ბათუმის უნიკალური ნეო-გოთური კათედრალი და მისი განადგურების პირას მყოფი ფრესკები
ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში სეირნობისას შეუძლებელია თქვენი ყურადღება ერთმა ფრიად საინტერესო და უჩვეულო შენობამ არ მიიპყროს. ეს გახლავთ დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მდებარე ბათუმის ღვთისმშობლის შობის ყოფილი კათოლიკური ტაძარი, რომელშიც ამჟამად მართლმადიდებლური ღვთისმსახურება აღევლინება.
ეს მართალაც გასაოცარი და ქართული ხუროთმოძღვრებისგან მკვეთრად განსხვავებული შენობა ბევრი დამსვენებლისა თუ უცხოელის ყურადღებას იპყრობს, თუმცა, ცოტამ თუ იცის, რა ისტორიას ატარებს ეს კულტურული ძეგლი და ამჟამად რა მდგომარეობაშია.
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ნეო-გოთურ სტილში აგებული ამ იშვიათი კათედრალის ბევრი ფრესკა გაქრობის პირასაა და სასწრაფო რესტავრაციას საჭიროებს. როგორც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გვაცნობეს, უახლოეს მომავალში ტაძრის რესტავრაცია არ იგეგმება, ისევე როგორც უცნობია დაუბრუნდება თუ არა შენობა მის პირვანდელ მფლობელს, ქართველ კათოლიკე მრევლს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია დაგვიდასტურა არქიტექტურის ისტორიკოსმა ნათია ნაცვლიშვილმაც, რომელმაც 2015 წლის შემოდგომაზე პირადად მოინახულა ტაძარი და მის ინტერიერს გადაუღო ფოტოები.
მე-19 საუკუნის ბათუმში ეთნიკურად მრავალფეროვანი მოსახლეობა ცხოვრობდა, აქ თანაარსებობდა განსხვავებული აღმსარებლობის ეკლესიები თუ მეჩეთები, თუმცა არ არსებობდა კათოლიკური ეკლესია, რაც კათოლიკე მრევლს დისკომფორტს უქმნიდა. შესაბამისად ქართველმა და ევროპელმა კათოლიკეებმა, კათოლიკური ეკლესიის აშენების მიზნით დაიწყეს ფულის შეგროვება,თუმცა ეს თანხა საკმარისი მხოლოდ საძირკვლის ჩასაყრელად და ჭაობის დასაშრობად აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ თანხის უდიდესი ნაწილი ცნობილმა მეცენატმა ძმება ზუბალაშვილბემა გაიღეს, რომელთა სახელს საქართველოში არაერთი ქველმოქმედება, ისტორიული თუ კულტურული ძეგლის მშენებლობა უკავშირდება. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, სტეფანე ზუბალაშვილმა დედის, ელისაბედის, ანდერძი შეასრულა და მისი სულის მოსახსენებლად კათოლიკური ეკლესია ააშენა.
ტაძარი 1897-1902 წლებში ააგეს და ის ჯამში 250 ათასი მანეთი დაჯდა, რაც იმ დროს საკმაოდ დიდ ფულს წარმოადგენდა. მშენებლობაზე საგანგებოდ მოწვეული იტალიელი არქიტექტორები და მხატვრები მუშაობდნენ. ტაძარი 1903 წელს ტირასპოლის ეპარქიის ეპისკოპოსმა ბარონ ედუარდ დე როპმა აკურთხა. ნეოგოთიკური სტილის დარბაზული ეკლესია თეთრი ქვით არის ნაგები, ხოლო დეკორაციული ელემენტები წითელი ქვითაა გამოყვანილი. ტაძარს ორი დახვეწილი კოშკი და ფერადი ვიტრაჟული სარკმლები ამშვენებს, რომლებიც ამაღლებულ და მისტიკურ ატმოსფეროს ქმნის. შენობის ფასადი წმინდანთა ქანდაკებებით, ხოლო ინტერიერი ძველი და ახალი აღთქმის ამსახველი სცენებითაა შემკობილი.
ფრესკები ვირტუოზულად არის შესრულებული, ჰარმონიულად შერწყმული ცისფერი, ბორდოსფერი და ოქროსფერი ფერები კი ვატიკანის სიქსტეს კაპელას მოგაგონებთ. დასავლეთის ფასადზე, შესასვლელის თავზე, აღმართულია წმინდა ნინოსა და წმინდა ანდრია მოციქულის ქანდაკებები, რაც ხაზს უსვამს საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლისა და გავრცელების ისტორიას.
შენობის სიგრძე 34 მეტრია, სიგანე - 23 მეტრი, სიმაღლე კი 44. ტაძარი გეგმაში ლათინური ჯვარია, აქვს სამნაწილიანი საკურთხეველი, რომელსაც სამნავიანი სალოცავი სივრცისგან ტრანსეპტი გამოყოფს. ტაძარს კიდევ უფრო მდიდრულ სახეს ანიჭებს ბრინჯაოთი და ბროლით შემკობილი ჭაღები და შანდლები. ერთი სიტყვით ეს მონუმენტური ნაგებობა ნამდვილი ხელოვნების ნიმუში და ფსევდოგოთიკური არქიტექტურის თვალსაჩინო მაგალითია. 1930-იან წლებში საბჭოთა რეჟიმმა სხვა მრავალი ტაძრის მსგავსად, კათოლიკურ კათედრალიც იმსხვერპლა. მართალია ის დანგრევას გადაურჩა, თუმცა, შენობაში სხვადასხვა დროს, არქივი, შემდეგ კი მაღალი ძაბვის ლაბორატორია იყო განთავსებული (სწორედ აქ არის გადაღებული ფილმის "მონანიება" ერთ-ერთი სცენა), რამაც ტაძრის ინტერიერი საგრძნობლად დააზიანა.
მოგვიანებით ტაძრის საკონცერტო დარბაზად გადაქცევის მიზნით 1980-იან წლებში მთავრობის ინიციატივით ამირან გოგოლიძემ ფრესკებს რესტავრაცია ჩაუტარა. 1989 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით შენობა ქართულ მართმადიდებლურ ეკლესიას გადაეცა. ეკლესია ამჟამად მართლმადიდებელი მრევლის საკუთრებაშია და მას საქართველოს საპატრიარქო მართავს.
ლიკა ჭიღლაძე