შეიძლება თუ არა, რომ მშობლების ქონება მხოლოდ ერთ შვილს დარჩეს და რა სხვაობაა ჩუქებასა და ანდერძით დატოვებულ ქონებას შორის?
მშობლის ან ბებია-პაპის ქონებების მემკვიდრეებს შორის დავები ხშირად წარმოიშობა. მაგალითად, მაშინ, როცა ქონება მხოლოდ ერთ შვილს ან შვილიშვილს რჩება. რას ამბობს კანონი ოჯახის წევრებს შორის ქონების გაფორმებაზე, ჩუქებასა თუ მემკვიდრეობით მიღებაზე - ამ საკითხებზე შეკითხვებს ადვოკატი ვახტანგ მაჭავარიანი პაუხობს:
- აქვს, თუ არა მშობელს უფლება, ქონება მხოლოდ ერთ შვილს გადაუფორმოს?
- სიცოცხლეში თუ მშობელი ერთ შვილს აჩუქებს ქონებას და მის გარდა სხვა არანაირ ქონებას არ ფლობს, მაშინ სხვა შვილები ვერაფერს მიიღებენ. თუ მეტი სამკვიდრო არ გააჩნია, შესაბამისად იმის გაყოფა ვერ მოხდება, რაც უკვე ნაჩუქარია. მაგრამ, თუ აღმოჩნდა, რომ იმ ქონების გარდა, რაც, პირობითად, ერთ შვილს აჩუქა, სხვა ქონებაც გააჩნია, დანარჩენ პირველი რიგის მემკვიდრეებს შეუძლია, იმ ქონების სამკვიდროში ჩართვის საკითხი დააყენონ, რომელიც დარჩა. უკეთესად რომ წარმოვიდგინოთ: მაგალითად, პავლეს სამი შვილი ჰყავს და 2 სახლი აქვს. აქედან 1 სახლი მხოლოდ 1 შვილს აჩუქა და 1 წელიწადში დაიღუპა. სამკვიდრო ხომ დარჩა მეორე სახლის სახით. შესაბამისად, დანარჩენ შვილებს შეუძლიათ, დააყენონ პრეტენზია და თქვან, რომ ის, რაც 2 წლის წინ აჩუქა შვილს, ის ჩაითვალოს სამკვიდროდ და დარჩენილი სამკვიდრო თანაბრად განაწილდეს. თუ ამ მაგალითში, ადამიანს 1 სახლი აქვს და სიცოცხლეში მხოლოდ 1 შვილს აჩუქებს, სხვა შვილები ქონებაზე ვეღარ იდავებენ.
რაც შეეხება გარდაცვალებასა და ანდერძს, თუკი პირი ანდერძით მხოლოდ 1 შვილს უტოვებს ქონებას, პირველი რიგის მემკვიდრეებს მაინც ეკუთვნით იმ ქონების ნახევარი, რაც უნდა მიეღოთ იმ შემთხვევაში, ანდერძი რომ არ ყოფილიყო. მაგალითად, თუ ანდერძში წერია, რომ ქონება მთლიანად 1 შვილს გადაეცემა, ის სრულ ქონებას ვერ მიიღებს. ის მიიღებს ნახევარს, ხოლო დარჩენილი ნახევარი ეკუთვნის სხვა პირველი რიგის მემკვიდრეებს.
- ქონება გოგონაზეც და ბიჭზეც (შვილებზე) თანაბრად ნაწილდება?
-კანონმდებლობა გენდერულ დაყოფას არ ცნობს - ქონება თანაბრად ნაწილდება გოგონებზეც და ბიჭებზეც. სქესს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
- თუ მეუღლეს პირველი და მეორე ქორწინებიდანაც ჰყავს შვილები, ასეთ დროს მისი ქონება თანაბრად ნაწილდება, თუ რაიმე ტიპის რიგითობაა დაცული?
- შვილი შვილია და რიგითობას მნიშვნელობა არ აქვს. ისინი პირველი რიგის მემკვიდრეებად ითვლებიან და ქონება თანაბრად ნაწილდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთი რიგის მემკვიდრეებზე ქონება თანაბარწილად ნაწილდება.
- შეუძლია თუ არა მშობელს ან ბებია-ბაბუას არასრულწლოვან შვილზე/შვილიშვილზე წინასწარ გააფორმონ ქონება?
- დიახ, გაჩუქება შეუძლიათ.
- თუ ბავშვი მცირეწლოვანია, ამ ქონების განკარგვის უფლება მის სრულწლოვანებამდე ვის რჩება?- არასრულწლოვანის სახელზე შესაძლებელია, რომ ქონება დარეგისტრირდეს. ამ ქონების განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ბავშვის მეურვეს ან მშობელს ამ ქონების განკარგვა შეუძლია მხოლოდ სასამართლოს დასტურით.