25 ცვლილება, რომელიც საქართველოში 2025 წლიდან ამოქმედდება - ეს ეხება სატრანსპორტო მიმართულებას, საბანკო მომსახურებებს და ა.შ. | Allnews.Ge

25 ცვლილება, რომელიც საქართველოში 2025 წლიდან ამოქმედდება - ეს ეხება სატრანსპორტო მიმართულებას, საბანკო მომსახურებებს და ა.შ.

2025 წელს საქართველოში მთელი რიგი ცვლილებების განხორციელებაა დაგეგმილი. წლის განმავლობაში განსახორციელებელი ცვლილებები ეხება სატრანსპორტო მიმართულებას, ტურისტულ საქმიანობას, საბანკო მომსახურებებს და ა.შ.

გთავაზობთ ცვლილებებს, რომელიც 2025 წელს ამოქმედდება:

საჯარო დაწესებულებებში ხელფასები იზრდება

2025 წლის 1-ლი იანვრიდან საჯარო სამსახურში დასაქმებულ ყველა პირს ხელფასები 10%-ით გაეზრდება.

მომავალი წლიდან გაიზრდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურებაც. იმ თანამდებობის პირებს შორის, რომელთა ანაზღაურებაც ყველაზე მეტად გაიზრდება, არიან პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, კომიტეტის თავმჯდომარეები; პარლამენტის წევრები და ა.შ.

გარდა ამისა, 1-ლი იანვრიდან ხელფასები 10%-ით ეზრდებათ პოლიციელებს და ჯარისკაცებს. 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის და მანდატურის ხელფასების 10%-იანი ზრდაც; ასევე დაგეგმილია საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების მატებაც.

პენსიები იზრდება

2025 წლის იანვრიდან ასაკობრივი პენსია 35 ლარით გაიზრდება. კერძოდ, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია თითქმის 540 ლარს გაუტოლდება.

რაც შეეხება 70 წლამდე პირთა პენსიას, ასევე 35 ლარით გაიზრდება და განისაზღვრება 350 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 70 წლამდე პენსიონერები უკვე მომავალი წლიდან 420 ლარს მიიღებენ.

სესხის აღებასთან დაკავშირებით ცვლილებები შედის ძალაში

2025 წლის 1-ლი იანვრიდან სესხის აღებასთან დაკავშირებით ცვლილებები ამოქმედდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანების მიხედვით, მოქალაქეები, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ, 500 000 ლარამდე სესხის აღებას მხოლოდ ლარში შეძლებენ.

სასოფლო-სამეურნეო კულტურების სერტიფიცირება სავალდებულო ხდება

2025 წლის 1-ლი იანვრიდან სასოფლო-სამეურნეო კულტურების სერტიფიცირება სავალდებულო ხდება. სავალდებულო სერტიფიცირების ნუსხა მოიცავს თითქმის ყველა ძირითად მარცვლოვან კულტურასა და ბოსტნეული/ბაღჩეულის სახეობებს. მათ შორის: შვრია, ქერი, ბრინჯი, ჭვავი, ხახვი, ნიორი, სატაცური, ყვავილოვანი კომბოსტო, ნესვი, საზამთრო, გოგრა, პომიდორი და სხვა.

ცნობისთვის, 2024 წლის 1-ლი ივნისიდან უნდა ამოქმედებულიყო დადგენილება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნუსხა, რომელთა სერტიფიცირებაც სავალდებულო უნდა გამხდარიყო, მაგრამ ცვლილებების ამოქმედება 2025 წლის 1-ელ იანვრამდე გადაიდო.

თვითნებურად დაკავებულ მიწებს მოქალაქეები უფასოდ დაიკანონებენ

თვითნებურად დაკავებულ მიწებს მოქალაქეები უფასოდ დაიკანონებენ. დადგენილების თანახმად, მოქალაქეები თვითნებურად დაკავებული მიწების რეგისტრაციას 2025 წლის 1-ლი იანვრიდან 2026 წლის 1-ელ იანვრამდე შეძლებენ.

სასოფლო-სამეურნეო მიწის სისტემური რეგისტრაცია გრძელდება

სასოფლო-სამეურნეო მიწის სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამის ვადა გახანგრძლივდა. უფრო კონკრეტულად, სასოფლო-სამეურნეო მიწების უფასო რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში, პროცესი 2025 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა დასრულებულიყო. 2024 წლის 1-ლი ნოემბრის დადგენილების თანახმად კი, სისტემური რეგისტრაცია 2026 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება.

სტომატოლოგიურ კლინიკებს ახალი ვალდებულებები უჩნდებათ

2025 წლის 1-ლი იანვრიდან, სტომატოლოგები ვალდებულები იქნება უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში ჩაერთონ და ტრენინგებზე დასწრებით ყოველ წელს 20 ქულა დააგროვონ.

დადგენილების თანახმად, ტრენინგები მათ შორის უნდა მოიცავდეს ისეთ საკითხებს, როგორიც არის გადაუდებელი მდგომარეობების და ალერგიული რეაქციებით გამოწვეული შემთხვევების მართვა.

432-ე დადგენილებაში არ არის განსაზღვრული სანქციის ზომა და მოცულობა, ასევე ის სამართლებრივი შედეგი, რაც სავალდებულო მოთხოვნის შეუსრულებლობის შედეგად დადგება.

ზედმეტი ხმაურის შემთხვევაში ავტომობილები დაჯარიმდებიან

2025 წლის 1-ლი იანვრიდან ავტომობილები ზედმეტი ხმაურის შემთხვევაში დაჯარიმდებიან. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას აღემატება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ჯარიმა განმეორების შემთხვევაში 200 ლარი, ხოლო ყოველი შემდეგი შემთხვევისა, 300 ლარით არის განსაზღვრული.

პიროტექნიკის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება

საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია სპეციალური ნებართვა/ლიცენზიის საფუძველზე იქნება დასაშვები.

ახალი რეგულაციებისა და აკრძალვების ნაწილის ამოქმედება 2025 წლის 1-ლი თებერვლიდან იგეგმება, ნაწილი კი 1-ლი აპრილიდან შევა ძალაში.

ცვლილებების კიდევ ერთი ნაწილია ის, რომ დემონსტრანტს, მანიფესტაციის დროს, პიროტექნიკის ქონის უფლება არ ექნება. კერძოდ, შეკრებების დროს, აკრძალული ნივთების ისეთ ჩამონათვალს, როგორიცაა: ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება და ცივი იარაღი, პიროტექნიკური ნაწარმიც დაემატება.

გარკვეული ტრანსპორტი სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის გამოყენებაზე შემოწმდება

2025 წლიდან გზისპირა ზონებში, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო გადამზიდავების საგზაო ინსპექტირება განხორციელდება. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები 2025 წლის 4 იანვრიდან ამოქმედდება. ცვლილება არ გავრცელდება მსუბუქ ავტომობილებზე.

ცვლილების თანახმად, M2, M3, N1, N2, N3, O3, O4 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების შემოწმებას შსს-ს დახმარებით განახორციელებს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირი.

შემოწმების შედეგად გამოვლენილი ისეთი დარღვევების შემთხვევაში კი, როგორიცაა: სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გაუმართაობა, სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესების დარღვევა, მძღოლის შრომისა და დასვენების რეჟიმის დარღვევა, საკონტროლო მოწყობილობის ელექტრონული ბარათის გამოუყენებლობა, საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტის გამოყენების წესების არ დაცვა, ტვირთის ძარაზე დამაგრების წესების დარღვევა, გამოიწვევს ჯარიმას 300-დან 5000 ლარამდე ჯარიმას. იხილეთ სრულად