგორ ხვდებიან ახალ წელს შვეიცარიაში?? | Allnews.Ge

გამდნარი ტყვიის წყალში ჩასხმა - როგორ ხვდებიან ახალ წელს შვეიცარიაში??

შვეიცარიაში ახალი წლის დასაწყისს "Silvester"-ს უწოდებენ და შვეიცარიელების უმეტესობა მას ფოიერვერკებით, გემრიელი კერძებითა და კარგი ღვინით აღნიშნავს. ყველა შვეიცარიული ქალაქი ახალი წლის დადგომას ინდივიდუალური პროგრამით ხვდება: ბაზრობები, მსვლელობები, ფოიერვეკი და წვეულებები. თუმცა ქვეყნის ზოგიერთი რეგიონის ტრადიცია თავისებურად უნიკალურია.

"Trycheln"

პერიფერიებში, დედაქალაქ ბერნის სიახლოვეს, მოსახლეობა ახალი წლის დადგომამდე ბოროტი სულებისგან თავისუფლდებიან. სოფლის მოსახლეობა ამ დღეს მითიურ და საშიშ არსებებს ასახიერებენ და მსვლელობას აწყობენ. მსვლელობის მონაწილეები ქუჩებში დადიან და უზარმაზარ ზარს რეკენ. ეს უძველესი ტრადიცია სათავეს კელტური კულტურიდან იღებს და იმ დროიდან მოდის, როდესაც მთის სოფლების მოსახლეობას სოფლებიდან ავი სულების განდევნა ზარის მგრგვინავი ხმის საშუალებით სურდა.

"Silvesterkläuse"

Silvesterkläuse-ის ტრადიცია დაახლოებით 200 წლისაა და შვეიცარიის მხოლოდ ერთ კანტონში (ქვეყნის ადმინისტრაციული ერთეული) აღინიშნება. ტრადიციის დაწყება მოწყალების მთხოვნელებს უკავშირდება, რომლებიც ხელნაკეთ კოსტიუმებში იყვნენ გამოწყობილები. ახლა ის ხელოვნების ნიმუშების ნამდვილ დემონსტრაციად იქცა. ნიღბები 20 და 30 კილოგრამზე მეტს იწონის, მათი გაკეთება კი ბევრ დროსა და ძალისხმევას საჭიროებს. საღამოს საკუთარი ხელით შექმნილ კოსტიუმებში გამოწყობილი ადამიანები ჯგუფდებიან და კარდაკარ დადიან, მღერიან, ზარებს რეკავენ და ოჯახებს ბედნიერ და უხვ წელს უსურვებენ. მსვლელობაში მონაწილეები თავის მხრივ საჩუქრის სახით ფულს იღებენ, რამაც მათ კოსტიუმზე გაწეული ხარჯი უნდა აანაზღაუროს.

გამდნარი ტყვიის წყალში ჩასხმა

გამდნარი ტყვიის წყალში ჩასხმა საკმაოდ პოპულარული წინასაახლწლო ტრადიციაა შვეიცარიასა და გერმანიაში, რომლის საშუალებითაც, ადგილობრივების რწმენით, მომავლის წინასწარმეტყველება ხდება. ისინი ტყვიის პატარა ნატეხს კოვზზე ათავსებენ და სანთელზე ადნობენ. როდესაც ტყვია სიმხურვალისგან დნობას იწყებს, მას წინასწარ მომზადებულ წყლის ჭურჭელში ასხამენ. ცივ წყალში მოხვედრილი ტყვია მაშინვე მყარ ფორმას იბრუნებს. ამის შემდეგ, თითოეული ადამიანი ცდილობს, ტყვიის მყარ ფორმაში რაიმე კონკრეტული გამოსახულება ამოიცნოს და შემდგომი წლისთვის საკუთარი ბედი განსაზღვროს. დღესდღეობით, შვეიცარიის თითქმის ყველა მაღაზიაში იყიდება ტყვია კოვზით, შესაძლო გამოსახულებების ჩამონათვალითა და მათი სავარაუდო მნიშვნელობით.

სპეციალურად Allnews-სთვის სიმონე ჰერმანი

myquiz