უნიკალური ხავსი, რომელიც ქობულეთს წყალდიდობისგან იცავს | Allnews.Ge

უნიკალური ხავსი, რომელიც ქობულეთს წყალდიდობისგან იცავს

ქო­ბუ­ლე­თის და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რია UNESCO-მ მსოფ­ლიო ბუ­ნებ­რი­ვი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სი­ა­ში შეიტანა. ქობულეთის გარდა საპატიო სიაში შევიდა კოლ­ხე­თი­სა და მტი­რა­ლას ეროვ­ნუ­ლი პარ­კე­ბი, ასე­ვე კინ­ტრი­ში­ს დაცული ტერიტორია.

ქობულეთის დაცული ტერიტორია უნიკალური ჭარბტენიანი ეკოსისტემით გამოირჩევა. აქ არის უნიკალური ხავსი, ე.წ სფაგნუმის ბალიშები, რომელიც ქობულეთს წყალდიდობისგან იცავს და რომლის სახეობაც მხოლოდ საქართველოში ხარობს.

ქო­ბუ­ლე­თის და­ცუ­ლ ტე­რი­ტო­რიას რამსარის კონვენცია იცავს, როგორც საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგის ტერიტორიას.

ვიზიტორი აქ ნახავს ისპანის უნიკალურ ტორფნარებს - ბიომრავალფეროვნებისათვის განსაკუთრებულ და ყველაზე მეტად ხელუხლებელ გარემოს, რომელთაც ადამიანის ზემოქმედება არ განუცდია.

ტორფნარები ინახავს მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ძეგლებსაც. 1964 წელს სადრენაჟო არხის გათხრისას აღმოჩენილა ძვ. წ. IV და III ათასწლეულის მიჯნის დროინდელი ტორფქვეშა ნამოსახლარები.

აქ 5-6 ათასი წლის წინ დასახლებულა ადამიანი, მაშინ როცა ეს ადგილი ჯერ კიდევ არ იყო დაჭაობებული.

სწორედ აქ ხარობს უნიკალური სფაგნუმის ხავსიც, რომელზეც იზრდება მწერიჭამია დროზერა, ჩრდილოეთის ისლი, სამეფო გვიმრა. ასევე ხარობს შქერი, ყვითელი და თეთრი დუმფარები და სხვა მცენარეები.

თუ ვიზიტორს გაუმართლა და წყლის დონე დაბალია, აქ ყველა მცენარის ნახვაა შესაძლებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი წყლით იფარება.

ALLNEWS.GE-იმ ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე სტუმრობისას შეიტყო, რომ ამ ტერიტორიაზე არსებული თეთრი ხავსი გამყინვარების პერიოდიდან არსებობს და მისი სამი სახეობა მხოლოდ საქართველოში ხარობს.

ხავსის ეს სახეობა უნიკალურია მისი ერთი თვისებით: იგი მოქმედებს, როგორც ღრუბელი. მას წონასთან შედარებით 25-ჯერ მეტი წყლის შეწოვა შეუძლია, რაც უხვი ნალექის დროს ქობულეთს წყალდიდობებისგან იცავს.

სტუმარს მასზე გასეირნება შეუძლია სპეციალური ხის თხილამურებით, რომლის ქირაობა ვიზიტორთა მომსახურეობის ცენტრშია შესაძლებელი.

გარდა უნიკალური მცენარეებისა, აღნიშნული ტერიტორია გადამფრენი და მოზამთრე ფრინველების დასასვენებელი ადგილია, რომელიც შემოდგომასა და გაზაფხულზე ულამაზეს სანახაობას ქმნის. აქ ნახავთ ტურუხტანს, კოხტა ჭოვილოს, ზღვის კაჭკაჭს, შევარდენს, ბექობის არწივსა და სხვა ფრინველებს. მათზე დაკვირვება სათვალთვალო კოშკიდანაა შესაძლებელი.

დაცულ ტერიტორიებზე გვხვდება სხვადასხვა სახის ამფიბია, წყლის კუ, თრია, მაჩვი, წავი, მგელი, ტურა, გარეული კატა და სხვა ცხოველები.

15 ნაკრძალი ერთ ქვეყანაში - საქართველოს დაცული ტერიტორიები ათეულობით ცხოველისა და მცენარის ჯიშს ინახავს

მიუხედავად ამ ტერიტორიების უნიკალურობისა, აქ ვიზიტორთა სიმცირე შეინიშნება. ამასთან, ინფრასტრუქტურა ისპანის ტორფნარებზე, მაინცდამაინც სახარბიელოდ არ გამოიყურება.

ნათია ჯიჯავაძე