ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა | Allnews.Ge

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა

2026 წლის სექტემბერში საპენსიო ფონდის ჯამურმა აქტივებმა 10 მილიარდ ლარს, ხოლო ჯამურმა სარგებელმა 2.9 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო ჯამურმა სარგებელმა 2.9 მილიარდ ლარს გადააჭარბა. სად ინვესტირდება მოქალაქეების საპენსიო დანაზოგი, როგორ აზღვევს სახელმწიფო რისკებს და ინფლაციური პროცესების გათვალისწინებით, როგორ აისახება მიღებული სარგებელი თითოეულ დასაქმებულ მოქალაქეზე, ამ და სხვა თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საპენსიო ფონდის საინვესტიციო სამსახურის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელს, ანა ნაჭყებიას ესაუბრა:

- ქალბატონო ანა, პირველ რიგში, მოგესალმებით, მოდით, საუბარი დავიწყოთ იმ სიახლით, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. აგვისტოს ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივები 10 მილიარდ ლარს მიუახლოვდა, ხოლო ჯამურმა სარგებელმა 2.9 მილიარდ ლარს გადააჭარბა. რომ ავხსნათ, რამ განაპირობა ზრდა და რას აჩვენებს ეს მონაცემები?

- მოხარული ვარ, რომ 2026 წლის სექტემბერში ჩვენი მონაწილეების საპენსიო აქტივებმა 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ამ თანხიდან თითქმის 3 მილიარდი ლარი საინვესტიციო საქმიანობით მიღებული სარგებელია, ხოლო დანარჩენი, დაახლოებით 7 მილიარდი ლარი, მონაწილეების, დამსაქმებლებისა და სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ შენატანებზე მოდის. ეს ორივე კომპონენტი, ბუნებრივია, ჯამური აქტივების ზრდაზე ერთდროულად ახდენს გავლენას. ერთის მხრივ, შენატანებით იზრდება საინვესტიციოდ განკუთვნილი თანხა, შემდეგ კი ამ თანხის ინვესტირებით გამოვიმუშავებთ მოგებას, რომელიც პროპორციულად ნაწილდება თითოეული მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე.

სქემის გაშვებიდან დღემდე დაგენერირებული მოგება საკმაოდ მასშტაბურია. ამ მაჩვენებლით საქართველოს საპენსიო ფონდი ინვესტიციების მომგებიანობის კუთხით საერთაშორისო დონეზეც გამოირჩევა. OECD-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2019-2025 წლებში ინფლაციის გათვალისწინებით მიღებული რეალური ამონაგების მაჩვენებლით საქართველო შედარებულ საპენსიო სისტემებს შორის მე-4 ადგილს იკავებს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საინვესტიციო საქმიანობის წარმატებას.

- თქვენ ისაუბრეთ საინვესტიციო საქმიანობით მიღებულ სარგებელზე. რა პერიოდი დასჭირდა ამ სარგებლის მიღებას და სად ინვესტირებულმა თანხებმა მოიტანა ყველაზე დიდი შედეგი?

- ამ შედეგების მიღწევა 2019 წლიდან დღემდე, დაახლოებით შვიდი წლის განმავლობაში მოხდა. ამ პერიოდში საპენსიო აქტივების განაწილებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. თუ დასაწყისში აქტივების დიდი ნაწილი საბანკო ანგარიშებზე იყო განთავსებული, დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა საპენსიო აქტივების დივერსიფიკაცია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ინსტრუმენტებში. ეტაპობრივად დავამატეთ სახელმწიფო და კორპორაციული ობლიგაციები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ფასიანი ქაღალდები და საერთაშორისო აქციები.

მომგებიანობის თვალსაზრისით, ბოლო წლებში განსაკუთრებით აღსანიშნავია საერთაშორისო აქციების ბაზარი. ჩვენ აქციებში ინვესტირება პირველად 2022 წელს განვახორციელეთ, რაც საპენსიო სქემის მონაწილეებს საშუალებას აძლევს მსოფლიოს წამყვანი კომპანიების მეწილეები გახდნენ. ბირჟაზე ვაჭრობადი ფონდების საშუალებით. საპენსიო ფონდის აქციების პორტფელი საკმაოდ დივერსიფიცირებულია რეგიონებისა და კომპანიების მიხედვით და მოიცავს აშშ-ის, ევროპის, განვითარებული აზიისა და განვითარებადი ბაზრების 9,500-ზე მეტი წამყვანი კომპანიის აქციას, მათ შორისაა ისეთი კომპანიები როგორებიცაა NVDIA, Apple, Microsoft, Samsumg, Amazon, Google და სხვა.

ბოლო სამი წლის განმავლობაში სწორედ აქციების ბაზარი იყო ჩვენთვის ყველაზე მაღალი ამონაგების მქონე აქტივების კლასი და მათი საშუალო წლიური მომგებიანობა თითქმის 20% იყო. ამ პერიოდში აქციების ბაზრის ზრდას რამდენიმე მნიშვნელოვანი გლობალური ტენდენცია განაპირობებდა. პირველ რიგში, ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა განვითარებამ მნიშვნელოვნად გაზარდა ტექნოლოგიური კომპანიების შედეგები. თავდაპირველად ეს ზრდა აშშ-ში იყო კონცენტრირებული, სადაც ჩვენი აქციების პორტფელის დაახლოებით 40%-ია ინვესტირებული, თუმცა მოგვიანებით ზრდის ტენდენცია გავრცელდა აზიის ბაზრებზეც, მათ შორის სამხრეთ კორეის, იაპონიისა და ტაივანის ტექნოლოგიურ კომპანიებზე, რაც ასევე დადებითად აისახა საპენსიო ფონდის მომგებიანობაზე. აქციებში ინვესტირებას ერთის მხრივ მაღალი გრძელვადიანი შემოსავლის პოტენციალი ახლავს, მეორე მხრივ კი მოკლევადიან პერიოდში მეტი მერყეობის ალბათობა აქვს. სწორედ ამ პრინციპით განსხვავდება ჩვენი სამი პორტფელიც. კონსერვატიულ პორტფელში აქციების წილი დაახლოებით 20%-ია, ხოლო დინამიკურში დაახლოებით 55%. დაბალანსებული პორტფელი მათ შორისაა. შესაბამისად, დინამიკური პორტფელი მოკლევადიან პერიოდში უფრო მეტად შეიძლება მერყეობდეს, თუმცა მას უფრო ხანგრძლივი საინვესტიციო ჰორიზონტიც და შესაბამისად ზრდის პოტენციალიც აქვს.

- როგორც ცნობილია, 2026 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 769 მლნ ადამიანია. ინფლაციური პროცესების გათვალისწინებით, როგორ აისახება მიღებული სარგებელი მათზე და რას ნიშნავს ეს თანხა თითოეული მოქალაქისთვის?

- კანონის შესაბამისად, საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო მიზანი სწორედ ინფლაციის გათვალისწინებით, რეალური ამონაგების მაქსიმიზაციაა. შესაბამისად, საინვესტიციო საქმიანობის დაგეგმვა ხდება ისე, რომ გრძელვადიან პერიოდში შესაძლებელი გახდეს ინფლაციის დამარცხება და მონაწილეების საპენსიო დანაზოგების მსყიდველუნარიანობის შენარჩუნება. ამ მხრივ ბოლო 7 წლის მონაცემებით საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს, 2019 წლიდან დღემდე საინვესტიციო მოგება ინფლაციის გათვალისწინებით ჯამურად 40%-ია და ამ მაჩვენებლით, როგორც დასაწყისში აღვნიშნე, საქართველოს საპენსიო ფონდი ევროპის წამყვან ქვეყნებს შორის მოწინავე პოზიციას იკავებს.

- თქვენ ნაწილობრივ უკვე ისაუბრეთ მოქალაქეების მიერ ინვესტირებულ თანხებზე, თუმცა სქემაში ჩართულ ძალიან ბევრ მოქალაქეს მაინც აქვს კითხვები მათ თანხებთან დაკავშირებით. რომ გვითხრათ და კიდევ ერთხელ ავხსნათ, სად და როგორ არის ინვესტირებული მოქალაქეების საპენსიო დანაზოგები?

- სანამ საინვესტიციო შედეგებზე გადავალთ, ალბათ, კარგად უნდა მიმოვიხილოთ რეფორმის დადებითი მხარეები, რომელიც სქემის ყველა მონაწილეს ეხება. საპენსიო სქემაში გაწევრიანებისთანავე, მონაწილის მიერ დაზოგილ 2%-ს ემატება დამსაქმებლისა და სახელმწიფოს წვლილი და ჯამური შენატანი უმეტეს შემთხვევაში 6%-მდე აღწევს (მაღალშემოსავლიანი მონაწილეებისთვის სახელმწიფოს წილი მცირდება). ანუ ინვესტიციამდე მონაწილის თანხა, ფაქტობრივად, სამმაგდება. ამას კი დამატებით ემატება საინვესტიციო საქმიანობისგან მიღებული მოგება. რა თქმა უნდა, თითოეული ინდივიდუალური მონაწილის საპენსიო ანგარიშზე არსებული თანხა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის იმაზე, რამდენი ხანია სქემაში მონაწილეობს, რა ოდენობის შენატანებს ახორციელებს, რამდენად რეგულარულია ეს შენატანები და რომელ საინვესტიციო პორტფელშია მისი თანხა განთავსებული.

მარტივი მაგალითი რომ განვიხილოთ, თუ ადამიანს თვეში 2,000 ლარი აქვს ხელფასი, ის თავისი ხელფასიდან 40 ლარს ზოგავს, დამსაქმებელი კიდევ 40 ლარს ამატებს და, შესაბამისი შემოსავლის ფარგლებში, სახელმწიფო კიდევ 40 ლარს. შედეგად, მონაწილის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად 120 ლარი გროვდება და უკვე მთელი ეს თანხა იწყებს ინვესტირებას.

რაც შეეხება თქვენს კითხვას, სად არის ეს თანხები ინვესტირებული, როგორც აღვნიშნე, ჩვენ ვმართავთ სამ საინვესტიციო პორტფელს: კონსერვატიულს, დაბალანსებულსა და დინამიკურს. კონსერვატიულ პორტფელში თანხის დაახლოებით 80% განთავსებულია ადგილობრივ აქტივებში, ძირითადად ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტებში, როგორიცაა საბანკო დეპოზიტები, სახელმწიფო და სხვა ობლიგაციები, ხოლო დაახლოებით 20% საერთაშორისო აქციებში. დინამიკურ პორტფელში კი აქციების წილი დაახლოებით 55%-ია, დანარჩენი კი საქართველოშია ინვესტირებული. სქემის თითოეულ მონაწილეს აქვს საშუალება თავისი საინვესტიციო ჰორიზონტისა და რისკიანობის შესაბამისად თავად აირჩიოს რომელი პორტფელი შეეფერება. ამ არჩევანის გაკეთება 12 თვეში ერთხელ, ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი საპენსიო ფონდის ოფისიდან და იუსტიციის სახლებიდან.

- ყველაზე ხშირად მოქალაქეების წუხილი მაინც მათ მიერ ინვესტირებულ თანხებთან მიმართებით არის ის, აქვს თუ არა სახელმწიფოს დაზღვეული ეს თანხები გლობალური ფინანსური კრიზისების გათვალისწინებით, რას უპასუხებდით მათ?

- საინვესტიციო სამსახური, ყოველი ინვესტიციის გაკეთების დროს, ამზადებს შესაბამის ანალიზს, ფასდება როგორც ინსტრუმენტის მოსალოდნელი შემოსავალი, ასევე მასთან დაკავშირებული რისკები. ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით, ვიღებთ გადაწყვეტილებას რამდენად მიმზიდველია ესა თუ ის ინვესტიცია ანუ რამდენად აკომპენსირებს მოსალოდნელი შემოსავალი არსებულ რისკებს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ რისკი ინვესტირების განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, არ არსებობს გარანტია მომგებიანობასთან დაკავშირებით. თუმცა გრძელვადიანი ჰორიზონტისა და დაბალანსებული საინვესტიციო სტრატეგიის პირობებში, მოსალოდნელი რისკები მნიშვნელოვნად შემცირებულია.

- რას გეგმავს საპენსიო ფონდი მომავალში, რა მთავარი ნაბიჯების გადადგმა გაქვთ დაგეგმილი ფინანსური რისკების კიდევ უფრო გადასაზღვევად და კიდევ უფრო მეტი სარგებლის მისაღებად?

- ჩვენი მთავარი ამოცანა უცვლელია - მონაწილეების საპენსიო დანაზოგის გრძელვადიან პერიოდში ინფლაციის გათვალისწინებით მომგებიანობის მაქსიმიზაციაა, იმ რისკების ფარგლებში, რომლის აღებაც თითოეული პორტფელისთვის მისაღებია. ამისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კვლავ დივერსიფიკაცია იქნება. ჩვენ მუდმივად ვსწავლობთ როგორც საქართველოში არსებულ ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს, ისე საერთაშორისო ბაზრებს და ვაკვირდებით როგორ მართავენ აქტივებს მსოფლიოს წამყვანი საპენსიო ფონდები. რაც უფრო ფართოდ არის პორტფელი განაწილებული სხვადასხვა აქტივს, ქვეყანასა და კომპანიას შორის, მით ნაკლებია ერთი კონკრეტული მოვლენის გავლენა მთლიან პორტფელზე.

მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებაა უკვე განხორციელებული ინვესტიციების მონიტორინგი. ინვესტიციის განხორციელებით პროცესი არ მთავრდება. მუდმივად ვაკვირდებით ჩვენს პორტფელში შემავალი კომპანიებისა და კონტრაჰენტების ფინანსურ მდგომარეობას, საკრედიტო რისკს, ლიკვიდურობას, ბაზრის ცვლილებებსა და ჯამურ რისკიანობის დონეს.

ამასთან, ინვესტირებისას რისკის სრულად გაქრობა არც შესაძლებელია და არც არის სწორი მიზანი. რისკი ინვესტირების განუყოფელი ნაწილია. მაგალითად, აქციები უფრო მერყევია, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ზრდის უფრო მაღალი პოტენციალიც აქვს. აქციების ბაზარი ყველაზე სწრაფად რეაგირებს მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური თუ ეკონომიკური შოკების მიმართ. მსგავსი მაგალითები ბოლო სამი წლის განმავლობაშიც საკმაოდ ხშირი იყო, რა დროსაც ვიხილეთ ჩვენს პორტფელში აქციების ფასების დროებითი შემცირება და ეს ყველაზე მეტად სწორედ დინამიკურ პორტფელზე აისახა. თუმცა ეს მერყეობა ხშირ შემთხვევაში მოკლევადიანია და კრიზისული პერიოდის გასვლის შემდეგ, ინვესტორების განწყობები უმჯობესდება და შესაბამისად იზრდება აქციის ფასებიც.

- რომ შევაჯამოთ განვლილი 7 წელი, ინვესტირების პროცესის დაწყებიდან დღემდე, რამდენად გაიზარდა საზოგადოებაში სქემასთან მიმართებით ინფორმაცია? როგორია მათი ქცევა საპენსიო დანაზოგების მართვის კუთხით და ასევე, რამდენადაა მათ მიერ საკუთარი ფინანსური აქტივების მართვის ინტერესი გაზრდილი?

- 7 წლის შემდეგ ვხედავთ, რომ დაგროვებითი პენსია ადამიანებისთვის სულ უფრო ხელშესახები ხდება. 2026 წლის 31 აგვისტოსთვის დაგროვებითი პენსიით უკვე 35,793-მა ადამიანმა ისარგებლა და მათზე ჯამურად 185 მილიონ ლარზე მეტი იყო გაცემული. ამასთან, იზრდება იმ ადამიანების ინტერესიც, რომლებიც საკუთარ საინვესტიციო პორტფელს თავად ირჩევენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რადგან ნიშნავს, რომ მონაწილეები უფრო მეტად ინტერესდებიან არა მხოლოდ იმით რამდენი თანხა აქვთ ანგარიშზე, არამედ იმითაც, როგორ არის ეს თანხა ინვესტირებული და რა განსხვავებაა სხვადასხვა პორტფელს შორის.

რა თქმა უნდა, ფინანსური განათლების მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი. ჩვენი მიზანია, რომ მონაწილემ არა მხოლოდ იცოდეს, რომ მას საპენსიო ანგარიში აქვს, არამედ ესმოდეს რა ახდენს გავლენას მის საპენსიო დანაზოგზე, როგორ იზრდება, რა სარგებელი ერიცხება, რა რისკებთანაა დაკავშირებული და სხვა.

ქეთი გიგოლაშვილი

„ინტერპრესნიუსი“

NS