როგორ დავძლიოთ ფრენის შიში - ქართველი ფსიქოლოგის რჩევები | Allnews.Ge

როგორ დავძლიოთ ფრენის შიში - ქართველი ფსიქოლოგის რჩევები

ფრენის შიში გავრცელებულ ფობიათაგან ერთ-ერთია, რომელიც ბევრ ჩვენგანს აწუხებს. უცნობია, საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილს აქვს ფრენის შიში, თუმცა საილუსტრაციოდ ამერიკის შეერთებული შტატებიც გამოდგება, სადაც აეროფობია ან მასთან მიახლოებული პრობლემები 20 მილიონ მოქალაქეს აწუხებს.

აეროფობია სხვადასხვა ფაქტორს უკავშირდება, მაგალითად, ფრენისას მექანიკური გაუმართაობის გამო ავიაკატასტროფისა და მათ შორის წყალში ჩავარდნის შიშს, ამინდის გაუარესებას, მიწაზე დაშვებასა და ღამით გადაადგილებას. ამ პრობლემების დაძლევა კი აეროფობიის მქონე ადამიანებს შეუძლიათ, რისთვისაც ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ფსიქოლოგი, მეგი ქავთარაძე რეკომენდაციებს გვთავაზობს:

  • შიშის გამომწვევი მიზეზის გაანალიზება

ფსიქოლოგის თქმით, ზოგიერთ ადამიანს არა თვითმფრინავით მგზავრობის, არამედ დახურული სივრცის ან კატასტროფის ეშინია, სწორედ ამიტომ, პრობლემის გაანალიზება და მისთვის შესაბამისი სახელის დარქმევა მნიშვნელოვანია, - "როდესაც პრობლემას ვიპოვნით, მასზე მუშაობა შედარებით მარტივდება," - აღნიშნავს მეგი ქავთარაძე.

  • ისაუბრეთ თქვენს განცდებზე

"შიშის განცდა არ უნდა შევინახოთ, მისი გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ადამიანს ეშინია, მას მხოლოდ თანაგრძნობით ვერ დავეხმარებით, არამედ პრობლემაზე უნდა ვესაუბროთ, მოვუსმინოთ, საკუთარი შეხედულებები გავუზიაროთ, რაც მას განტვირთვის საშუალებას მისცემს," - განმარტავს ექიმი.

  • გაეცანით თვითმფრინავში არსებულ უსაფრთხოების წესებს

ეს საშუალებას მოგცემთ, თავი უფრო მშვიდად იგრძნოთ, გარდა ამისა, მოიძიეთ ინფორმაცია და შეფასებები, რამდენად ხშირად ხდება ავიაკატასტროფები და შეადარეთ სხვა სატრანსპორტო საშუალებების ავარიებს. ფსიქოლოგ მეგი ქავთარაძის თქმით, ასეთ საკითხებზე ინფორმაციის მიღება ცნობიერების ამაღლებაში დაგეხმარებათ, - "ამას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა მაშინ აქვს, თუ თვითმფრინავით მგზავრობას პირველად გეგმავთ."

  • საფრთხე ობიექტურად შეაფასეთ

"ფრენის გვეშინია, რაც სუბიექტური განცდაა, მაგრამ აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ, რამდენად ობიექტური მიზეზები გვაქვს, ვიფიქროთ, რომ უბედური შემთხვევა მოხდება. ამაშიც დამშვიდება და ინფორმაციის მოძიება დაგეხმარებათ."

  • შიშის დაძლევა ფრენის დროს სუნთქვის განსხვავებული ტექნიკითა და კუნთების მოდუნებით შეგიძლიათ.

ფსიქოლოგ მეგი ქავთარაძის თქმით, ფრენისას შეგიძლიათ, შიშის განცდა სუნთქვითი ვარჯიშებით მოიხსნათ, - "მაგალითად, ყოველი სამი ჩასუნთქვის შემდეგ სუნთქვა შეიკავეთ, ამავდროულად, კუნთები უნდა მოადუნოთ. ეს მეთოდი დახმარებას ფიზიოლოგიური გართულებების შემთხვევაშიც გაგვიწევს.

ქალმა თვითმფრინავში 12 800 მეტრის სიმაღლეზე იმშობიარა

  • მცენარეული მედიკამენტები მგზავრობისას დახმარებას გაგიწევთ

ექიმის თქმით, თუ თვითმფრინავით მგზავრობისას რაიმე ფიზიოლოგიური პრობლემა, გულის რევა, თავბრუს ხვევა ან თავის ტკივილი გაწუხებთ, მცენარეული მედიკამენტები მსგავსი დისკომფორტის დაძლევაში დაგეხმარებათ.

  • ფრენის დროს ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანეთ

"მაგალითად, წაიკითხეთ წიგნი, მოუსმინეთ მუსიკას, ესაუბრეთ გვერდით მჯდომს, თუნდაც თქვენს ფობიაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფობიას ვერ აღმოფხვრის, კონკრეტულ მომენტში შიშის დაძლევის საშუალებას მოგცემთ."

  • თუ ბავშვს ფრენის ეშინია, სათამაშო თვითმფრინავების დახმარებით ამ პრობლემის აღმოფხვრა შესაძლებელია

მეგი ქავთარაძე აღნიშნავს, რომ ფრენის შიში ყველაზე მკვეთრად ბავშვებშია გამოკვეთილი, რისი აღმოფხვრისთვისაც მშობლებს დიდი ძალისხმევა არ სჭირდებათ, - "ბავშვს უნდა ვაჩვენოთ, რა არის თვითმფრინავი, როგორ ფუნქციონირებს ის და ხშირად სათამაშო თვითმფრინავებთან კონტაქტით ეს პრობლემა დაიძლევა ხოლმე."

  • თუ შიშის დაძლევას ჩამოთვლილი რეკომენდაციების მეშვეობით ვერ ახერხებთ, დახმარებისთვის ფსიქოლოგს მიმართეთ

"თუ პრობლემა ძალიან ძლიერია და თავად ვერ ვაგვარებთ, მისი ღრმა ანალიზისთვის, სპეციალისტის ჩარევა უნდა მოხდეს, რომელიც დისკომფორტის დაძლევაში დაგვეხმარება," - განმარტავს ფსიქოლოგი მეგი ქავთარაძე.

FlyFright-ის ინფორმაციით, დედამიწის გარშემო ყოველდღიურად 3 მილიონი ადამიანი დაფრინავს, რომლებმაც შესაძლოა, ფრენის შიში უკვე დაძლიეს და ახლა მოგზაურობით ტკბებიან.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz