„შატო მუხრანში“ ღვინის და კინოს ფესტივალი Winecast ჩატარდა
ზაფხულის მიწურულს, სევდის მომგვრელი დღეები ქართველ კინომანებს „შატო მუხრანში“ გამართულმა ღვინის და კინოს ფესტივალმა, “Winecast”-მა გაუფერადა. რთულია გიყვარდეს კინო, შენს ქვეყანაში ტარდებოდეს უმაღლესი დონის კინოფესტივალი და შენ მაინც მოწყენილი იყო, თუნდაც იმ ძალიან გასაგები მიზეზის გამო, რომ მალე ზაფხული აღარ იქნება და ისევ უაზროდ ბევრი ტანსაცმლის ჩაცმა მოგიწევს, ჩამობნელებულ დღეებში. „Winecast”-ის კინო-დღეები იმდენად ფერადი და ნათელი იყო, რომ ძალიან დიდხანს შეუძლია დააკომპენსიროს მომავალი დროების ერთფეროვნება. თანაც საკითხი დაახლოებით ისე იდგა, მელომანებს რომ უეცრად შეეტყოთ, რომ „ვუდსტოკი“ ბრუნდება, მაგრამ იქ კიარა, აქ, აქ იქნება და მთავარი ჰიპებიც აქაურები იქნებიან, ქართული გვარებით და არა რობინსონები, ანდაც სტოუნები...
ფესტივალის კინო-დღეები ყველანაირი გემოვნების მქონე ადამიანს დააკმაყოფილებდა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ფესტივალზე მოხვერილ ფილმთა სია ეკლექტური იყო და არ იყო გათვლილი კონკრეტულ სეგმენტზე. მსგავსი კატეგორიზება მხოლოდ იმ უცხოურ ფილმებს შეეხებოდა, რომლებშიც მთავარი გმირი ღვინო იყო. ამასთან ისიამოვნებდნენ ის ადამიანები, ვისაც კინოსგან მშვიდად, სულიერი სიამოვნების მიღება მიღების და მისით აღფრთოვანების სურვილი აქვს და ისინიც, ვინც კინოს სიყვარულთან ერთად ექსტრემალური შეგრძნებების და შეჯიბრებების მოყვარულია. პირველი კატეგორიის მაყურებლისთვის იყო მშვიდი ტყე, მარანი, ღვინო და პუფები, ხოლო მეორე კატეგორიისთვის კონკურსი, რომელსაც საუკეთესო ფილმები უნდა გამოევლინა.

“Winecast”-ზე საკონკურსოდ მოხვედრილ ფილმებს, შეგვიძლია ერთგვარი „მოკლე სიაც“ ვუწოდოთ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ იყო ეს სია მოკლე, ეს ფილმები სელექციონერების მიერ იქნა არჩეული სხვა ფილმებს შორის და ცხადია, ფესტივალის საკონკურსო ეტაპამდე მოსახვედრადაც მინი კონკურსი განვლო, რაც იმმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ფილმი, რომელიც “Winecast”-ზე იყო წარმოდგენილი, რაღაც დოზით უკვე წარმატებულია.

კონკურსის საფესტივალო მოდელში უმაღლესი ხარისხის არბიტრაჟი მიმდინარეობდა. კონკურსი გაიმართა საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი, სრულმეტრაჟიანი და საუკეთესო ფილმი ღვინოზე, გამოსავლენად. თითოეულ კატეგორიას, საკუთარი ჟიური ჰყავდა. ღვინის შესახებ გადაღებული საუკეთესო ფილმი, ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა, ლევან კიტიამ, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა, მეღვინემ, შალვა ხეცურიანმა და ცნობილმა ქართველმა სომელიემ, თეონა თოხაძემ გამოავლინეს. მათი რჩეული, ფრანგი რეჟისორის, ლეო ბუდეს „მრისხანების ბორცვები“ გახდა. თუმცა ასევე ჰყავდათ ორი რჩეულიც, რომლებმაც ჯილდოდ მიიღეს „ჟიურის განსაკუთრებული აღნიშვნა“. ესენი იყო, ჯაკომო არიგონის „ცნობილი ადამიანების ღვინოები“ და ხავიერ კალვოს „ზღვის ღვინო (კარინენა)“.

არაქართული შემადგენლონა ჰყავდა სრულმეტრაჟიანი კინოს ჟიურის. ორკაციანი ჟიური შედგებოდა “Cineuropas”-ს დირექტორის, ვალერიო კარუზოსა და ბრიტანელი დოკუმენტალისტის, რობინ ფორესტიე-ვოლკერისგან. მათი მთავარი რჩეული ტატო კოტეტიშვილის „წმინდა ელექტროენერგია“ გახდა. „ჟიურის განსაკუთრებული აღნიშვნა“ კი, დაიმსახურა ირანელმა რეჟისორმა, ამინ ფალამ, ფილმისთვის „შირინის მწარე ცრემლები“
საოცრად დიდი იყო კონკურენცია მოკლემეტრაჟიანი ფილმის კონკურსზე და იმ საკმაოდ რთულ მისიას, რომ გამარჯვებული გამოვლენილიყო, თავი რეჟისორებმა ქეთი მაჭავარიანმა, კოტე ჩლაიძემ და პაპუნა მოსიძემ გაართვეს. მარათონული შეჯიბრება გიორგი ფარქოსაძის გამარჯვებით დასრულდა და მისი ფილმი - „ყვავილი გზის პირას“ საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმად დასახელდა.
“Winecast”-ის კინო-კულმინაცია ლეგენდარული ქართველი რეჟისორის, ლანა ღოღობერიძის სტუმრობა იყო. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი შემოქმედის სტუმრობას, მისი ფილმის - „აურზაური სალხინეთში“ - ჩვენება დაემთხვა. სიმბოლურია, რომ ჩვენების დღეს, ანუ 24 აგვისტოს, ამ ფილმს 50 წელი შეუსრულდა. საფესტივალო დღის მიწურულს, ქალბატონ ლანას ფესიტვალისგან გადაეცა სპეციალური, საპატიო ჯილდო, კინემატოგრაფიაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის.
ავტორი ლილი ლაზარიაშვილი
R